ბს-169-165(2კ-08) 17 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
03.12.03წ. მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ყადაღა დადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ ერიცხებოდა 533 805 ლარის საგადასახადო დავალიანება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის ქონების მიმართ წარმოშობილია გირავნობის უფლება სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად საწარმოს და საჯარო რეესტრს გაეგზავნა გირავნობის (იპოთეკის) შესახებ საგადასახადო შეტყობინება. გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მის ქონებას დაედებოდა ყადაღა. შპს “გ.-მ” დავალიანება არ დაფარა. მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანებით გადამხდელის ქონებას საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღა დაედო და შედგა შესაბამისი აქტი. მოსარჩელემ საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შპს “გ.-ს” ყადაღა დადებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.04.04წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა, გადაწყდა მოპასუხე შპს “გ.-ს” ყადაღა დადებული ქონების რეალიზაცია სპეციალიზებულ ღია აუქციონზე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.04.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ.-მ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.06წ. განჩინებით საქმეში მე-3 პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტო” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.07წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექცია, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.04.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 08.05.03წ. @¹1-3/408 ბრძანებით შპს ,,გ.-ს” რეორგანიზაციის (ნატურით გაყოფის) შესახებ” განხორციელდა შპს ,,გ.-ს” რეორგანიზაცია ნატურით გაყოფის გზით და ჩამოყალიბდა ორი კერძო სამართლის იურიდიული პირი: შპს ,,გ” და შპს ,,გნ.-ი”. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 30.05.03წ. დადგენილებით განხორციელდა შპს ,,გ.-ს” რეგისტრაცია. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 616720 ლარით. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახით, რომლის წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 100%-ს. დადგენილებაში მითითებული შენიშვნის თანახმად, შპს ,,გ” შეიქმნა შპს ,,გ.-ს” რეორგანიზაციის (დაყოფის) შედეგად. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 13.10.03წ. დადგენილებით შპს ,,გ.-ს” რეგისტრაციაში შევიდა ცვლილება, საწარმოს საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 956 812 ლარით. საზოგადოების პარტნიორად მითითებულ იქნა სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებს ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საწარმოთა მართვის სააგენტო”, გარდა წილების პრივატიზებისა და განკარგვის უფლებამოსილებისა, რასაც ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, რომლის წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენდა 100%-ს. შპს ,,გ.-ს” ქონების დაყადაღების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 19.08.03წ. ¹80-21 ბრძანებით შპს ,,გ.-ს” საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 23.04.03წ. მდგომარეობით ერიცხებოდა ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების დავალიანება 533 805 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოშობილ იქნა გირავნობის უფლება საწარმოს იმ ქონების (მატერიალური და არამატერიალური აქტივები) მიმართ, რომლის ლიკვიდური ღირებულება საკმარისია საგადასახადო ვალდებულების დაფარვისათვის. ქონებას ამ კოდექსის 245-ე მუხლის შესაბამისად დაედო ყადაღა, გამოცხადდა ყადაღა დადებულად, რაც ნიშნავდა გადასახადის გადამხდელის ქონების აღწერას, ქონების განკარგვის (გადამხდელდის მიმართ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების) აკრძალვის გამოცხადებას და ქონების შესანახად გადაცემას. დაყადაღებული ქონება შესანახად გადაეცა შპს ,,გ.-ს” დირექტორს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 01.05./1175 ¹25-03 წერილით ქალაქ თბილისის საჯარო რეესტრის დეპარტამენტს წარედგინა შეტყობინება ,,გ.-ს” მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ და ეთხოვა მისი რეგისტრაციაში გატარება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 09.01.07წ. ¹1-1/18 ბრძანებით დამტკიცდა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა და საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანილ იქნა ...-ს ქ. ¹14-ში მდებარე ,,გ.-ს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი. დაევალა პრივატიზების დეპარტამენტს პრივატიზების ორგანიზება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის საგანი და მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის მოთხოვნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 247.1 მუხლის თანახმად, შპს ,,გ.-ს” ყადაღა დადებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება შეადგენდა. განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა შპს ,,გ.-თვის” გადასახადების დარიცხვის, აგრეთვე მის ბალანსზე არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,გ.