¹ბს-171-160 (კ-07) 13 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
სხომის მდივანი - გ. ილინა
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი მ. ნ.-ი (მინდობილობა 17.07.07წ., ¹...)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ი.-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.06წ. განჩინება
დავის საგანი - იძულებითი განაცდურის და რეალურ ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
18.09.06წ. ა. ი.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (ამჟამად შემოსავლების სამსახურის) მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 25.02.05წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 322 ლარის ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. სასამართლოს გადაწყვეტილება 02.08.06წ. აღსრულდა. იძულებითი განაცდურის თანხამ გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის 6015 ლარი შეადგინა.
მოგვიანებით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ სამსახურიდან მისი განთავისუფლებიდან (05.01.05წ.) საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” ...-ის თანამდებობრივი სარგო საშტატო განრიგით შეადგენდა 500 ლარს და ეძლეოდა კვების დანამატი 59 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 2005 წლის 05 იანვრიდან მას უნდა მიეღო 559 ლარი. შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის (02.08.06წ.) იძულებითი განაცდურის ოდენობამ 10067 ლარი შეადგინა. სხვაობა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებულ თანხასა და იძულებით განაცდურის ფაქტიურ ოდენობას შორის 4052 ლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციისათვის ცნობილია, რომ თანამდებობრივი სარგო 559 ლარს შეადგენდა, ნაცვლად სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული თვიური შრომის გასამრჯელოს 322 ლარისა, ადმინისტრაციამ უარი განუცხადა მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დაკმაოფილებაზე. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული იძულებით განაცდურისა და რეალურ ხელფასს შორის სხვაობის - 4052 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.06წ. გადაწყვეტილებით ა. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მთლიანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.06წ. განჩინებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს 17.10.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 22.12.05წ. განჩინებით ძალაში შევიდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 05.02.05წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა იძულებითი განაცდურის, თვეში 322 ლარის ანაზღაურება. რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” 08.02.05წ. ცნობის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ რეგიონალური საბაჟოს ...-ის თანამდებობრივი სარგო 2005 წლის 5 იანვრიდან შეადგენდა 500 ლარს და ეძლეოდათ ასევე კვების დანამატი 59 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად ა. ი.-ის კუთვნილი ხელფასი 2005 წლის 5 იანვრიდან შეადგენდა თანამდებობრივ სარგოს 500 ლარის ოდენობით და შეიცავდა ასევე კვების დანამატსაც 59 ლარის ოდენობით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 და შკკ-ის 207-ე მუხლის მიხედვით, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან. პალატამ მიიჩნია, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ა. ი.-სათვის უნდა მოხდეს 2005 წლის 5 იანვრამდე არსებული ხელფასის შესაბამისად და 2005 წლის 5 იანვრიდან ა. ი.-ის გათავისუფლებამდე პერიოდში დადგენილი ხელფასის შესაბამისად. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს იმ ოდენობით, რა ოდენობის ხელფასიც იყო განსაზღვრული საშტატო განრიგით იძულებით გაცდენილი მთელი დროის განმავლობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.06წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (ამჟამად შემოსავლების სამსახურის მიერ). კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.12.05წ. განჩინებით ძალაში შევიდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნა, საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა იძულებითი განაცდური თვეში 322 ლარის ანაზღაურება. იმ პერიოდში მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ არსებობს ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული, ვინაიდან ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად გამოეყო თანხა, რის გამოც თანხები უნდა გაიცეს ფინანსთა სამინისტროს მიერ. მითუმეტეს, რომ ,,2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით საბაჟო დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავდა გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის გათვალისწინებულ თანხას. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სსკ-ის 393.2 და 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო პალატის 05.07.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო პალატის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე ა. ი.-მ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ რაიონული სასამართლოს 15.02.05წ. გადაწყვეტილებით ა. ი.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹20-კ ბრძანება ა. ი.-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, ა. ი.-ე აღდგენილ იქნა რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საბაჟო გაფორმების განყოფილების ...-ის მოვალეობის შემსრულებლად, საბაჟო დეპარტამენტს ა. ი.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა თვეში 322 ლარის ოდენობით სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების ანუ სამუშაოზე აღდგენის დღემდე, მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მისი მუშაობის პერიოდში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების 1666,31 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 22.06.05წ. და საკასაციო სასამართლოს 22.12.05წ. განჩინებებით. განსახილველი საქმის დავის საგანს შეადგენს იძულებითი განაცდურის და რეალურ ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურება, ამდენად მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე. შესაბამისად საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურში აღდგენის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას. იძულებითი განაცდურის ანაზრაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფებამდე, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს სამომავლო უფლების აღდგენას. კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით სამსახურიდან გათავისუფლების დადგენა, რეორგანიზაციის გამო ...-ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 05.01.05წ. ¹24-კ ბრძანების ბათილად ცნობა წარმოშობს ადმინისტრაციის ვალდებულებას აღადგინოს მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებლებელი გარემოება. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ადასტურებს იმას, რომ მუშაკი იმავდროულად პასუხობდა იმ სალიკვიდაციო მოთხოვნებს, რომლებიც წარედგინებოდა ა. ი.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ გაზრდილი ხელფასის მქონე მოსამსახურეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აუნაზღაუროს ა. ი.-ს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანუ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ნიშნავს იმას, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც ა. ი.-ე იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული ანაზღაურების შესაბამისად. გაზრდილი ხელფასი კასატორს დაენიშნებოდა სასამართლოს გადაწვეტილების აღსასრულებლად გამოცემული აქტით სამსახურში დანიშვნის შემდეგ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 25.02.05წ. გადაწყვეტილების, სააპელაციო პალატის 22.06.05წ. განჩინების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.12.05წ. განჩინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 02.08.06წ. ¹380-კ ბრძანებით ა. ი.-ე აღდგენილ იქნა სამსახურში, ა. ი.-ის განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის თავმჯდომარის 02.08.06წ. ¹381-კ ბრძანებით ა. ი.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ა. ი.-ს ისე აუნაზღაურდა ულუფის თანხები, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია შედიოდა თუ არა აღნიშნული თანხები იმ თანხებში, რომელიც კასატორს უკვე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდურის სახით. საქმის ხელახალი განხილვსას სასამართლომ უნდა იმსჯელოს აგრეთვე ულუფის, როგორც შრომის ანაზღაურებისაგან განსხვავებული - შრომითი ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურების, იძულებითი განაცდურის სახით გაცემის შესაძლებლობაზე. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამსაჯურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იძულეითი განაცდურის ანზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატი), შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება. ამასთანავე, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების (05.01.05წ.) პერიოდში მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად საბაჟო ორგანოს სახელმწიფო მოხელეზე ვრცელდება პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრულია ,,პოლიციის შესახებ” კანონით. ,,პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის (,,პოლიციელის სოცალური დაცვა”) თანახმად ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი სარგოებისაგან. ხსენებული ნორმით ხელფასისაგან გამიჯნულია ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს იძულებითი განაცდურის და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. რეალურ ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურებაზე, სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რა თანხებისაგან შედგებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ა. ი.-სათვის უკვე ანაზღაურებული იძულებითი განაცდური, გაარკვიოს შედიოდა თუ არა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თანხებში ულუფის თანხა, ასეთის აუნაზღაურებლობის შემთხვევაში სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა ამ თანხების იძულებითი განაცდურის სახით ანაზღაურების შესაძლებლობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპოცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.06წ. განჩინება;
2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.