Facebook Twitter

ბს-15-15(კ-07) 27 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე,),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ფოთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, წარმომადგენელი – მ. რ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ.-ა, წარმომადგენელი – ნ. ტ.-ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 19 დეკემბერს მ. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ქ. ფოთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003 წლის 13 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა შპს ,,ფ.-ის”, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 63,35% წილი, მდებარე ქ. ფოთში ...-ას ქუჩა ¹5-ში. ხელშეკრულების 2.1 მუხლის შესაბამისად ქონების ფასი შეადგენდა 49949.9 აშშ დოლარის შესაბამის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მათ შორის ქონების ღირებულება წარმოადგენდა 10353.12 აშშ დოლარს, ხოლო მიწის ღირებულება შეადგენდა 39596.78 აშშ დოლარს. ფაქტობრივად მოსარჩელის მიერ გადახდილია 5300 აშშ დოლარით მეტი, ვიდრე ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, რაც გამოწვეული იყო გამყიდველის დაჟინებული მოთხოვნით.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხელშეკრულების 6.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებები და დამატებები ძალაშია, თუ გაფორმებულია წერილობით და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. მოცემულ შემთხვევაში დამატებითი თანხების მოთხოვნა გამყიდველს უნდა შეეთანხმებინა მყიდველთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირმა, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა, გარდა ამისა 991-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჩ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ 5300 აშშ დოლარის შესაბამისი თანხის ლარებში გადახდა, გადახდის დროისთვის არსებული კურსის შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას და უცვლელად დატოვა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც: “პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს.”

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მ. ჩ.-მ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 49949,9 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, უკვე აღარ არსებობდა დამატებითი 5300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად: “პირი რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა... ...მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.”

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, გადასაწყვეტ დავას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რაც, მისივე მითითებით წარმოადგენდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს.

ქ. ფოთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება.

კასატორის აზრით, სასამართლომ იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა და არ გამოიყენა კანონი, რომლის გამოყენებაც მიიყვანდა საქმეს მართებულ დასასრულამდე, კერძოდ, სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე ქვეპუნქტს, რომლის თანახმად: ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს.”

კასატორის მტკიცებით, ასევე არასწორია სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის გამოყენება, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო კი არ გამდიდრებულა, მან მიიღო ზუსტად ის თანხა, რაც წილის შესასყიდად იყო საჭირო.

სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მესამე პუნქტით, რომლის შესაბამისად, არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების სხვისთვის გადაცემის ან სხვა საფუძვლის გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.

ზემოაღნიშნულ საფუძვლებზე კასატორი მოითხოვდა აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ჩ.-ს სარჩელზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. ფოთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, რაც წარმოადგენს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

მ. ჩ.-მ 2003 წლის 13 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ფოთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსაგან შეიძინა ქ. ფოთში, ...-ის ქუჩა ¹5-ში მდებარე შპს ,,ფ.-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი 63,35%-ის ოდენობით.

ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის ღირებულება შეადგენდა 49949,9 აშშ დოლარის შესაბამის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მათ შორის ქონების 10353,12 აშშ დოლარს, ხოლო მიწის _ 39596,78 აშშ დოლარს, იმავე პუნქტში მიწის ღირებულება დაფიქსირდა ლარებში და განისაზღვრა 86123 ლარით.

დადგენილია, რომ მ. ჩ.-ს მიერ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ წილის ღირებულებაზე 49949,9 აშშ დოლარზე ზემოთ გადახდილია 5300 აშშ დოლარი, რის გადახდასაც მ. ჩ.-ა მიიჩნევს უკანონოდ და სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლზე დაყრდნობით ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოსა და პროცესუალური მოწინააღმდეგის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. ჩ.-ს მიერ ქონების შეძენისას გადახდილია ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფასზე 5300 აშშ დოლარით მეტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების ზემომითითებულ მუხლს და აღნიშნავს, რომ მ. ჩ.-ს მიერ შეძენილი წილი მოიცავდა როგორც ქონებას, ასე მიწის ნაკვეთს. ამასთან, ხელშეკრულების შესაბამისად, ქონების ღირებულება დაფიქსირდა აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხაში, ხოლო რაც შეეხება მიწის ღირებულებას, აღნიშნული განისაზღვრა როგორც დოლარში ისე ლარში, საგულისხმოა, რომ მიწის ღირებულება ლარში განისაზღვრა მოჭრილი თანხით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოტივაციას და აღნიშნავს, ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთის ღირებულების ცალსახად ლარში მითითება და ამავე ოდენობის თანხის გადახდის მოთხოვნა განპირობებულია მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის თავისებურებით. ქვეყანაში სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესს ადგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობრივი ბრძანება ,,საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსირების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის შესახებ”. მითითებული ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსებსა და ტერიტორიულ ზონებს, სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს ან წლიურ საიჯარო ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.

მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის კრიტერიუმად მიიჩნევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 კარის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზრო განაკვეთი _ 0,24 ლარი და რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის _ 20-ს.

ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლისა და მთლიანად მითითებული ბრძანების ანალიზი ცხადყოფს, მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელიც უფლებამოსილი არ არის გადაუხვიოს ერთობრივი ბრძანებით დადგენილ დაანგარიშების მეთოდოლოგიას, რომლითაც მიწის ფასი დგინდება ეროვნულ ვალუტაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მ. ჩ.-ს მიერ შესყიდული წილის ღირებულება ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 49949,9 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული ვერ იქცევა მიწის ღირებულების განმსაზღვრელად, ვინაიდან ამ უკანასკნელის დაანგარიშების მეთოდიკის გათვალისწინებით, პრიმატი ენიჭება ლარებში მითითებული თანხის ოდენობას, რომლის სხვაობაც, მოცემულ შემთხვევაში, განპირობებულია კურსთაშორისი სხვაობით.

ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის სარჩელში დაყენებული მატერიალური ნორმების გამოყენების სამართლებრივი წანამძღვრები, რაც იძლევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ფოთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ჩ.-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

4. მ. ჩ.-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 442 ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება