ბს-156-152(კ-08) 8 მაისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. მ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. მ-ემ 2006 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის საომარ მოქმედებებში მისი მონაწილეობის ცნობა, ომის მონაწილედ მისი აღიარება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ომის მონაწილის სტატუსით მისი რეგისტრაციაში გატარება, ომის მონაწილის მოწმობისა და აღნიშნული მოწმობის მისაღებად ყველა საჭირო დოკუმენტის გაცემა. მან სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი, მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში. 1993 წლის 1 თებერვალს როგორც ზ/რიგითი ჯარისკაცი ჩარიცხული იყო მე-..... საარმიო კორპუსის .......-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-.... მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობა მიიღო მდინარე გუმისთის მისადგომებთან ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1993 წლის 5 მაისს აფხაზ-სეპარატისტთა მიერ განხორციელებულ სანაღმტყორცნო ცეცხლშენის დროს ერთ-ერთი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა გულმკერდის, მუცლის, ზედა და ქვედა კიდურების არეში, რაც დასტურდება საბრძოლო მოკვლევისა და ქუთაისის სამხედრო საავადმყოფოს ავადმყოფობის ისტორიის ¹2486 ამონაწერით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ვერ აძლევს ცნობას ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მისი მონაწილეობის შესახებ იმის გამო, რომ საარქივო მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, რის გამოც ვერ ღებულობს ომის მონაწილის სტატუსს, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რათა ისარგებლოს ომის მონაწილისათვის დაწესებული შეღავათებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 28 ივლისის ¹4215 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საბრძოლო მოკვლევის წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე რ. მ-ის მიმართ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ-ე რეგისტრირებული იყო მე-..... საარმიო კორპუსის .....-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-...... მოტომსროლელ ბატალიონში. სასამართლომ 2007 წლის 12 მარტს მოსამზადებელ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ. კ-ას განმარტებაზე მითითებით ჩათვალა, რომ რ. მ-ე ჩაირიცხა მათ ბატალიონში 1993 წლის 1 თებერვლიდან დაшიბრძოდაиბოლომდე, 1993 წლის მაისში დაიჭრა. ბრძანებები, რომლებიც ორ წიგნად არის აკინძული თვითონ გამოიტანა სოხუმიდან და ინახება თავდაცვის სამინისტროში, ყველა ბრძანებაზე დასმულია თავდაცვის სამინისტროს ბეჭედი. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სარჩელში დასმული მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს, რომელმაც 2006 წლის 28 ივლისის ¹4215 წერილით უპასუხა უარით, ვინაიდან საარქივო მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია რ. მ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ სწორედ აღნიშნული მოთხოვნით არის აღძრული სარჩელი. სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული 2006 წლის 28 ივლისის ¹4215 წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დეფინიციას, იმდენად რამდენადაც იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმას, რასაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი. სასამართლომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული “საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ” დებულების მე-14 და მე-2 მუხლებზე მითითებით დადგენილად ჩათვალა, რომ თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოკვლევა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე არ უწარმოებია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გამოცემულ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ არის დასაბუთებული გარემოებანი, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიმართ არსებული გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არაა თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებს, ფაქტებს, მტკიცებულებებსა თუ საქმის გარემოებებს, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს ზემოხსენებული ბრძანებით ეკისრებოდა საბრძოლო მოკვლევის წარმოება, რაც მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა, ხოლო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას იგი ვალდებული იყო წერილობით დაესაბუთებინა გასაჩივრებული აქტი მისი გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების მითითებით, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად უნდა აწარმოოს საბრძოლო მოკვლევა, უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების შემდგომ. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის შედეგადაც სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 28 ივლისის ¹4215 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხეს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. მ-ის მიმართ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილი. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი, ასევე არ მოიძია და არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის ¹119 ბრძანებულებით; “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით; ზემოაღნიშნული დებულების მე-6 მუხლის “ტ” პუნქტით დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით. კასატორის მითითებით, დეპარტამენტი უფლებამოსილი არ არის გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა-თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მტკიცებულებათა გამოკვლევის სახეები, რადგან მისი დებულება ცალსახად მიუთითებას, რომ ე.წ. “ყვითელი ცნობის” გაცემა ან უარი მის გაცემაზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტით აგრეთვე მტკიცებულებათა გამოკვლევის ერთ-ერთ სახეს განეკუთვნება. კასატორმა მიუთითა, რომ ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი “ყვითელი ცნობის” გაცემაზე იმ მოტივვით, რომ საარქივო ცნობებში არ მოიძებნება კონკრეტული ინფორმაცია, არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტად, რადგან გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დაცვით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის “ტ” პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებათა გამოკვლევის სახით დეპარტამენტის საარქივო მასალების გამოკვლევის გამოყენებით. კასატორმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი სასამართლოს ბათილად არ უნდა ეცნო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო საქრთველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მესამე ნაწილის “დ” პუნქტით განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების გამოყენების განსაკუთრებული წესი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული, ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი. სააპელაციო სასაართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ჩათვალა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემულ აქტად. კასატორის მითითებით, ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე ამ ნორმის თანახმად 2006 წლის 28 ივლისის ¹4215 ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი არ არსებობს.
уьикსაქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიეცათ მოსაზრების წარმოდგენის უფლება, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.