Facebook Twitter
ბს-164-153(კ-07) 26 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.06წ. განჩინების გაუქმებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ა-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების 1251.28 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1995 წლის 15 ივნისიდან 2004 წლის 8 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო
დეპარტამენტში რეგიონალურ საბაჟო ,,დ...ის” საბაჟო პუნქტ ,,...ში”, 1995 წლის 16 ივნისიდან 1998 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,ა...ის” საბაჟო პუნქტი ,,...ის” ...ად, 1998 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა ამავე დაწესებულებაში მთავარ ...ად, ცვლის ...ის თანამდებობაზე. 2004 წლის 2 აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,ა...ის” საბაჟო გამშვები პუნქტ ,,...” უფროსის მოადგილედ. 2004 წლის 8 ნოემბერს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,ა...ის” საბაჟო პუნქტ ,,...ში” მუშაობის პერიოდში მის მიმართ დაწესებულებას დაუგროვდა სხვადასხვა დროს დაგროვებული დავალიანება გაუცემელი ხელფასის სახით, სულ 1251 ლარის და 28 ეთრის ოდენობით, სადაც ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 987.28 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.06.06წ. გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 976,28 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.06.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.12.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.06.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 10.02.06წ. ¹-1.2-19/2677 ცნობის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში თ. ა-ის მიმართ დარიცხული საბიუჯეტო სახელფასო დავალიანება შეადგენს 1251.28 ლარს, ხელზე მისაღები აქვს 976.28 ლარი. სააპელაციო პლატის განმარტებით საბაჟო დეპარტამენტი სადავოდ არ ხდის ცნობის სინამდვილეს, ადასტურებს სახელფასო დავალიანების არსებობას და დავალიანების წარმოშობის მიზეზად საბიუჯეტო დაუფინანსებლობას ასახელებს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბიუჯეტის დაუფინანსებლობა ან საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოსა და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების გაუცემლობის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი აქვს თანხა სახელფასო დავალიანების დაფარვისა თუ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, აღნიშნული დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას და აღნიშნა, რომ მუშაკის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ორგანოს, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში და რომელსაც გააჩნია მუშაკის სახელფასო დავალიანება. შესაბამისად, სახელფასო დავალიანების ანაზურება ეკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.12.06წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით სასამართლომ არ გამოიყენა 2006 წლის ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-6, მე-8, მე-40 მუხლები, რომლის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი აქვს თანხა სახელფასო დავალიანების აღსასრულებლად. შესაბამისად, აღნიშნული დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენს საქარველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.