Facebook Twitter

¹ბს-153-143(კკ-07) 19 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) – თ. კ.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (კასატორი) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 17 თებერვალს თ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1990 წლის ნოემბერში საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიამ იგი დაამტკიცა ...-ის თანამდებობაზე და ამ უფლებამოსილებას ახორციელებდა 1992 წლის 6 იანვრამდე.

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში განხორციელდა შეიარაღებული გადატრიალება, რის შედეგადაც ფუნქციონირება შეწყვიტა სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოებმა. მან ფიზიკური განადგურებისაგან თავის დაღწევის მიზნით, 1992 წლის თებერვლაში დატოვა სამშობლო და გაემგზავრა ქ. ...-ში. 1994 წლიდან 2001 წლამდე კი ცხოვრობდა ...-ის რესპუბლიკაში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფრი. საქართველოში დაბრუნდა 2001 წელს.

1992 წლის თებერვალში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით დატაცების ფაქტზე, მოგვიანებით კი აღნიშნული საქმე შეწყდა, მის ქმედებაში დანაშაულებრვი ნიშნების არარსებობის გამო. 1992 წლის აგვისტოში მის მიმართ კვლავ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ამჯერად ბრალდება მოიცავდა ისეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, როგოროცაა: ტერორისტული აქტი, ბანდიტიზმი, სამშობლოს ღალატი, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ა.შ. მოსარჩელის მოსაზრებით, მასზე სისხლისამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა იმ მიზეზით, რომ იგი იყო საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მთავრობის წევრი.

2005 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ¹1104 დადგენილება ,,1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ”. Aამ დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს - საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ამასთან, რეპრესირებულ პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, რეპრესირებულად ითვლებოდა ის პირიც, ვინც განიცადა დევნა-შევიწროვება 1991-92 წლების მოვლენებთან დაკავშირებით და ეს დევნა გამოწვეული იყო მისი პოლიტიკური მრწამსით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტის მითითებული დადგენილება და კანონში განხორციელებული დამატება პირდაპირ ეხებოდა მის პიროვნებას, ვინაიდან 1990 წლის ნოემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე იგი იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, ხოლო 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ კი იქცა დევნილად და იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ მისი სამუშაო კაბინეტიდან და ...-ის სამთავრობო აგარაკიდან საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების მიერ ნაწარმოები ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა და უკვალოდ გაქრა მისი კუთვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილი ,,თ-ის” კინოფირები, რაც გამზადებული იყო გაქირავებისათვის. Aასევე ეჭვი აქვს, რომ ... დეპარტამენტის ტელეფილმების არქივიდან გატაცებულ იქნა მის მიერ გადაღებული და ტელევიზიის ბალანსზე რიცხული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,ბ.-ა”. ამგვარი ეჭვის საფუძველს აძლევს ის გარემოება, რომ იგი 14 წლის მანძილზე არც ერთხელ არ გასულა ტელეეკრანზე.

Yყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა რეპრესირებულ პირად აღიარებას, ვინაიდან მისი სამშობლოდან დევნილობაში გაძევება მოხდა ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალების გზით, დევნილობა კი დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ მრწამსთან. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის, მისთვის როგორც რეპრესირებულისათვის, კანონით გათვალისწინებული ყოველთვიური პენსიის გადახდასა და სხვა სოციალური შეღავათების გავრცელების დაკისრება-დავალდებულებას. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ,,თ.-ს” ღირებულების სრული მოცულობით 5000000 ევროს ეკვივალენტი ლარებში, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ბ.-ს” ღირებულების კი, ნაწილობრივ - 500 000 ევროს ეკვივალნეტის ლარებში, მიუღებელი ხელფასის ყოველთვიურად ანაზღაურებას მის მიერ დაკავებული თანამდებობის დღევანდელი შესაბამისი თანამდებობის პირის ხელფასის ოდენობით 1500 ევროს ექვივალენტი ლარებში გადახდას. დევნილობაში გატარებული წლებისათვის 14-წლიანი მორალურ-ფსიქოლოგიური ტანჯვისათვის, მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 15 200 000 ევროს გადახდასა და პირვანდელ თანამდებობაზე დანიშვნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე თ. კ.-ის სარჩელის გამო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიმართ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების, მასზე სოციალური შეღავათების გავრცელებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიმართ და ასევე სახელფასო განაცდურის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით თ. კ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. კ.-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, პოლიტიკური მოტივით თანამდებობიდან უკანონოდ დათხოვნის გამო, ხოლო მოსარჩელეს დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ.-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

