¹ბს-165-154(კ-07) 12 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - გ. ხ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – პენიის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 30 აგვისტოს გ. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ საპენსიო უზრუნველყოფის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1972 წლიდან 2004 წლის ივლისამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში და მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდება.
2004 წლის 27 ივლისს პირადი პატაკის საფუძველზე იგი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან და იმავე დღეს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში ... თანამშრომლის თანამდებობაზე.
2005 წლის 13 მაისს ¹8/9 პ/შ ბრძანებით (პირადი პატაკის საფუძველზე), “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის “ა” პუნქტის (წელთა ნამსახურობით) შესაბამისად, იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან. სამსახური, რომელიც ჩაეთვალა წელთა ნამსახურობაში შეადგენდა: 34 წელს, 7 თვესა და 14 დღეს;
მოსარჩელის განმარტებით, მან 2005 წლის 2 ივნისს საპენსიო უზრუნველყოფისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი წარადგინა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ძალოვანი სტრუქტურების საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტში, საიდანაც ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი 2005 წლის 29 აგვისტოს ¹05/05-1468 წერილით აცნობეს, რომ მისი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი ჯერ ვერ გადაწყდებოდა, ვინაიდან “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით არ იყო განსაზღვრული ფინანსურ პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკის ოდენობა და წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნის პირობები.
აღნიშნულ კანონში ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნით 2005 წლის 3 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საიდანაც აცნობეს, რომ “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად ფინანსურ პოლიციაში მიმდინარეობდა მუშაობა და იგი გაგრძელდებოდა რამდენიმე თვეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, 3 თვისა და 15 დღის განმავლობაში მის ოჯახს არ გააჩნდა საარსებო წყარო.
მოსარჩელის მითითებით, ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დროს მას შეუნარჩუნდა იგივე წოდება და ისევე, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოველთვიურად, ხელფასის სახით, ღებულობდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, პროცენტულ დანამატებს წელთა ნამსახურობისთვის და კვების ულუფის ფინანსურ კომპენსაციას.
ფინანსური პოლიცია იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის სამართალმემკვიდრე, საგანგებო ლეგიონის თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი კი ხორციელდებოდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსიის დანიშვნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ხ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “ფინანსური პოლიციის შესახებ” 2004 წლის 25 თებერვლის კანონი ამოქმედდა 2005 წლის 15 მარტიდან. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდა მიეღო შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია და პენსია.
ამავე კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს წარმოადგენდა განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული ფინანსურ პოლიციაში სამსახურისათვის ზღვრული ასაკი ან საპენსიო უზრუნველყოფისათვის საჭირო წელთა ნამსახურობა.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა პენსიის დანიშვნის თაობაზე “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვინაიდან მასში პირდაპირ იყო მითითებული იმ პირთა წრე, რომელზედაც ვრცელდებოდა აღნიშნული კანონი, მათ შორის კი არ იყვნენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2005 წლის 4 ნოემბრის ¹01გდ/07-2178 წერილის შესაბამისად, ფინანსური პოლიციიდან თადარიგში დათხოვნილ მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხის გადასაწყვეტად სავალდებულო იყო ცვლილებების შეტანა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ან დამატების შეტანა “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლში, ისე, როგორც ეს იყო გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე და საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლებით, ასევე “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31.13-ე მუხლით.
Aაპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს კანონიერ ძალაში იყო შესული “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონიც, რომელიც არეგულირებდა ფინანსური პოლიციის მუშაკების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხს. აღნიშნული კანონი ფინანსური პოლიციის მუშაკებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ნამსახურობის 20 წელი ჰქონდათ (მათ შორის 4 წელი ფინანსურ პოლიციაში). აქედან გამომდინარე, ვერც აღნიშნული კანონით გადაწყდებოდა მისი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი, ვინაიდან ფინანსური პოლიცია შეიქმნა 2004 წლის 15 მარტს და იგი ითვლიდა თავისი არსებობის მხოლოდ 2 წელს.
ფინანსური პოლიციიდან გათავისუფლების დროს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის მოთხოვნა, აპელანტის მოსაზრებით, საფუძვლიანი იყო, ვინაიდან მისი კატეგორიის პირთათვის პენსიით უზრუნველყოფა არ წესრიგდებოდა მხოლოდ “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, არამედ _ ისეთ კანონთა ერთობლიობით, როგორებიცაა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, კერძოდ: “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტი და “ევროპის სოციალური ქარტია”, შრომის კანონთა კოდექსი “პოლიციის შესახებ” და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა უნდა მინიჭებოდა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს. ამდენად, პენსიის დანიშვნისას უპირატესობა უნდა მინიჭებოდა არა “ფინანსური პოლიციის შესახებ” კანონს, არამედ, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებსა და შრომის კანონთა კოდექსს.
Aაპელანტის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 27-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ არ არსებობდა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონის ანალოგია, კონკრეტულ შემთხვევაში _ “პოლიციის შესახებ” და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონები.
