საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-154-150(კ-08) 22 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი/მ “ი. გ-ას” წარმომადგენლის გენადი წოწორიას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 12 თებერვალს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-154-150(კ-08) ი/მ “ი. გ-ას” წარმომადგენლის გ. წ-ას საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ი/მ “ი. გ-ას” წარმომადგენლის გ. წ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 397.1. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 1 (ერთი) თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ი/მ “ი. გ-ას” გაეგზავნა 2007 წლის 17 ივლისს და ჩაჰბარდა 2007 წლის 24 ივლისს /იხ. ს.ფ 180; 182/, ხოლო ი/მ “ი. გ-ას” წარმომადგენელს გ. წ-ას სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2007 წლის 12 ოქტომბერს, მაგრამ სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე ვერ იქნა უზრუნველყოფილი გზავნილის ჩაბარება (იხ. ს.ფ. 184-186).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაცულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და 13.4 მუხლების მოთხოვნები და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა მხარესაც და მის წარმომადგენელსაც, შესაბამისად, სსსკ-ის 70.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება ერთ ერთი მათგანისათვის განჩინების ჩაბარების შეთხვევაში, საქმის მასალების თანახმად კი, მოცემულ შემთხვევაში, მხარეს ი/მ “ი. გ-ას” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 24 ივლისს (იხ. ს.ფ. 182). ამასთან, მისი წარმომადგენლისათვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის რამოდენიმეჯერ გაგზავნის მიუხედავად ვერ იქნა უზრუნველყოფილი ჩაბარება, რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარებულად ითვლება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მითითებული გარემოებების გამო, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი ერთ თვიანი საპროცესო ვადის დაცულად მიჩნევის საფუძველს არ წარმოადგენს საქმეში არსებული ხელწერილი, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ასლი ი/მ “ი. გ-ას” წარმომადგენლისათვის გადასაცემად ჩაიბარა ვინმე ა. ბ-ამ (იხ. ს.ფ. 191) და მიაჩნია, რომ 2008 წლის 31 იანვარს საკასაციო საჩივარი შემოტანილ იქნა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ “ი. გ-ას” წარმომადგენლის გ. წ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 397.1. მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ “ი. გ-ას” წარმომადგენლის გ. წ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.