აპელანტი თ. კ.-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

Mმეორე აპელანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად: ,,პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა – სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასათან, ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.” საქმეში წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის ...-ის 1992 წლის 6 იანვრის ¹4-კ ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელე თ. კ.-ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს რეპუბლიკის შრომითი კანონმდებლობის 32-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული ბრძანება არ გაუქმებულა უკანონობის მოტივით და ის დღესაც კანონიერ ძალაშია.

ამასთან, აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების ფაქტი. შესაბამისად, თ. კ.-ის მიმართ ადგილი არ ჰქონია ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალიწინებულ შემთხვევებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით თ. კ.-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რესპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის შესაბამისად და ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე მოსარჩელე სწორედ იქნა აღიარებული პოლიტიკური რესპრესიების მსხვერპლად. თ. კ.-ის სამსახურიდან დათხოვნა დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ შეხედულებასთან, რაც გამოიხატებოდა ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერაში, ამასთანავე, სამსახურიდან დათხოვნა მოხდა არა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ არალეგიტიმური ორგანოს - სამხედრო საბჭოს განკარგულების საფუძველზე.

,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს არა მხოლოდ მსხვერპლად აღიარების წესს, არამედ ადგენს შესაბამის სამართლებრივ შედეგებსაც, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ფულადი ანაზღაურება, მაგრამ აღნიშნული ხორციელდება კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ განსაზღვრა მხლოდ არაქონებრვი (მორალური) ზიანის ოდენობა და არ მიუთითა, თუ რომელ საკანონმდებლო ნორმაზე დაამყარა მოთხოვნა და შესაბამისი მტკიცებულებებით არ დაადასტურა აღნიშნული.

სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების ნაწილის ფაქტობრივად უკავშირებს 14 წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნის გამო სამშობლოსაგან მოშორებით, საზღვარგარეთ, ცხოვრების ფაქტს. მოსარჩელის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე არამარეაბილიტირებელი საფუძვლით მიღებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება, როგორც უკანონო, მარეაბილიტირებელი საფუძვლით შეწყვეტის მოთხოვნით გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ითვალისწინებს ზიანის სრული ანაზღაურების პრინციპს, სწორედ ადამიანის უფებათა დარღვევის გამო, რასაც შედეგად მოსდევს არაქონებრვი ზიანი და ამდენად, მოცემული მოთხოვნის გადაწყვეტა კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელებული უნდა იქნეს სისხლის სამართალწარმოების წესით.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ.-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

Kკასატორი თ. კ.-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასრული შეფასება მისცა პოლიტიკურ რეპრესიას, რომელიც უშუალოდ განიცადა, კერძოდ, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარად შეზღუდვაც. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების დროს, მისი არა მარტო შრომითი უფლება ან მრწამსის თავისუფლება შეიზღუდა, არამედ სიცოცხლე, ჯანმრთელობა და პირადი თავისუფლება იდგა საფრთხის ქვეშ. საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით კი სიცოცხლე, თავისუფლება და პირადი ხელშეუხებლობა გარანტირებული ბუნებითი უფლებებია, რაზეც არც სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მართალია, არაქონებრივი ზიანისათვის შეიძლება მოთხოვილ იქნეს ფულადი ანაზღაურება, მაგრამ აღნიშნული ხორციელდება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელემ მხოლოდ განსაზღვრა არაქონებრივი (მორალური) ზიანის ოდენობა, თუმცა არ მიუთითა, თუ რომელ საკანონმდებლო ნორმაზე დაამყარა თავისი მოთხოვნა და შესაბამისი მტკიცებულებებით არ დაადასტურა აღნიშნული", რაც, კასატორის განმარტებით, არამართებულია, ვინაიდან, მისი განმარტებით, მან სააპელაციო სასამართლოს სწორედ ეროვნულ და საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმებზე მიუთითა.