სასამართლოს არ ჰქონდა უფლება სასამართლო გადაწყვეტილებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიეჩნია აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის თითქოსდა არარსებობა, რაც ფაქტობრივად, მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას ნიშნავდა.
აპელანტის განმარტებით, კანონის ანალოგიის გამოყენების საფუძველი იყო ის გარემოება, რომ “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26.4-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტისა და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის 2004 წლის 11 მარტის სხდომის ¹1 ოქმის დადგენილების “გ” პუნქტის გათვალისწინებით, ფინანსური პოლიცია იყო ფინანსთა სამინისტროს ყოფილი საგამოძიებო დეპარტამენტისა და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის სამართალმემკვიდრე და პოლიციას და ფინანსურ პოლიციას გააჩნდათ ერთი და იგივე სამართლებრივი საფუძვლები: ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების დროს ხელმძღანელობდნენ ერთი და იმავე კანონით _ “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”. ანალოგიური იყო სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან დათხოვნის წესი, სამსახურის გავლის წესი, ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება და სოციალური დაცვის პირობები ერთი გამონაკლისის გარდა, _ 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედ საქართველოს კანონში “ფინანსური პოლიციის შესახებ” გამოტოვებული იყო “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31.13-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიციის თანამშრომლის საპენსიო უზრუნველყოფის საფუძველი.
პოლიციის სამსახურის ზღვრული ასაკის ოდენობა და წელთა ნამსახურობის პირობები არ იყო განსაზღვრული არც ერთი სხვა კანონით, გარდა 2005 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონისა. აღნიშნული კანონით პენსია დაენიშნა ფინანსური პოლიციიდან 2004-2005 წლებში თადარიგში დათხოვნილ არაერთ მუშაკს, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობდა კანონის ანალოგიის გამოყენების პრეცედენტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ 2004 წლის 24 თებერვლის კანონი “ფინანსური პოლიციის შესახებ” ამოქმედდა 2005 წლის 15 მარტიდან. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდა მიეღო შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო პენსია. იმავე კანონის მე-ე20 მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს წარმოადგენდა განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მიხედვით და მოქმედი კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული ფინანსურ პოლიციაში სამსახურისათვის ზღვრული ასაკი ან საპენსიო უზრუნველყოფისათვის საჭირო წელთა ნამსახურობა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა პენსიის დანიშვნის თაობაზე “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვინაიდან მასში პირდაპირ იყო მითითებული იმ პირთა წრე, რომელზედაც ვრცელდებოდა აღნიშნული კანონი, მათ შორის კი არ იყვნენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა, აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფინანსური პოლიციიდან გათავისუფლების დროს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, ვინაიდან, მისი კატეგორიის პირთათვის პენსიით უზრუნველყოფა არ წესრიგდებოდა მხოლოდ “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, არამედ _ ისეთ კანონთა ერთობლიობით, როგორებიცაა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. ვინაიდან, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოების მიერ აღიარებულია თითოეული ადამიანის უფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, გ. ხ.-ს უარი ეთქვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით პენსიის დანიშვნაზე, რაც სრულებითაც არ გამორიცხვას იმას, რომ მან პენსია (ანუ სოციალური უზრუნველყოფა) მიიღოს შესაბამისი ასაკის (65 წლის) მიღწევისას (ან ინვალიდობით), როგორც ეს საქართველოს ათეულ ათასობით მოქალაქის მიმართ ხდება. რაც შეეხება “ევროპის სოციალური ქარტიის” 24-ე მუხლს, აღნიშნულით გათვალისწინებულია არასაპატიო მიზეზით დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკის უფლება, საჩივარი შეიტანოს მიუკერძოებელ ორგანოში (24-ე მუხლის “გ” პუნქტი) და მიიღოს სათანადო კომპენსაცია (24-ე მუხლის “ბ” პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატის მითითებით, დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. უფრო მეტიც, 2006 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გ. ხ.-მ, რაც საქმის მასალებითაც დასტურდება, განაცხადა, რომ მან თავად დაწერა პატაკი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით მას არ ეკუთვნოდა პენსია ასაკის გამო ვინაიდან იგი არ იყო 65 წელს მიღწეული.
“სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. ამავე კანონის მე-8.3 მუხლის შესაბამისად კი ფინანსური პოლიციის მოსამსახურეებზე ხსენებული უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ნამსახურობის 20 წელი ჰქონდათ, მათ შორის 4 წელი ფინანსურ პოლიციაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, თუკი გ. ხ.-ი გააგრძელებდა სამსახურს ფინანსურ პოლიციაში, იგი მიიღებდა კიდევაც ხსენებული სახის პენსიას (ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო) აღნიშნული კანონის შესაბამისად, თუკი მისი ნამსახურობის ვადა ფინანსურ პოლიციაში იქნებოდა 4 წელი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, აპელანტმა – გ. ხ.-მ თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რის გამოც “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-8.3 მუხლით გათვალისწინებული პრივილეგია მასზე ვერ გავრცელდება.
ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება კანონის ანალოგიის, კონკრეტულად კი, “პოლიციის შესახებ” და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონების გამოყენების თაობაზე, ვინაიდან, თუკი კანონმდებლის ნება იქნებოდა, იგი მოაწესრიგებდა აღნიშნულ საკითხებს იმგვარად, როგორც ამას აპელანტი უთითებს. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, გ. ხ.-ი არ არის დარჩენილი სოციალური უზრუნველყოფის გარეშე, რადგან “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, მას მიეცემა შესაბამისი პენსია 65 წლის ასაკის მიღწევისთანავე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც არსებობს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონი, არ არსებობს სამართლის ანალოგიის (და არა კანონის ანალოგიის, როგორც ამას შეცდომით უთითებს აპელანტი) გამოყენების საჭიროება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს მიიღოს ხელფასის ოდენობის პენსია (საუბარია სარჩელის შეტანის მომენტისათვის მოქმედ რედაქციაზე).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსს და განმარტავს, მითითებული ნორმა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური პოლიციის თანამშრომლის საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულებას უკავშირებს ორ მომენტს: ზღვრული ასაკის მიღწევას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად გახდომას.
დადგენილია, რომ კასატორის გ. ხ.-ის სამსახურიდან დათხოვნა დაუკავშირდა წელთა ნამსახურობას. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2005 წლის 13 მაისის ¹8/9პშ ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ... დეპარტამენტის ... თანამშრომლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გ. ხ.-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2005 წლის 13 მაისიდან წელთა ნამსახურობის გამო.
იმავე ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის ,,ა” პუნქტის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ საფუძვლებს, ზემოაღნიშნული მუხლების დამატებითი ანალიზის შედეგად დაასკვნის შემდეგს: მართალია, კანონმდებელმა წელთა ნამსახურობა მიიჩნია ფინანსური პოლიციიდან პირის დათხოვნის საკმარის საფუძვლად, მაგრამ იმავე ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფინანსური პოლიციის თანამშრომლის საპენსიო უზრუნველყოფა, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაუკავშირა ორ მომენტს: ზღვრული ასაკის მიღწევას ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად გახდომას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები არ იძლევა გ. ხ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის ანალოგიის გამოყენების სავალდებულობის თაობაზე და თვლის, რომ კასატორის მხრიდან მითითებული არცერთი საკანონმდებლო აქტი არ ადასტურებს კანონმდებლის ნებას, ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი მოაწესრიგოს იმგვარად, როგორც ამას მოითხოვს კასატორი.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის პირველი მუხლი იძლევა იმ პირთა ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებზეც დასაშვებია აღნიშნული კანონის მოქმედების გავრცელება. კერძოდ, კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან საქართველოს სამხედრო ძალებიდან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოს სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. ამავე მუხლში პუნქტობრივადაა წარმოდგენილი იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მითითებული კანონის რეგულირების ფარგლებში ექცევიან. საგულისხმოა, რომ კანონის მიღების მომენტიდან განხორციელებულ იქნა თექვსმეტამდე საკანონმდებლო ცვლილება, რომელთაგან არცერთმა ფინანსური პოლიციის თანამშრომელი მითითებული კანონის რეგულირების ფარგლებში არ მოაქცია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები მიეკუთვნება სპეციალურ ურთიერთობათა მომწესრიგებელ ნორმებს, რომელთა ანალოგიით გამოყენება ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაუშვებელია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ წელთა ნამსახურობის ნუსხას, რომლითაც დასტურდება, რომ პოლკოვნიკი გ. ხ.-ი 30 წელზე მეტი მსახურობდა საქართველოს შს სამინისტროს ორგანოებში.
საკასაციო სასამართლო გამორიცხავს რა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის ანალოგიით გამოყენების შესაძლებლობას, იმავდროულად კასატორის (მოსარჩელის) უფლებების სრულად რეალიზების მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დადგინდეს და გამოკვლეულ იქნას გ. ხ.-ზე, როგორც შს სამინისტროს უფროსი შემადგენლობის პირზე და არა როგორც ფინანსური პოლიციის თანამშრომელზე ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობის საკითხი. საგულისხმოა, რომ მითითებული კანონის მე-11 მუხლი აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ ადგენდა წელთა ნამსახურობის პენსიის განსაზღვრისა და დანიშვნის პირობებს. ასეთივე გარანტიები განისაზღვრა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული ორი კანონის ერთობლიობაში სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის საგნად უნდა აქციოს აღნიშნული კანონების გ. ხ.-ზე, როგორც შს ორგანოებში ნამსახურებ პირზე, გამოყენების შესაძლებლობა, რითიც გამოირიცხება კასატორის უფლებების შესაძლო შელახვის ფაქტი და რა მიზნითაც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.