-ს” დამფუძნებელი პარტნიორი და 100% წილის მესაკუთრეა სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებს ახორციელებს სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტო”, გარდა წილების პრივატიზებისა და განკარგვის უფლებამოსილებისა, რასაც ახორციელებს საქართევლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფლებამონაცვლე). სარჩელის სასამართლოში შეტანის მომენტისათვის მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” (11.06.2007წ. კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატების შემდეგ ,,სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონი) საქართველოს კანონის 3.3 ,,ა” მუხლით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლე) იყო სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, რომელიც ფლობდა, განკარგავდა და მართავდა სახელმწიფო ქონებას. მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოში პრივატიზების ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არის სახელმწიფოსგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, რომელიც ფლობს, განკარგავს და მართავს სახელმწიფო ქონებას. ამრიგად, სპეციალური ნორმატიული აქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების (წილის) განკარგვის (რეალიზაციის) უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და მათ შორის საგადასახადო ორგანოები არ იგულისხმება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და საწარმოთა მართვის სააგენტოს 11.12.03წ. შეთანხმების (¹03-04/7876) შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს” თანხმობა შპს ,,გ.-ს” ქონების (წილის) სპეციალიზირებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ და სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილი პირის – საქართველოს ეკონომიკური განთივარების სამინისტროს ან/და მის მიერ დელეგირებული – სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს ,,გ.-ს” 100% წილის – ყადაღა დადებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 09.01.07წ. ¹1-1/18 ბრძანებით საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანილ იქნა ...-ს ქუჩის ¹14-ში მდებარე ,,გ.-ს” საკუთრებაში არსებული 100% წილი და ორგანიზებულ იქნა ობიექტის პრივატიზების პროცესი. ამასთანავე, შპს ,,გ.-ს” ქონებას ყადაღა ჰქონდა დადებული და მის მიმართ მოქმედებდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. სააპელაციო პალატის განმარტებით, საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების არსებობა არ ზღუდავს ქონების (წილის) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვის შესაძლებლობას, ვინაიდან: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282.2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება 2005 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო პერიოდებზე, რომლებიც მთავრდება 2005 წლის 1 იანვრამდე. ამ კოდექსის 85.7 მუხლით თუ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს სახელმწიფოს მიერ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების გაუქმების გარეშე, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე იპოთეკის/გირავნობის უფლების მიმართ, რომელიც არსებობდა გაყიდვამდე ან გადაცემამდე. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, იმ ქონების გადაცემის ხელშეწყობის მიზნით, რომელზეც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გააუქმოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუ საგადასახადო ორგანო ქონების სანაცვლოდ მიიღებს ამონაგებ თანხას ან თუ საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია. სააპელაციო პალატის განცხადებით, შპს ,,გ.-ს” 100% წილის პრივატიზების შემთხვევაში, ამ ქონებაზე არსებული გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელდება ახალი მფლობელის მიმართ, ასევე საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს საგადასახადო იპოთეკის გაუქმების სანაცვლოდ ამონაგები თანხა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.
კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სსკ-ის 384-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოში. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და საქმეზე მიღებულ იქნა არსებითი გადაწყვეტილება. კასატორის აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გაითვალისწინა თბილისის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს “გ.-ს” ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ცნობილი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის. თბილისის საგადასახადო ინსპექციასთან ყადაღა დადებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის აკრძალვა ან მორიგება არ მომხდარა. ამ პირობებში საგადასახადო ინსპექცია უფლებამოსილი იყო აღეძრა სარჩელი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ქონების რეალიზაციის შესახებ. საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლი საგადასახადო დავალიანების დაუფარავობის შემთხვევაში არ ითვალისწინებდა რაიმე შეზღუდვას იმ საწარმოთა ქონების რეალიზაციის დროს, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.04.04წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. საქმეში დაცული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მოპასუხეს ბიუჯეტის მიმართ აღიარებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება აქვს. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად მისი ქონების მიმართ წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის უფლება სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხესა და საჯარო რეესტრს გაეგზავნათ გირავნობის შესახებ შეტყობინება. ამავე კოდექსის 245-ე მუხლის თანახმად, მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანებით ყადაღა დაედო მოპასუხის ქონებას და შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი. აღნიშნული საკმარის საფუძველს ქმნიდა შპს “გ.-ს” ქონების ღია აუქციონზე გასატანად. კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.