¹ბს-171-161(კ-06) 17 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – კ. ს-ა; ადვოკატი – დ. ყ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ნებართვების, მოსაკრებლებისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური
მესამე პირი – ჯ. გ-ე; ადვოკატი – მ. ღ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უკანონო მშენებლობის აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 16 ივლისს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ო. გ-ის მიმართ მოპასუხის მიერ უკანონოდ ამოჭრილი ფანჯრების ამოქოლვისა და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹110-ში მცხოვრებმა ო. გ-ემ საკუთარ სახლზე ორი ფანჯარა მოაწყო სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე. აღნიშნულზე იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის თანამშრომლებმა 2004 წლის 3 ივნისს შეადგინეს ოქმი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ, ხოლო 2004 წლის 24 ივნისს, იმის გამო, რომ ო. გ-ემ ვერ წარადგინა ფანჯრის ღიობებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის “თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნა ¹43 დადგენილება ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹110-ში მცხოვრები მოქალაქე ო. გ-ის უკანონოდ ამოჭრილი ფანჯრების ამოქოლვისა და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კ. ს-ას შუამდგომლობა და იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში ჩაება მესამე პირად.
მოპასუხე ო. გ-ემ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მესამე პირმა კ. ს-ამ მოითხოვა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ო. გ-ეს დაევალა ქ. ქუთაისში, .... ქუჩის ¹110-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სათანადო ნებართვის გარეშე მოწყობილი ორი ფანჯრის ღიობის ამოშენება და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ო. გ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 მარტის განჩინებით ოლეგ გვენეტაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისში, .... ქუჩის ¹110-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა მოქალაქე გ. კ-ეს და იგი 2003 წლის 3 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ო. გ-ემ შეიძინა, რომლის სახელზედაც შემდგომში სახლი აღირიცხა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დანაშაულთა აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების კომისიის 1986 წლის 18 დეკემბრის ¹5 ოქმის ამონაწერი, რომლის შესაბამისად, დავა მეზობლებს _ კ. ს-ა და გ. კ-ეს შორის არსებობდა ადრე პერიოდშიც, კონკრეტულად, აღნიშნული ოქმის პირველ პუნქტში მითითებული იყო, რომ, რადგანაც მოქალაქე კ. ს-ას სახლი მოქალაქე გ. კ-ის სახლთან ახლოს დგას წიბოთი და სახლებს შორის მანძილი 8 მეტრია და დაცულია სახანძრო უშიშროების წესები, ამიტომ კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოქალაქე გ. კ-ის სახლზე მინაბლოკით აშენებული ფანჯრები, ფარმუკებით მოქალაქე კ. ს-ას სახლის მხარეზე დარჩეს ამჟამად არსებულ მდგომარეობაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის საგანი, ანუ კ. ს-ას მხარეზე მდებარე ფანჯრები, ამოშენებული იყო მინაბლოკით და ო. გ-ემ სახლის ყიდვის შემდეგ, კ. ს-ან შეთანხმების გარეშე, მოახდინა ცვლილება, კერძოდ, მინაბლოკის ნაცვლად, სათანადო ნებართვისა და მეზობელ კ. ს-ას თანხმობის გარეშე, ჩააშენა ჩვეულებრივი ფანჯრები.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ო. გ-ის მიერ დაირღვა ნაკვეთების საზღვრებზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესები (საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანება), კერძოდ, მართალია, კ. ს-სა და ო. გ-ეს სახლებს შორის მანძილი 8 მეტრია, მაგრამ ო. გ-ის საცხოვრებელი სახლი, ნაკვეთებს შორის გამყოფი საზღვრიდან, დაშორებულია 5 მეტრით ნაკლებ მანძილზე, ამდენად, მას კ. ს-ას სახლის მხარეზე ფანჯრების მოსაწყობად ამ უკანასკნელის თანხმობა სჭირდებოდა.
მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ოლეგ გვენეტაძემ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ტექაღრიცხვის ბიუროს ცნობით, ფანჯარა, რომლის ღიობიც სახლის მშენებლობის დროს, 1967 წელს უკვე გაჭრილი იყო, თავის დროზეც კანონიერად იყო გაჭრილი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოხსენებული დოკუმენტი და ყურადღება გაამახვილა მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებულ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დანაშაულთა აღკვეთის პროფილაქტიკური ღონიძიებების კომისიის 1980 წლის 18 დეკემბრის ¹5 ოქმის ამონაწერზე. ამასთან, საქმეში არ არსებობს აღმასკომის გადაწყვეტილება, რაც აუცილებელი იყო მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაცვლელად. ფანჯარა, რომელიც სადავოა, უკანონო არ არის, რადგან ძველი მესაკუთრის მიერ გაჭრილია პროექტის შესაბამისად. პროექტის დამზადების პერიოდში მეზობლების თანხმობა რომ ყოფილიყო ამ რადიუსში სახლის ასაშენებლად, ასეთი მოთხოვნილი იქნებოდა, რაც შეეხება ღიობის ამოშენებას, აღნიშნულის თაობაზე დავა ხანდაზმულია.
კასატორის მითითებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანება, ძირითადად, 2001 წლის 18 სექტემბრის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებს და იგი არ შეიძლებოდა შეხებოდა 1967 წელს გაცემულ პროექტს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მოითხოვა საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 ივნისის განჩინებით ოლეგ გვენეტაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ო. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 19 სექტემბრის ¹57 ბრძანებით დამტკიცებული ნაკვეთის საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობის მშენებლობის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით, ნებადართულია საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთების საზღვრიდან არანაკლებ 5 მეტრისა. კ. ს-ას სახლი დაცილებულია 8 მეტრით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამეზობლო მიჯნის მხარეს განთავსებულ კედელში შესაძლებელია ფანჯრებისა და სხვა სახის ღიობების მოწყობა ნებართვის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფანჯრებით არ ირღვევა კ. ს-ას ინტერესები, ვინაიდან კ. ს-ას სახლში ჩაუხედაობის პრინციპი დარღვეული არ იყო.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის 1966 წლის 7 თებერვლის ¹08 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სსრ ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში საკარმიდამო განაშენიანების ზონაში ნაკვეთების საზღვარზე (მიჯნაზე) მშენებლობის წესების” მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებადართულია საცხოვრებელი სახლის (ნაგებობის) მოთავსება ნაკვეთების საზღვრიდან (მიჯნიდან) არა უმეტეს 5 მეტრისა. ამასთან, აღნიშნული წესების მე-4 პუნქტის ბოლო წინადადების შესაბამისად, ფანჯრები არ შეიძლება ჩაითვალოს წინაღობად იმავე მეზობლის მიერ საზღვარზე შემდგომი მშენებლობის დროს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მეზობლის ნოტარიული თანხმობა საჭიროა 5 მეტრზე ნაკლები დაშორების შემთხვევაში ღიობის გაკეთებისას, ამ შემთხვევაში კი ღიობი არ გაუკეთებია ო. გ-ეს, მან არსებული მინა-ბლოკის ნაცვლად ჩასვა ფანჯარა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-ამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით არამართებულია, ვინაიდან სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, მტკიცებულებათა ყოველმხრივ სრული და ობიექტური შეფასების შესახებ. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ 2004 წლის 3 ივნისს იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის თანამშრომლის მიერ შედგენილ იქნა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ ოქმი, ვინაიდან ო. გ-ემ ვერ წარმოადგინა ფანჯრის ღიობის მოწყობისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
კასატორის მითითებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2004 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ნებადართულია საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთების საზღვარზე იმ პირობით, რომ კედელი აგებული მის გასწვრივ, იქნება ღიობის (კარები, ფანჯარა და სხვა) ყოველგვარი ხვრელების გარეშე. ო. გ-ეს სამეზობლო საზღვარზე მოწობილი აქვს ორი ფანჯრის ღიობი ნებართვის გარეშე, რითაც ასევე დარღვეულია ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,კ და ,,ა” ქვეპუნქტები.
ამასთან, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ს-ას საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს ინფრასტუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის მიერ 2004 წლის 3 ივნისს შედგენილი იქნა არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ ოქმი, რომელშიც დაფიქსირდა ო. გ-ის მხრიდან ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ.ა” ქვეპუნქტის დარღვევა.
