Facebook Twitter

ბს-157-147(კ-07) 11 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი - ნ. ი-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემია; წარმომადგენელი – ზ. ჩ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 24 მარტს ნ. ი-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1995 წელს, საქართველოს შსს აკადემიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ხელმძღვანელობის შუამდგომლობა-დახასიათების საფუძველზე დატოვებულ იქნა კრიმინალისტიკის (შემდგომ – სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის) კათედრაზე ...ად, შემდეგ ...ად, სადაც მუშაობდა 2005 წლის 1 ოქტომბრამდე.

2005 წლის 1 ოქტომბრიდან (რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ოთხი ფაკულტეტი: კვალიფიკაციის ამაღლების, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, მენეჯმენტის) დათხოვნამდე მუშაობდა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე, ამასთან, აგრძელებდა თანამშრომლობას კრიმინალური პოლიციის ფაკულტეტთან. ამავე პერიოდში წარჩინებით დაამთავრა შსს აკადემიის ადიუნქტურა, გამოაქვეყნა 16 სამეცნიერო ნაშრომი და წარმატებით გაიარა კვალიფიკაციის/პროფესიული ამაღლების დამადასტურებელი სხვადახვა საფეხური.

2006 წლის 11 თებერვალს საქართველოს შსს აკადემიის 10.02.2006 წლის @20პ/შ ბრძანებით დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად.

მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება უსაფუძვლოა, ვინაიდან ბრძანებაში საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის ¹458 ბრძანებულების მითითება, როგორც გათავისუფლების საფუძველი, ფორმალურადაა გამოყენებული, რამდენადაც შსს აკადემიას კვლავ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი გააჩნია.

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. თუკი აკადემიის რექტორს მინიჭებული ჰქონდა ასეთი უფლება, რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროფესიული, პირადი თვისებების, ასაკის, მოპასუხე დაწესებულებაში თითქმის 15 წლის მუშაობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებისა და შსს ორგანოებიდან დათხოვნილი პოლიციის მაიორისათვის სხვა სამსახურის შეთანხმების გარეშე.

მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი. კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა სრული ლიკვიდირება და შტატების შემცირება, რადგან სამსახურში დარჩნენ უფრო ნაკლები სტაჟისა და ნამსახურობის პირები.

მოსარჩელის განმარტებით, მას გააჩნდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

Mმოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა სასარჩელო განხცადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ი-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2006 წლის 10 თებერვლის ¹20 პ/შ ბრძანება; ნ. ი-ა დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შსს აკადემიის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, მასვეN აუნაზღაურდა სამუშაოზე იძულებით არყოფნის გამო შრომის გასამრჯელო 2006 წლის 11 თებერვლიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს შსს აკადემიაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ნ. ი-ა აყვანილ იქნა შსს აკადემიის კადრების განკარგულებაში 2006 წლის 10 იანვრიდან. აქედან გამომდინარე, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

ნ. ი-ა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, ერთ თვით ადრე, პირადი ხელმოწერით გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი შემცირების თაობაზე. ამასთან, აპელანტის განმარტებით, შსს აკადემია არ იყო ვალდებული (2005 წლის 23 დეკემბერს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი (შეთანხმება) ამოღებულ იქნა) და ვერც შესთავაზებდა ნ. ი-ს სხვა შესაბამის თანამდებობას აკადემიის სტრუქტურაში. Gგამომდინარე იქიდან, რომ შსს აკადემიაში მთლიანად გაუქმდა როგორც კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი, ასევე აკადემიის ყველა ...ის, მათ შორის - უფროსი ...ის თანამდებობაც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ი-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 10 იანვრის ¹2 ბრძანებით დამტკიცებული აკადემიის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესაბამისად, გაუქმდა აკადემიის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი, რის გამოც ის არ იზიარებდა სასამართლო კოლეგიის არგუმენტს, მოპასუხის მიერ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების უგულებელოფის შესახებ, რომელიც გამოიყენება მხოლოდ შტატების შემცირების და არა შესაბამისი სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში. აღნიშნული უფლების გამოყენება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში შედის და სასამართლოს არ შეუძლია მისი გადაწყვეტა.

ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, ბათილად ცნობილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2006 წლის 10 თებერვლის ¹20 პ/შ ბრძანებას წინა უსწრებდა აკადემიის 2006 წლის 18 იანვრის ¹4პ/შ ბრძანება, რომლითაც შეიცვალა 20 იანვრის ¹1 პ/შ ბრძანების მე-2 პუნქტი: კადრების განკარგულებაში აყვანის ნაცვლად, კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად ნ. ი-ს დაეკისრა პირვანდელი მოვალეობის დროებით შესრულება – ერთი თვით, ანუ 2006 წლის 10 თებერვლამდე. შესაბამისად, ¹20 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, თუნდაც ეს მართებულად იქნეს მიჩნეული, აღდგებოდა მის გამოცემამდე არსებული მდგომარეობა და ნ. ი-ს უნდა აღდგენოდა აკადემიის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის ...ის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი მხოლოდ დროებით – ერთი თვით.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-მ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, საპროცესო სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში სასამართლო სხდომის მდივნად მითითებულია ლ. ა-ე, რომელიც 24.11.06წ. არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას, ხოლო ოქმი აწარმოვა ს. ქ-მ.

კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელობამ არ შეასრულა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომელიც შეეხება იმ პირთა სამსახურში დატოვების შემთხვევებს, რომლებსაც აქვთ უფრო მაღალი კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება და სტაჟი.

მოცემულ საკითხზე, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმის მასალები და არ მიუცია შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

კასატორისათვის გაუგებარია, როგორ შეიძლება უფრო ადრე გამოცემული საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 18 იანვრის ბრძანებით ცვლილებების შეტანა შსს აკადემიის 2006 წლის 20 იანვრის შესაბამის ბრძანებაში. ასევე, როგორ მოხდა გადაწყვეტილებაში პირველად ნახსენები საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 18 და 20 იანვრის ბრძანებები სააპელაციო სასამართლოს სხდომის მასალებში, მაშინ, როდესაც მათ შესახებ არაფერია ნათქვამი არც 2006 წლის 10.02.¹20 პ/შ ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი დათხოვნა შს ორგანოებიდან და არც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე. ამდენად, კასატორის აზრით, ისინი არ წარმოადგენდნენ განხილვის საგანს არც ერთ სასამართლო ინსტანციის სხდომაზე და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მათზე მითითება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს სასამართლოში დოკუმენტების დროულად წარდგენის შესახებ.

კასატორის მითითებით, თუ სინამდვილეში არსებობდა ბრძანება ¹4პ/შ, მაშინ როგორ უნდა შეესრულებინა მას თავისი პირვანდელი სამსახურებრივი მოვალეობები კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე მაშინ, თუ სააპელაციო სასამართლოს ლიგიკით, იგი უკვე აღარ არსებობდა. თუმცა, კასატორის მითითებით, რეალურად მოხდა მხოლოდ რეორგანიზაცია. აკადემიის ძირითად ფუნქციას დღემდე წარმოადგენს პოლიციის მუშაკთა გადამზადება (ანუ კვალიფიკაცია).

ამდენად, კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება იმ ფაქტებს, რომლის მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება და შესაბამისად იგი დაუსაბუთებელია.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასრჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 07 მაისის განჩინებით ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” პუნქტის საფუძველზე, კერძოდ იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კასატორის მიერ მითითებული საპროცესო დარღვევის არსებობის ფაქტი და თვლის, რომ მითითებული დარღვევა ატარებს მექანიკურ ხასიათს და ვერ იქცევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს დარღვევას უთანაბრდება შემთხვევა, როდესაც სხდომის ოქმი არ არის ხელმოწერილი.

საქმეში ს.ფ. 64-66 წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმი, რომელის შედგენაშიც მონაწილეობდა სხდომის მდივანი ლ. ა-ე. მითითებულ სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და სხდომა გაგრძელდა იმავე წლის 24 ნოემბერს სხდომის მდივნის ს. ქ-ის მონაწილეობით, მხარეებს ეცნობათ სხდომის მდივნის შეცვლისა და მის მიმართ აცილების უფლების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. მხარეებს სხდომის მდივნის მიმართ აცილება არ დაუყენებიათ. ამდენად მხარეთა პროცესუალური უფლებები დაცულია სრულად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებაში სხდომის მდივნად მითითებულია ლ. ა-ე იმ მდივნის ნაცვლად, რომლის მონაწილეობითაც პროცესი დასრულდა, აღნიშნული, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს იმ სახის საპროცესო დარღვევას, რომელსაც შესაძლოა საქმეზე მოჰყოლოდა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, ამასთან მითითებული დარღვევა არ ქმნის ზემოაღნიშნული მუხლის შემადგენლობას და არ იწვევს მხარეთა საპროცესო უფლებების დარღვევას, რის გამოც ვერ იქცევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძლად.

რაც შეეხება გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

დადგენილია და აღნიშნულს ვერ უარყობს თავად კასატორიც, რომ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2006 წლის 10 იანვრის ¹2 ბრძანებით დამტკიცებულ აკადემიის სტრუქტურის და საშტატო განრიგის საფუძველზე გაუქმდა აკადემიის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი. აღნიშნულ ფაკულტეტზე ...ად პოლიციის მაიორი ნ. ი-ა დანიშნული იყო საქართველოს შსს აკადემიის 2005 წლის 07 ოქტომბრის ¹85 პ/შ ბრძანებით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დავის გადაწყვეტისას კანონის არასწორი გამოყენების თაობაზე და აღნიშნავს: ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ხსენებული კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომელზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონებით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად მიჩნეულია რეორგანიზაცია და/ან შტატების შემცირება. ანალოგიურ განაწესს ადგენს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” მე-60 მუხლი, რომლის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზეც, შტატების შემცირება წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კათედრის ლიკვიდაციის ფაქტს, რასაც თან მოჰყვა აკადემიაში შტატების შემცირება, რაც ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე წარმოადგენდა კასატორის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას მისი დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე ბრძანების წინსწრების თაობაზე და კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი შსს აკადემიის კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 10 იანვრის ¹1პ/შ ბრძანებით, რომლის გაცნობის ფაქტსაც ნ. ი-ა საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს იმავე წლის 11 იანვარს. ხოლო რაც შეეხება მისთვის ადრე დაკავებულ თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შესრულების დაკისრებას, აღნიშნულის თაობაზე ბრძანება მიღებულია 2006 წლის 18 იანვარს, რაც გამორიცხავს მოსაზრებას მითითებული აქტების წინააღმდეგობრივი ხასიათის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართო დაუსაბუთებლად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნას დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.