¹ბს-154-144(2კ-07) 18 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ბ-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 5 ოქტომბერს ზ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის თებერვლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის .... მოვალეობის შემსრულებლად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 სექტემბრის ¹პ-1863 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2005 წლის 8 სექტემბრის ¹22-739/01 წერილი და მოსარჩელის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს .... თანამდებობაზე დანიშვნისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მითითებით, მან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, განცხადებაზე თარიღის მიუთითებლად. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ამავე ინსპექციის უფროსის მიერ დანერგილ პრაქტიკას წარმოადგენდა, რომ აღნიშნულ სამსახურში მისაღები ყველა კანდიდატი წერდა წარსადგენი თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რომელიც ბარდებოდა აღნიშნული ინსპექციის უფროსს. 2005 წლის 8 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა განაცხადა, რომ ზ. ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
2005 წლის 8 სექტემბერსვე მოსარჩელემ აღნიშნულ ფაქტზე სამსახურებრივი ბარათი დაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახელზე, სადაც მიუთითა, რომ მან სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს .... თანამდებობაზე დანიშვნისას, იმავე ინსპექციის უფროსის მითითებით, ისე რომ ხსენებულ განცხადებაზე არ იყო მითითებული თარიღი. ამასთან, განცხადება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ დაწერილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის სახელზე, მაშინ როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახელზე იწერებოდა. მოსარჩელემ სამსახურებრივი ბარათით ითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების შეჩერება, ვინაიდან აღნიშნული განცხადება არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 8 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს წერილი გაუგზავნა, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზ. ბ-ის განცხადება დაურთო. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დააკმაყოფილა აღნიშნული განცხადება და 2005 წლის 12 სექტემბრის ¹პ-1863 ბრძანებით გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს გადაცემული ჰქონდა ზ. ბ-ის სამსახურებრივი ბარათი.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას მისი ინიციატივით და ეს ინიციატივა ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იყო, ვინაიდან სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერილი იყო ზ. ბ-ის ნების საწინააღმდეგოდ. მოსარჩელეს სამსახურიდან წასვლის სურვილი არ ჰქონდა, რაც საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის ცნობილი იყო.
მოსარჩელის განმარტებით, იმ ფაქტს, რომ მას არ ჰქონდა სამსახურიდან წასვლის სურვილი, ადასტურებდა მის მიერ 2005 წლის 6 სექტემბერს დაწერილი განცხადებაც 2005 წლის 12 სექტემბრიდან შვებულებაში გასვლის შესახებ, რომლის დაკმაყოფილებაზეც თანხმობა წერილობით მიღებული ჰქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის მიმართ 2456,23 ლარის სახელფასო დავალიანება გააჩნდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 სექტემბრის ¹პ-1863 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის, ყოველთვიურად _ 1400 ლარისა და სახელფასო დავალიანების _ 2456,23 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ჩაებნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ი 2005 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 სექტემბრის ¹პ-1863 ბრძანებით კი მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონსაწინააღმდეგოდ და მისი ნების გარეშე, ვინაიდან დადასტურებული იყო, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ზ. ბ-მა დაწერა თავისი ნებით და მასზე რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, რასაც თვითონ მოსარჩელეც არ უარყოფდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზ. ბ-მა გამოხატა ნება-ინიციატივა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც ცალსახად იყო გამოხატული მისი ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც სამსახურის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მისი ნების არსებობას გამორიცხავდა 2005 წლის 6 სექტემბერს მის მიერ დაწერილი განცხადება 2005 წლს 12 სექტემბრიდან შვებულებაში გასვლის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები საჯარო მოსამსახურეს არ უკრძალავდა და არც ზღუდავდა, თუნდაც შვებულებაში ყოფნისას გამოეხატა ნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად ადმინისტრაცია არ იყო შეზღუდული, განეხილა ზ. ბ-ის განცხადება და დაეკმაყოფილებინა იგი.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება, რომ სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო მის მიერ 8 თვის წინ დაწერილი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული განცხადების დაწერის დროის განსაზღვრა.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებული იყო 2005 წლის 8 სექტემბერს და იგი გადაეგზავნა უფლებამოსილ თანამდებობის პირს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული იყო 2005 წლის 12 სექტემბერს და ის გარემოება, რომ ზ. ბ-ის სამსახურებრივი ბარათი ასევე დათარიღებული იყო 2005 წლის 12 სექტემბრით, არ წარმოადგენდა მოსარჩელის სასაჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი არ ავალდებულებდა ადმინისტრაციას გამოეკვლია გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა საჯარო მოსამსახურის ნების ნამდვილობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ზ. ბ-ის სამსახურიდან წასვლის სურვილი გამოხატული იყო წერილობით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზეც და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 30 სექტემბრის ცნობით დასტურდებოდა, რომ მითითებული დავალიანება წარმოიშვა მაშინ, როდესაც მოსარჩელე იმყოფებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან, შესაბამისად ამ მოთხოვნასთან მიმართებაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ზ. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით სახელფასო დავალიანების _ 2456,23 ლარის მოთხოვნის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ზ. ბ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 2456,23 ლარის გადახდა დაეკისრა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 12 სექტემბრის ¹პ-1863 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ზ. ბ-ის განცხადებაში მოსარჩელის ნების თავისუფალი გამოვლენის თაობაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტით.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან. ამასთან, ამ უკანასკნელს მოსარჩელის მიმართ 2456,23 ლარის სახელფასო დავალიანება გააჩნდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ზ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შესახებ, რის შედეგადაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ზ. ბ-ის 2005 წლის 8 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც იგი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების შეჩერებას ითხოვდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უგულებელყო და უკანონოდ გაათავისუფლა იგი სამსახურიდან.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2005 წლის 8 სექტემბრის წერილი და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზ. ბ-ის განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრირებულია ზ. ბ-ის სამსახურებრივი ბარათის შემდეგ, რაც დასტურდება მათი სარეგისტრაციო ნომრებით, კერძოდ, ზ. ბ-ის სამსახურებრივი ბარათის სარეგისტრაციო ნომერია _ 4386, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის წერილის სარეგისტრაციო ნომერი _ 5287.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, რათა გაერკვია ზ. ბ-ის სამსახურებრივ ბარათსა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მის განცხადებაში არსებული უზუსტობის შესაბამისობა მოსარჩელის ნამდვილ ნებასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გაერკვია, მოსარჩელის რეალური ნება.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მას სამსახურიდან წასვლის სურვილი არ გამოუხატავს. კასატორი განმარტავს, რომ მისი სამსახურებრივი ბარათი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 9 სექტემბრის რეზოლუციით წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს სამსახურიდან წასვლის სურვილი არათუ არ გამოუხატავს, არამედ აღნიშნული სამსახურებრივი ბარათით ზ. ბ-მა მოითხოვა მისი ზემოაღნიშნული განცხადების შეჩერება, რაზეც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზ. ბ-მა სამსახურებრივი ბარათით შეაჩერა გათავისუფლების შესახებ პირადი განცხადება მანამ, სანამ საქართველოს ფინანსთა მინისტრი გაათავისუფლებდა მას თანამდებობიდან. ამდენად, საქართველოს ფინანსთა მინისტრს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადებით აღარ შეეძლო.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, მიუთითა რა, რომ ზ. ბ-ს შესაძლებლობა ჰქონდა მოეთხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების გაუქმება, მეორე მხრივ კი შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ 2005 წლის 8 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით აღნიშნული განახორციელა მანამ, სანამ სამსახურიდან გაანთავისუფლებდნენ.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის შვებულებაში გასვლის ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან შვებულებაში გასვლის შესახებ ზ. ბ-ის 2005 წლის 6 სექტემბრის განცხადება ადასტურებდა, რომ იგი არ აპირებდა სამსახურიდან წასვლას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ “2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავდა გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისთვის გათვალისწინებულ თანხას. ამდენად, აღნიშნული დავალიანების გადახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაკისრებოდა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 და 9 მარტის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ბ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, აღნიშნული განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 18 აპრილამდე.
2007 წლის 16 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
2007 წლის 21 მარტს ზ. ბ-აც წარადგინა უზენაეს სასამართლოში მოსაზრება თავისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, ვინაიდან საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი.
2007 წლის 20 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე) უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი _ დასაშვები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად, ხოლო ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი _ დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძვლით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, აგრეთვე, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არ შეესაბამება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, რის გამოც ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრებით 2007 წლის 30 მაისს, 12.00 საათზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის ზ. ბ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 2456,23 ლარის დაკისრების ნაწილში;
3. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მხარეთა დასწრებით განხილულ იქნეს 2007 წლის 30 მაისს, 12.00 საათზე;
4. მოწინააღმდეგე მხარეს ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.