ბს-158-154(კ-08) 16 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 ივნისს ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992-93წწ. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მსახურობდა ქ. სოხუმში .... კლინიკური საავადმყოფოს ჰოსპიტალში ექთანათ. Mმისი სამსახურეობრივი საქმიანობა უშუალოდ დაკავშირებული იყო 1992-93 წწ აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ მებრძოლთა ევაკუაციასა და მკურნალობაში. ამასთან, პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ითვლებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილედ, რის თაობაზეც მან განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს ომის ვეტერანთა სიაში შეყვანისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვის თაობაზე, რაზედაც მოპასუხე ორგანიზაციისგან მიიღო უარი, ვინაიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 31 მაისის ¹2916 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობასა და მოპასუხის დავალდებულებას, გაეცა შეიარაღებული ძალების რიგებში მისი ჩარიცხვა-ამორიცხვის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-..... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 31 მაისის ¹2916 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ნ. მ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-..... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 31 მაისის ¹2916 წერილი, სზაკ-ის მე-2.1 მუხლის "დ" პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სზაკ-ის 53.1 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაბუთებული უნდა ყოფილიყო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მასში მითითებული უნდა ყოფილიყო საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოცემულ იქნა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო, თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე ან მტკიცებულებებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სზაკ-ის 96.2 მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დასდებოდა ისეთი გარემოება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იყო გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-მა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი – ნ. მ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს დაევალებოდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მისი ომის მონაწილედ ცნობის თაობაზე.
აპელანტი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული იყო სზაკ-ის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი ცნობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ საარქივო ცნობებში არ მოიძებნა კონკრეტული განმცხადებლის ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო სზაკ-ის დარღვევით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტად, რადგან იგი გამოცემული იყო: სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დაცვით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის "ტ" პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით; სზაკ-ის 96-ე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის სახით გამოყენებით.
ამასთან, აპელანტი მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო სზაკ-ის მუხლებს. ამავე კოდექსის 4.3 "დ" მუხლით კი განსაზღვრულია სზაკ-ის ნორმების გამოყენების განსაკუთრებული წესი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ფაქტობრივად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 22 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 7 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავადცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.