იმავე წლის 21 ივნისს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის მიერ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” პუნქტის, ,,კ.ა” და ,,კ.ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე მიღებულ იქნა დადგენილება ¹43, რომლის შესაბამისადაც, ო. გ-ეს, იმ მოტივით, რომ ვერ წარმოადგინა ფანჯრის ღიობის მოწყობისათვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაცია, დაევალა ფანჯრის ღიობების ამოშენება და სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. გ-ის სახლი მომიჯნავე კ. ს-ას სახლიდან დაშორებული იყო 8 მეტრით, რის გამოც სახეზე არ იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 19 სექტემბრის ¹57 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნაკვეთების სახღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი და, შესაბამისად, არ არსებობდა ფანჯრების ამოშენების საფუძველი.
კასატორი კ. ს-ა სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნულთან მიმართებაში წარმოადგენს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა მოხდა საქმეში დაცული მტკიცებულებების არასწორი შეფასების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლომ კ. ს-ას საკასაციო საჩივრის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია საფუძვლიანია და ექვემდებარება გაზიარებას.
საქმეში, ს.ფ.50-ზე, დაცულია ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დანაშაულთა აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების კომისიის 1980 წლის 18 დეკემბრის ¹5 ოქმი, რომლის საფუძველზეც კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოქ. გ. კ-ის (სახლი შემდგომში ამ უკანასკნელის მიერ გასხვისებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარე _ ო. გ-ზე) სახლის მინაბლოკით ამოშენებული ფანჯრები, ფრამუკებით მოქ. კ. ს-ას სახლის მხარეზე დარჩეს ამჟამად არსებულ მდგომარეობაში და მოქ. გ. კ-ეს მოქ. კ. ს-ას სახლის მხარეზე აეკრძალოს რაიმეს აგება, მიშენებითი სამუშაოების ჩატარება, მოქ. კ. ს-თან შეთანხმების გარეშე და/ან სხვა ცვლილებების შეტანა.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ობიექტზე მიშენების წარმოება არქიტექტურის ორგანიზაციების კომპეტენციაა და არა დასახელებული კომისიის, რის გამოც მითითებულ დოკუმენტს მტკიცებულებად არ მიიჩნევს.
გარდა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, სამეზობლო დავის არსებობის შემთხვევაში, მითითებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლები, ასევე არ გააუანალიზებია ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 2004 წლის 25 აგვისტოს გაცემული ამონაწერი, რომლშიც, ზემოაღნიშნული კომისიის დასკვნის საფუძველზე, განხორციელებულია შესაბამისი ჩანაწერი და რომლითაც გ. კ-ის კუთვნილი სახლის @¹2 და ¹8 ოთახები ექვემდებარება უცვლელად დატოვებას.
საგულისხმოა, რომ დოკუმენტს, რომელსაც სააპელაციო სასამართლო არ ანიჭებს მტკიცებულების ძალას, მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ექვემდებარება სათანადო შეფასებას.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ო. გ-ესა და კ. სტურუას სახლები დაცილებულია 8 მეტრით. გარდა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა ზემოაღნიშნულ გარემოება, იმავდროულად სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,ნაკვეთის საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესების” მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელშიც საუბარია საცხოვრებელი სახლის ნაკვეთის საზღვრიდან და არა სახლიდან 5-მეტრიანი დაცილების სავალდებულობის თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს საქმის შემდგომი განხილვის ეტაპზე.
აქვე საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს თავად დავის შინაარსს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივად ცდება დავის არსს, როდესაც დასაბუთებას განავითარებს და გადაწყვეტილებას აფუძნებს იმ გარემოებაზე, არის თუ არა სახეზე კ. ს-ას უფლებების დარღვევის ფაქტი, მაშინ, როდესაც სარჩელი აღძრულია იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის მიერ, რომელიც ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას ითხოვს არა იმ მოტივით, რომ აღნიშნულით ირღვევა ,,ნაკვეთის საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესების” მოთხოვნები, არამედ იმიტომ, რომ სახეზეა არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევა: ობიექტის მშენებლობა დაწყებულია უნებართვოდ და დაწყებულია უპროექტოდ.
არც ერთი საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამოკვლეული არ არის.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნულზე და მიაჩნია, რომ სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს სარჩელში დაყენებულ საფუძვლებზე და მითითებული საფუძვლების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების გზით გადაწყვიტოს მოთხოვნის კანონიერების საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე შემდგომი გამოკვლევა _ შესწავლის მიზნით ექვემდებარება იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.