სასამართლომ სავალდებულოდ ჩათვალა რა საქართველოს პარლამენტის მიერ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების ხასიათი, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება სხვა არაფერია, თუU არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემადგენლობა. საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასჯადად აცხადებს ამბოხებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ამკაცრებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ამბოხებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. შესაბამისად, იგი არის არა მარტო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, არამედ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისაგან დაზარალებული. იგი პირდაპირ დაზარალდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუU ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად". გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, “პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი". კანონმდებელი “პირის" ცნებაში გულისხმობს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე სახელმწიფოც, მით უფრო, რომ ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებისა და აქტიური მონაწილეების უმრავლესობა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არავითარი შეფასება არ მიუცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1995 წლის 29 ნოემბრის დეკლარაციისათვის “მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები დანაშაულთა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის". აღნიშნული პრინციპები სავალდებულოა საქართველოსათვის, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოსათვის, ასევე სსრკ-ს სამართალმემკვიდრისათვის (სსრკ-ის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა აღნიშნულ დეკლარაციას), რომლის რამდენიმე ძირითადი პრინციპის შესაბამისად:

,,ტერმინი “მსხვერპლი" გულისხმობს პირებს, ვისაც ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მიადგა ზიანი, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის დაზიანებას ან მორალურ ზიანს, ემოციურ განცდებს, მატერიალურ ზარალს ან ძირითად უფლებათა არსებით დარღვევებს ისეთი ქმედებების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად, რომლებიც არღვევს გაეროს წევრი სახელმწიფოების სისხლის სამართლის კანონმდებლობას”.

წინამდებარე დეკლარაციის შესაბამისად, ესა თუ ის პირი ითვლება “მსხვერპლად", მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა დადგენილი, დაპატიმრებული ან გასამართლებული სამართალდამრღვევი.

“მსხვერპლი" იმსახურებს ჰუმანურ მოპყრობას, მისი ღირსების პატივისცემას. მათ აქვთ უფლება, მიმართონ სასამართლოს და უსწრაფესად მიიღონ კომპენსაცია განცდილი ზიანისათვის ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.

აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა შეიქმნას და განმტკიცდეს სასამართლო და ადმინისტრაციული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც “მსხვერპლს" ეძლევა საშუალება, მიიღოს კომპენსაცია ოფიციალური ან არაოფიციალური პროცედურების მეშვეობით. აღნიშნული პროცედურები უნდა იყოს ოპერატიული, სამართლიანი, იაფი და ხელმისაწვდომი.

ტერმინი “მსხვერპლი" აგრეთვე გულისხმობს პირებს, ვისაც ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მიადგა ზიანი, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის დაზიანებას ან მორალურ ზიანს, ემოციურ განცდებს, მატერიალურ ზარალს ან ძირითად უფლებათა არსებით დარღვევებს ისეთი ქმედებების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად, რომლებიც ჯერ არ წარმოადგენს ნაციონალური სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევას, მაგრამ წარმოადგენს ადაიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.

სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ საკითხი, ნაციონალურ კანონმდებლობაში ისეთი ნორმების შეტანის შესახებ, რომლებიც კრძალავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ითვალისწინებს “მსხვერპლისათვის" დაცვის საშუალებებს. ასეთ საშუალებათა რიცხვს განეკუთვნებოდა რესტიტუციის უფლება და/ან კომპენსაცია, აგრეთვე აუცილებელი მატერიალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

კასატორის განმარტებით, თუ სასამართლო პირს აღიარებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ეს ნიშნავს, რომ პირმა დაუსაბუთებლად, პოლიტიკური ნიშნით განიცადა დევნა-შევიწროვება, როდესაც სახელმწიფო გმობს ანტიკონსტიტუციურ, შეიარაღებული სახელმწიფოს გადატრიალებას, ხოლო პირმა რეპრესია განიცადა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. მაშინ, ბუნებრივია, გადატრიალების შედეგად სამსახურიდან (უმაღლესი რანგის თანამდებობიდან) იარაღის ძალით გამოძევებულ პიროვნებასაც მიადგებოდა ზიანი, ასევე მორალური ზიანი მიადგებოდა ადამიანს, რომელიც იძულებული იყო სამშობლოდან გახიზნულიყო სიცოცხლის მოსპობის შიშით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად გაზიარებული საქალაქო სასამართლოს არგუმენტი, რომ: “მორალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით განსაზღვრულ საკანონმდებლო წესრიგში მოქცევა სასამართლოს ზღუდავს მისი მოქმედების ფარგლების დაუსაბუთებელი გაფორმებისაგან", აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

