¹ბს-157-153(კ-08) 18 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ქ.-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.08.07 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 693,76 ლარის გადახდა. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. ქ.-ი იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს წარმოადგენდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... შტაბის მიერ გაცემული ცნობით დადგენილ იქნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ნ. ქ.-ის სახელფასო დავალიანების თანხა შეადგენდა 693,76 ლარს, აქიდან: 1998 წლის: კვარტალური ჯილდო – 29,90 ლარს; სახელფასო – 45,66 ლარს; ზემსახურის ჯილდო – 52.27 ლარს, 1999 წლის: სახელფასო – 303,06 ლარს; კვარტალური ჯილდო – 29.66 ლარს, 2000 წლის: სახელფასო – 233.21 ლარს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კაონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, ხოლო სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარომოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს. არ იქნა გაზიარებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა წინა წლების დავალიანებების ასანაზღაუებელ თანხებს და იგი ვერ გადაიხდიდა სახელფასო დავალიანებებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.08.07წ. გადაწყვეტილება.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება კვარტალური და ზემსახურობის ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ წარმოადგენდა ვალის აღიარებას, ხოლო საქართევლოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ვალის აღიარება იწვევს ხანდაზმულობის ვადის ხელახლა ათვლას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და კვარტალურ და ზემსახურობის ჯილდოს ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, ,,დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გააანგარიშდება ნამსახურობის წლების მიხედვით, რაც შეეხება ჯილდოს, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, მას ,,დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ კვარტალური ჯილდოს და ზემსახურის ჯილდოს თანხები არ წარმოადგენენ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს, რომელზეც ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ჯილდო წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ სახელფასო დანამატს. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 01.05.08წ. გადაწყვეტილება, საქმის ¹ბს-1089-1041(კ-07).
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.