ბს-166-155(კ-07) 27 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. დ.-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ სამივლინებო დღიური ხარჯების დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 2 მარტს გ. დ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მის სასარგებლოდ სამივლინებო დღიური ხარჯების დავალიანების _ 5425 აშშ დოლარის (ეროვნულ ვალუტაში _ 11332 ლარი) გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს სწავლობდა ქ. ...-ში, ...-ის ნაციონალურ აკადემიაში, დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში. 1999, 2000 და 2002 წლებში, სწავლასთან დაკავშირებით, იგი იმყოფებოდა მივლინებაში ქ. ...-ში, კერძოდ, 1999 წლის 29 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით (63 დღე), 2000 წლის 21 სექტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით (51 დღე), 2002 წლის 19 მარტიდან 24 ივნისის ჩათვლით (104 დღე), სულ _ 218 დღე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების თანახმად, მოსამსახურეს ჰქონდა უცხოეთში გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება, მაგრამ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს აღნიშნულ წლებში მივლინების მხოლოდ გზის და ბინის ქირის ხარჯები გადაუხადა, ხოლო სამივლინებო დღიური ხარჯები, რაც საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულების ¹3 დანართის შესაბამისად, ერთ დღეზე შეადგენდა 25 აშშ დოლარს და რაც 218 დღეზე იყო 5425 აშშ დოლარი, მისთვის არ აუნაზღაურებიათ. მოსარჩელის მტკიცებით, მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის მიღების მოთხოვნით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავისი პასუხით აღიარებდა მოსარჩელის მიმართ ვალს და ჰპირდებოდა მის გადახდას, მაგრამ დღემდე არ აქვს გადახდილი. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალის აღიარება უნდა ჩათვლილიყო საკმარის მტკიცებულებად.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. დ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. დ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სამივლინებო თანხის ანაზღაურება 5425 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 11332 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გ. დ.-ს სარჩელი იმიტომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რომ მან ვერ წარადგინა მივლინების ბრძანებები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო შენახული და აპელანტს, სურვილის შემთხვევაში, არ გაუჭირდებოდა მათი მოძიება (ხოლო თუ საბუთები დაკარგული იყო, მაშინ აღნიშნულზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო პასუხისმგებელი).
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. დ.-ა ნამდვილად იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში ...-ში, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 23 ოქტომბრის ¹1402 და 2004 წლის 20 ივლისის ¹1/513 ბრძანებები, რომლებითაც ირკვეოდა, რომ გ. დ.-ა წარგზავნილ იქნა ქ. ...-ში სამსახურებრივი მივლინებით. საქმეში, ასევე წარმოდგენილი იყო ბინის ქირის ხელშეკრულება, რომლითაც, აგრეთვე, დასტურდებოდა გ. დ.-ს ქ. ...-ში ყოფნის ფაქტი 1999 წლის 29 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, ასევე წარმოდგენილი იყო ...-ში მოსარჩელის მივლინებაში ყოფნის დამადასტურებელი საბუთები. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილ იქნა მივლინების გზისა და ბინის ქირის ხარჯები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო გ. დ.-ა სხვადასხვა წლებში, თვეების განმავლობაში, თვითნებურად წასულიყო ...-ში, თუკი არ იარსებებდა მისი სამსახურებრივ მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან დაბრუნების შესახებ ბრძანებები. ასეთ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიებები, რაც არ დასტურდებოდა და უფრო მეტიც, გ. დ.-ა კვლავ მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსის 2005 წლის 8 თებერვლის ¹6/117 პასუხი გ. დ.-ს განცხადებაზე წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და არა ვალდებულების აღიარებას, რადგან ხსენებულ წერილში ნათლად იყო მითითებული, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა მივლინებისათვის გათვალისწინებული დღიური ნორმით დადგენილი ხარჯები. დავალიანების არსებობა აღიარებული იყო ამავე სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2003 წლის 12 დეკემბრის ¹1718/8 და ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2005 წლის 25 იანვრის ¹9/102 წერილებითაც (პასუხები) გ. დ.-სადმი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულება, რითაც მოსამსახურეთათვის დაწესებული იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს, მუშაკის პირადი ხარჯებისათვის, უცხოური ვალუტით დღიური ანაზღაურების ნორმები და მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის დღიური ნორმის დანამატი, თანახმად ¹3 და ¹4 დანართებისა. ასევე განისაზღვრა მივლინებაში მყოფი მოხელის მიერ, სასტუმროს დაქირავების დამადასტურებელი საბუთების, ხარჯების ანაზღაურებისა და მგზავრობის დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის (დაკარგვის) შემთხვევაში სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესი.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ...-ში დაუსწრებელ სწავლებაზე წარგზავნილ პირებს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 30 ოქტომბრის ¹302 ბრძანების თანახმად, უნაზღაურებდა მგზავრობისა და ბინის ქირის ხარჯებს. საფინანსო სამსახურის უფროსის 2005 წლის 7 ოქტომბრის პატაკით დგინდება, რომ გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურში გ. დ.