კასატორის მითითებით, მისი სამშობლოდან გამგზავრება მოხდა მას შემდეგ, რაც ლეგალური ცხოვრება შეუძლებელი გახდა დევნასა და ჩასაფრებების, დაპატიმრებისა და მკვლელობის შიშით. სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ აღიძრა საქართველოს დატოვებიდან 6 თვის შემდეგ. მორალური ზიანის ანაზღაურების მთხოვნა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებას, ხოლო სისხლისამართლებრივი დევნა, ამ გადატრიალების თანმდევი და მისგან გამომდინარე შედეგია.

კასატორის მოსაზრებით, მასზე უნდა გავრცელდეს ის სოციალური შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ".Y

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

მეორე კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ.-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორი გამოყენებისა თუ მისი მცდარი განმარტების თაბაზე და თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით თ. კ.-ი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ...-ის სახელმწიფო კომიტეტის ..-ედ. 1992 წლის 6 იანვარს შესასრულებლად მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 3 იანვრის განკარგულება ¹7, რის საფუძველზეც საქართველოს რესპუბლიკის ...-ის დეპარტამენტის 1992 წლის 6 იანვრის ¹4-კ ბრძანებით თ. კ.-ი გათავისუფლდა სამსახურიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რაც გამოიხატებოდა ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერაში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო თ. კ.-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება უსაფუძვლოა იმ ვითარებაში, როცა ძალაშია მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანება.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ მოსაზრებას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და თვლის, რომ თ. კ.-ის დათხოვნა მოხდა არალეგიტიმური ორგანოს _ სამხედრო საბჭოს განკარგულების საფუძველზე, რაც როგორც აღინიშნა უკავშირდებოდა ხელისუფლების სტრუქტურაში მის მუშაობასა და ლეგიტიმური ხელისუფლებისადი მის მხარდაჭერას. აღნიშნული გარემოების მტკიცების საფუძველს საკასაციო სასამართლოს აძლევს საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება “1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ", რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. ამავე დადგენილებით გადასინჯვას დაექვემდებარა სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელმწიფო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამს.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2005 წლის 24 ივნისს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის 1.2 მუხლის შესაბამისადაც, მითითებული კანონის მოქმედება გავრცელდა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრსკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.

იმავე კანონის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებით, სოციალური წოდებრივი ან რელიგიურ კუთვნილებასთან ან კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე კასატორს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ.-ი “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მართებულად იქნა აღიარებული პოლიტიკურ რეპრესირებულად.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მე-2 კასატორის თ. კ.-ის საკასაციო პრეტენზიას და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაზიარების კანონისმიერი საფუძველი,

საკასაციო სასამართლო ადასტურებს რა საერთაშორისო შეთანხმებების და დეკლარაციების შიდაკანონმდებლობაში გამოყენების სავალდებულობას, ყურადღებას მიაქცევს თავად კასატორის მიერ მითითებული “მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები დანაშაულთა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის" დეკლარაციის ნორმებს, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისადაც, მსხვერპლს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და უსწრაფესად მიიღოს კომპენსაცია განცდილი ზიანისათვის ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა შეიცავს მითითებას ნაციონალურ კანონმდებლობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში.

“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა შესახებ სპეციალური რეგულაციების შემცველი კანონი, მორალური კომპენსაციის საკითხს არ აწესრიგებს.

კომპენსაციის საკითხი მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით. საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ვითარების შეცვლის გამო თ. კ.-ის მიმართ დადგენილებით შეწყვეტილია სისხლისამართლებრივი დევნა. მითითებული დადგენილება მარეაბილიტირებული საფუძვლით შეწყვეტის მოთხოვნით გასაჩივრებულია თ. კ.-ის მიერ. მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ.-ს ექნება კანონისმიერი საფუძველი, მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას და თვლის, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრება არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.