ბს-155-145(კ-07) 1 აგვისტო, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ტ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდირების სააგენტო)
მესამე პირი _ საქართველოს პარლამენტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ტ. ხ-მა მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹726 დადგენილებით მისი, როგორც უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის უკანონოდ ცნობა, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და დარჩენილი, უკანონოდ შეწყვეტილი სადეპუტატო უფლებამოსილების 4 წლის პერიოდში მიუღებელი ფულადი გასამრჯელოს ანაზღაურება (ს.ფ. 2-4).
2005 წლის 23 სექტემბერს ტ. ხ-მა იმავე სასამართლოში განცხადება წარადგინა, სადაც საქმეზე მოპასუხედ საქართველოს პარლამენტთან ერთად დაასახელა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. ამასთან, მოსარჩელემ უკანონოდ შეწყვეტილი სადეპუტატო უფლებამოსილების 4 წლის პერიოდში გასამრჯელოს მიუღებლობის გამო მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრა 213 235 ლარით (ს.ფ. 10-11).
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ტ. ხ-ი იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი 1990-1991 წლებში. 1991 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო ¹726 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ”. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე 1991 წლის 8 ოქტომბერს მას ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა პოლიტიკური მოტივების საფუძველზე უხეშად არღვევდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონს, გარდამავალ პერიოდში მოქმედი დროებითი კონსტიტუციის 102-ე მუხლს, აგრეთვე ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველ ნაწილს, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტს. მითითებული დადგენილება არ შეესაბამებოდა არც “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-5 მუხლისა და “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის შესახებ” 1991 წლის 27 თებერვლის კანონის მოთხოვნებს. დადგენილების უკანონობაზე მიუთითებდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონის მე-2 პუნქტი. მითითებული დადგენილებით იგნორირებულ იქნა საერთაშორისო სამართლის პრინციპები, დაირღვა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებები. ამგვარ უკანონობათა მოწესრიგების მიზნით მიღებულ იქნა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 2005 წლის 24 ივნისის კანონი. სადავო დადგენილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უკანონოდ უნდა ყოფილიყო ცნობილი მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მოსარჩელეს შეეხო, რაც მას საშუალებას მისცემდა, მოეთხოვა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება (ს.ფ. 2-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 თებერვლის განჩინებით ტ. ხ-ის სარჩელი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო სარჩელი პოლიტიკური მოტივის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹726 დადგენილებით ტ. ხ-ის, როგორც უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის უკანონოდ ცნობის, ასევე მატერიალური ზიანის სახით 213 235 ლარის ანაზღაურების ნაწილში წარმოებით შეწყდა დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 27-29).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს პარლამენტი საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად (ს.ფ. 39).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ტ. ხ-ის სარჩელი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 24 ივნისის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა, სპეციალური დასახელების ადგილებში საცხოვრებლად გამწესება, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებულია პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამასთან, როგორც “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹726 დადგენილება და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹28-II-ს დადგენილება დღემდე არ გაუქმებულა და კანონიერ ძალაშია (ს.ფ. 68-71).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტი არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინა მის მიმართ პოლიტიკური რეპრესიის განხორციელების დასადასტურებლად. სადავო დადგენილების პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე მიღება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენდა, უზენაეს საბჭოს მისი პიროვნების მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნდა.
აპელანტის მითითებით, “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ¹726 დადგენილება მიღებულ იქნა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონის მიღებამდე ერთი დღით ადრე. აღნიშნული ცვლილებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის მე-11 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის ან მისი თვითლიკვიდაციის შემთხვევაში პოლიტიკური გაერთიანების ლეგალიზაცია, იურიდიულ პირად რეგისტრაცია და საარჩევნო რეგისტრაცია უქმდება, ხოლო მისი პარტიული სიით (მაჟორიტარული, პროპორციული) სახელმწიფო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება წყდება”.
აპელანტის მოსაზრებით, 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ფაქტი ადასტურებდა საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹726 დადგენილების უკანონობას შესაბამისი საპროცედურო კანონის გარეშე დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
აპელანტი მიუთითებდა, რომ “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹726 დადგენილება უკანონო იყო, რის გამოც იგი ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა. მითითებული საკითხის გადაწყვეტისას, საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, თუ შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხოლოდ გასაჩივრებული ნაწილის მიმართ, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის თანხმობით გადაწყვეტილებას იღებს მთლიანად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფარგლებში (ს.ფ. 81-84).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ტ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომლის მიმართ განხორციელდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლსა და ამავე კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. ამ ნორმებში არ იყო დასახელებული სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა და იგი არც იყო გათვალისწინებული დასახელებული კანონით ნაგულისხმევ სახელმწიფო იძულებაში. ამგვარი დასკვნის მართებულობას ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹726 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹28 დადგენილება არ გაუქმებულა და კანონიერ ძალაშია. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია მის მიმართ სხვა ფორმით განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიის დამადასტურებელი მტკიცებულება (ს.ფ. 103-106).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი. მართალია, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს პოლიტიკურ რეპრესიად მიჩნევის საფუძველს, მაგრამ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან პირის უკანონოდ დათხოვნა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებულია პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹726 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” მიღებულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონის მიღებამდე ერთი დღით ადრე. აღნიშნული ცვლილებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის მე-11 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის ან მისი თვითლიკვიდაციის შემთხვევაში პოლიტიკური გაერთიანების ლეგალიზაცია, იურიდიულ პირად რეგისტრაცია და საარჩევნო რეგისტრაცია უქმდება, ხოლო მისი პარტიული სიით (მაჟორიტარული, პროპორციული) სახელმწიფო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება წყდება”. კასატორის აზრით, 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ადასტურებდა საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის ¹726 დადგენილების უკანონობას შესაბამისი საპროცედურო კანონის გარეშე დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით (ს.ფ. 110-115).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ტ. ხ-ის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მოსარჩელე ტ. ხ-ი 1990 წელს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად; “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით შეწყვეტილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში, მათ შორის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საქართველოს კომპარტიის საარჩევნო სიებით (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ტ. ხ-ს 1991 წლის 8 ოქტომბერს შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება.
კასატორი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს, როგორც “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის სუბიექტი, იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ განხორციელდა თანამდებობიდან უკანონოდ დათხოვნა პოლიტიკური მოტივით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, პირის მიმართ თანამდებობიდან და სამუშაო ადგილიდან დათხოვნის სახით განხორციელებული იძულების ფორმის პოლიტიკურ რეპრესიად მიჩნევისათვის აუცილებელია, აღნიშნული დათხოვნა აღიარებული იყოს უკანონოდ.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საქართველოს კომპარტიის საარჩევნო სიებით (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა უკანონოდ არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი აუცილებელი პირობა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის თაობაზე იმის გამო, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება გამოცემულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის მე-11 მუხლში 1991 წლის 9 ოქტომბრის ცვლილების შეტანამდე, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შემთხვევაში პარტიული სიით სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება გამოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1991 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკაში აიკრძალა საქართველოს კომპარტია და შეწყდა მისი, როგორც ორგანიზაციის, არსებობა და საქმიანობა, კომპარტიის პოლიტიკური საქმიანობის ძირითად ფორმას კი წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში მოქალაქეთა ამ პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სიებით არჩეული დეპუტატების მოღვაწეობა. ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება გამოცემულია სამართლებრივი საფუძვლით, ამასთან, აღნიშნული დადგენილება წარმოადგენს მოქმედ სამართლებრივ აქტს და იგი უკანონოდ არავის უცნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არ წარმოადგენს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის სუბიექტს, რის გამოც მისი მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხი არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.