საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1529-1486(კ-08) 15 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შპს ,,მ.-ს” სარჩელისა გამო მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის მიმართ დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდევინების შესახებ.
ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შპს ,,მ.-მ” 2006 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული დავალიანების გადახდა.
თბილისის საქალაქო სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შპს ,,მ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე _ ქალაქ თბილისის მერიას მოსარჩელის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შპს ,,მ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 10 576,00 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინებით თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქალაქ თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მერიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 13 ოქტომბერს (ს.ფ. 254), შესაბამისად ქალაქ თბილისის მერიისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2008 წლის 14 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 14 ნოემბერს რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი. საქმის მასალებით დგინდება, რომ საკასაციო საჩივარი ქალაქ თბილისის მერიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 17 ნოემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერიამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად იქნეს დატოვებული ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.