Facebook Twitter
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-156-146(კ-07) 26 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
მ. ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჩ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ჟ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რომლითაც იგი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.06წ. განჩინების გაუქმებას.
საკასაციო პალატა გაეცნო ჩ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ჟ-ის საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილევლად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლოს 05.03.07წ. განჩინებით ჩ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმის გამო, რომ: საჩივარი არ ემყარებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს, კასატორი არ უთითებდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზს) და კასაციის განაცხადს. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად ჩ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ჟ-ის მიერ არ იყო წარმოდგენილი ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული გარემოებები მიჩნეულ იქნა ხარვეზად. კასატორს მიეცა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
14.03.07წ. კასატორის ჩ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ჟ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ჩ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ ემყარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს. ამასთანავე, საკასაციო საჩივარზე ხელისმომწერის, ჩ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ჟ-ის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, არ იქნა წარმოდგენილი ადვოკატთა ტესტირების გავლის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი საბუთი. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზზე დატოვების შესახებ 05.03.07წ. განჩინება ჩაბარდა ვ. ჟ-ს და ჩ. გ-ს, საკასაციო სასამართლოს წარედგინა ახალი საკასაციო საჩივარი, რომელსაც კვლავ აწერს ხელს ვ. ჟ-ი.
ვ. ჟ-ი არ არის უფლებამოსილი წარმოადგინოს ჩ. გ-ე საკასაციო სასამართლოში, შესაბამისად საკასაციო საჩივარი შემოტანილია საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლობაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ, ამასთანავე საკასაციო საჩივარი არ პასუხობს სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამო საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე, 396-ე, 440-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დატოვებულ იქნეს განუხილველად ჩ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.