ბს-160-156(კ-08) 3 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 11 სექტემბერს ჯ. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში, ...... სამსახურიდან გაათავისუფლეს 2007 წლის 15 იანვარს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ დარჩა სახელფასო დავალიანება _ 1 488,22 ლარის, კვების კომპენსაცია _ 668, 52 ლარისა და ჯილდო _ 328,61 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნული დავალიანების არსებობა დასტურდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 15 აგვისტოს გაცემული ¹3-11/5835 ცნობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 7 სექტემბრის წერილით აცნობეს, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების _ 491,09 ლარის, კვების თანხის _ 668,52 ლარისა და ჯილდოს კომპენსაციის _ 328,61 ლარის ანაზღაურების დაკისრება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 1 488, 22 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 15 აგვისტოს ¹3-11/5835 ცნობის თანახმად, ყოფილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის თანამშრომლის _ ჯ. ბ-ის გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1 488,22 ლარს, მათ შორის, ხელფასი _ 491, 09 ლარი, კვება _ 668, 52 ლარი, ჯილდო _ 328, 61 ლარი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი დოკუმენტით დაადასტურა რა დავალიანების არსებობა, ამით აღიარა მოთხოვნის არსებობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც აღნიშნული კანონით არ წესრიგდებოდა, რეგულირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაქმებულთან მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ იყო განსაზღვრული. ამდენად, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, როდესაც გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლებოდა მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. ამდენად, ხელფასი მოიცავდა როგორც ჯილდოს, ასევე დახმარებას და ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ბ-ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, ასევე გადაწყვეტილებაში ასახული დასაბუთება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ჯ. ბ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობას. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 15 აგვისტოს ცნობას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა და იგი სამართლებრივ შედეგს არ იწვევდა. საჯარო ინფორმაცია გაიცემოდა მაშინ, თუკი რომელიმე მესამე პირზე (მაგ. საზოგადოებრივ გაერთიანებაზე) გაცემული იქნებოდა ინფორმაცია, თუ ზოგადად, რა ოდენობის დავალიანება გააჩნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაცია გაიცა უშუალოდ დაინტერესებულ პირზე _ ჯ. ბ-ზე, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა ვალის აღიარება. უფრო მეტიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 7 სექტემბრის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ სამინისტრო იმ დროისათვის მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა ჯ. ბ-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამინისტრო კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას (ს.ფ. 15).
სააპელაციო სასამართლომ ყოველივეაღნიშნული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიიჩნია დავალიანების აღიარებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა უდავოა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემოდა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ხოლო, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე უნდა გავრცელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ხელფასი ან _ ხელფასის გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღიდან. სარჩელის შეტანის დროისათვის, მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენების უპირობო კანონიერებაზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიც, სადაც განმარტებულია, რომ წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო თანხა წარმოადგენს 1998-2000 წლებში მისაღებ თანხას, იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა პერიოდულად, 94-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. შრომითი ანაზღაურება (ხელფასი) ადმინისტრაციის მიერ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში სასამართლოში უნდა წარდგენილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში, კერძოდ, ყოველი თვის ხელფასის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის დღიდან, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სამი წლის ვადაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ცნობა შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არასწორია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 19 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 3 აპრილამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.