Facebook Twitter

¹ბს-165-161(კ-08) 29 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

12.03.07წ. ლ. მ-ემ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 07.05.99წ. ბრძანებულებით დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. 03.11.06წ. შეუსრულდა 65 წელი და საქართველოს პრეზიდენტის 07.11.06წ. ბრძანებულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად. გათავისუფლების საფუძველი გახდა მისი 65 წლის ასაკის მიღწევა. 13.11.06წ. წარადგინა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ განცხადება მოპასუხე ორგანიზაციაში, რაზეც უარი განუცხადეს იმ მოტივით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა “სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მოსარჩელის განმარტებით, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ აგრეთვე იმ მოსამართლეებს, რომლებიც 1999 წლის 15 მაისიდან “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “მ” და “ო” ქვეპუნქტებისა და 861-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა მიეცეს სახელმწიფო კომპენსაცია. მართალია, კანონით დადგენილი ვადა არ დასრულებულა, თუმცა სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “თ” ქვეპუნქტი არის მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი. მოსამართლე შეიძლება გათავისუფლდეს 65 წლის ასაკის მიღწევისას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გააგრძელოს უფლებამოსილება ამ კანონით განსაზღვრული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე. ვინაიდან მისთვის არ იქნა გაგრძელებული უფლებამოსილების ვადა, მას დაუმთავრდა სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა. ვადას, რომელსაც უნდა გაგრძელება და არ იქნა გაგრძელებული კანონით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე, ნიშნავს, რომ დამთავრდა სამოსამართლეო უფლებამოსილება. მისი თანამდებობრივი სარგო იყო 1450 ლარი. აღნიშნული თახის 0.3%-ის ნამსახურ წლებზე ნამრავლი შეადგენდა 326 ლარსა და 25 თეთრს. მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დავალებოდა 2006 წლის 13 ნოემბრიდან ყოველთვიურად, მდგომარეობის შეცვლამდე მისთვის დაენიშნა და გადაეხადა სახელმწიფო კომპენსაცია 326.25 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.07წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება. სასამართლომ მიუთითა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო კომპენსაციის დანიშვნის ზოგადი საფუძველი, კერძოდ, 65 წლის ასაკის მიღწევა. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის კომპენსაციის დანიშვნის აუცილებელ პირობებს ამავე კანონის მე-12 მუხლი განსაზღვრავდა. სასამართლოს განმარტებით, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიშნება კომპენსაცია, თუ მას დაუმთავრდა სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დანიშვნოდა სახელმწიფო კომპენსაცია, როდესაც დაუმთავრდებოდა სამოსამართლო უფლებამოსილების კანონით დადგენილი 10 წლიანი ვადა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ცნებები: “სამოსამართლო უფლებამოსილების კანონით გათვალისწინებული ვადის დამთავრება” და “სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დამთავრება” იდენტური იყო და მოსარჩელე უსაფუძვლოდ განასხვავებდა მათ ერთმანეთისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტს არ წარუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რამაც გამოიწვია კანონის მიზნის წინააღმდეგობა და ვერ უზრუნველყო ამ თვალსაზრისით სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, კერძოდ, საპენსიო ასაკის გამო გათავისუფლებული მოსამართლის სოციალური დაცვა. კასატორის განცხადებით, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის 1 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის 1 ნაწილი და მე-12 მუხლის 1 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი მისთვის აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველს ქმნის. 03.11.06წ. შეუსრულდა 65 წელი და საქართველოს პრეზიდენტის 07.11.06წ. ბრძანებულებით განთავისუფლდა თანამდებობიდან “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას კანონით დადგენილი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე. მითითებული წესი გაუქმდა 29.12.06წ. კასატორის განცხადებით, 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადას ესაჭიროებოდა გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ 10 წლიანი ვადა გასული არ იყო. საქართველოს პრეზიდენტს მისთვის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელებია, მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა განცხადებით და უფლებამოისილების ვადის გაგრძელება მოითხოვა. შესაბამისად, დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა. “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გამიჯნულია სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დამთავრება და კანონით გათვალისწინებული სამოსამართლო უფლებამოსილების გასვლა. კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის მოთხოვნა, კასატორის აზრით, არის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, “ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებს სამოსამართლო უფლებამოსილების დამთავრებას ზოგადად და არ არის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული 10 წლიანი სამოსამართლო სტაჟის დამთავრება. კასატორმა მიუთითა მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის 1999წ. ქარტიაზე, რომლის მე-13 მუხლის თანახმად, მოსამართლეს უფლება აქვს გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან ისე, რომ შეუნარჩუნდეს წლიური შემოსავალი ან პენსია პროფესიული კატეგორიის შესაბამისად. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.03.08წ. განჩინებით ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენის უფლება მიეცათ და განესაზღვრათ ვადა. სოციალური სუბსიდიების სააგენტომ წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.