-ს წარდგენილი აქვს 1999 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ბინის დაქირავების დამადასტურებელი დოკუმენტი 416,13 აშშ დოლარის ფარგლებში.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსის 2005 წლის 8 თებერვლის ¹6/117 პასუხი მოსარჩელის განცხადებაზე წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და არა ვალდებულების აღიარებას, ხოლო, რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2003 წლის 12 დეკემბრის ¹1718/8 და ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2005 წლის 25 იანვრის ¹9/102 წერილებს, ისინიც არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ დავალიანების აღიარებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს უფლება მიეცათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 27 ივნისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. დ.-ა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს სწავლობდა ქ. ...-ში, ...-ის ნაციონალურ აკადემიაში, დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომლის დამთავრების შემდეგაც მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში. 1999, 2000 და 2002 წლებში, სწავლასთან დაკავშირებით, იგი იმყოფებოდა მივლინებაში ...-ში, ქ. ...-ში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანამხად, მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, ასევე იმავე კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს მივლინების მხოლოდ გზის და ბინის ქირის ხარჯები აუნაზღაურა, ხოლო სამივლინებო დღიური ხარჯები მისთვის არ აუნაზღაურებია. გ. დ.-მ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის მიღების მოთხოვნით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავის საპასუხო წერილებში აღნიშნავდა, რომ “მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულების თანახმად, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა მივლინებისათვის გათვალისწინებული დღიური ნორმით დადგენილი ხარჯები ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებების მიღებისთანავე (ს.ფ. 10-12).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, მუშებსა და მოსამსახურეებს უფლება ჰქონდათ ანაზღაურებოდათ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები და მიეღოთ მივლინებასთან დაკავშირებული სხვა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით და წესით და მუშაკებს, რომლებსაც გზავნიდნენ სამსახურებრივ მივლინებაში, უნაზღაურდებოდათ: სადღეღამისო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი დროისათვის, მგზავრობის ხარჯები და ბინის ქირა. ამდენად, გ. დ.-ს, რომელიც მივლინებით იმყოფებოდა ...-ში, ქ. ...-ში უფლება ჰქონდა მიეღო, როგორც მგზავრობის ხარჯები და ბინის ქირა, ისე სადღეღამისო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი დროისათვის კანონით დადგენილი ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელი იყო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, არ გამოუკვლევია, ...-ში, ქ. ...-ში მივლინებაში ყოფნისას გ. დ.-ს კვება უფასო ჰქონდა თუ არა, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ...-ში, ...-ის ნაციონალურ აკადემიაში, დაუსწრებელ განყოფილებაზე სწავლა იყო უფასო. აღნიშნული გარემოების გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გ. დ.-სათვის ასანაზღაურებელი სადღეღამისო ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის, ვინაიდან “მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულების ¹2 დანართის (ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი) მე-3 პუნქტის თანახმად, მუშაკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას დღიური ხარჯები უნაზღაურდებოდათ ამავე ბრძანებულების ¹3 დანართის მიხედვით საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდენარეობდა, ხოლო იმავე მე-2 დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მუშაკების მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფდა კვების ხარჯებით, მაშინ მათ უნაზღაურდებოდათ დღიური ნორმის 30 პროცენტი. ამასთან, “მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულების ¹3 დანართის (ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით დღიური ანაზღაურების ნორმები) მიხედვით, ...- დღიური ანაზღაურების ნორმა შეადგენდა 25 აშშ დოლარს.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია სადავო თანხის (5425 აშშ დოლარი) ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მოსარჩელის მიერ აღნიშნული იმ კურსის გამოყენების ნაწილში, რაც არსებობდა ...-ში გ. დ.-ს მივლინების დროს, კერძოდ, 1999, 2000 და 2002 წლებში, მაშინ, როდესაც, ჯერ ერთი, გ. დ.-ს დასახელებულ წლებში არ მოუთხოვია ხსენებული დავალიანების ანაზღაურება და მეორეც, “მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულების ¹3 დანართით ...-ში მოკლევადიანი მივლინებისას დღიური ანაზღაურების ნორმა პირდაპირ იყო განსაზღვრული 25 აშშ დოლარით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და არ მიუთითებია კანონზე, რომლის საფუძველზეც დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული, არამედ მოსარჩელის მიერ მითითებული კურსითა და ოდენობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამივლინებო თანხის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი _ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები, ყოველმხრივ და ობიექტურად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.