Facebook Twitter

ბს-17-17(კ-08) 27 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე _ (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი _ გ. ჯ-ე, წარმომადგენელი მ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. ზ. ა-ე, წარმომადგენელი ნ. ფ-ე; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი შ. ბ-ი; 3. არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახური; 4. ქუთაისის მერია, წარმომადგენელი ე. გ-ი; 4. ნოტარიუსი ე. გ-ი

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ აქტებში, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 16 თებერვალს გ. ჯ-ემ აღიარებითი სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 1993 წლის 17 ოქტომბრის ¹223/98 საუწყებათაშორისო კომისიის აქტის შესაბამისად დაკანონებული უნებართვო რეკონსტრუქციის მოსარჩელის მიერ განხორციელების აღიარება მოპასუხის _ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურის მიერ, რითაც დადგინდება ქ. ქუთაისში, ......... გამზირისა და ........ ქ. ¹51/1-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილზე, კერძოდ, მთლიანი სახლთმფლობელობისა და საერთო მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილზე, რაც შედგება 21.6 კვ.მ ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან, ორი დამხმარე ოთახისაგან, ეზოში არსებული დამხმარე სათავსოსაგან, გ. ჯ-ის მფლობელობისა და საკუთრების უფლება (იხ. ს.ფ. 1-4; ტ.I).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა 1993 წლის 17 ოქტომბრის ¹223/98 საუწყებათაშორისო კომისიის აქტის შესაბამისად დაკანონებული უნებართვო რეკონსტრუქციის მოსარჩელის მიერ განხორციელების აღიარება ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურის მიერ და აღნიშნულის საფუძველზე ქ. ქუთაისში, ...... გამზირისა და ........ ქ. ¹51/1-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილის მიწის ნაკვეთთან ერთად საჯარო რეესტრში აღრიცხვა გ. ჯ-ის საკუთრებად (იხ. ს.ფ. 85-86; ტ.I).

2006 წლის 9 აგვისტოს ზ. ა-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.II)

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ზ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა (იხ. ს.ფ. 24; ტ.II).

2006 წლის 9 აგვისტოს ზ. ა-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის – გ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2006 წლის 20 ივლისის ¹762 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის დავალდებულება ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹75-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვა ზ. ა-ის სახელზე (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.II).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹75-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვა ზ. ა-ის სახელზე რეგისტრაცია, გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების 1993 წლის 17 ოქტომბრის ¹...... აქტით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული აწ გარდაცვლილი შ. ლ-ის სახელზე რიცხული ქ. ქუთაისში, ..... გამზ. ¹75-ში მდებარე საცოხვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი; ქუთაისის მერიის 1993 წლის 3 ნოემბრის ¹...... განკარგულებით დამტკიცდა საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების აქტი ¹..... აწ გარდაცვლილი შ. ლ-ის სახელზე რიცხული ...... გამზ. ¹75-ში მდებარე საცოხვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთის ფართი განისაზღვრა 447,5 კვ.მ-ით ფაქტობრივი მდგომარეობით.

საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის 2005 წლის 12 აგვისტოს ამონაწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება ირიცხება აწ გარდაცვლილი შ. ლ-ის სახელზე საკუთრების უფლებით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ქუთაისის მერიის 1993 წლის 3 ნოემბრის ¹..... განკარგულება და სახელმწიფო მიმღები კომისიის 1993 წლის 17 ოქტომბრის ¹..... აქტი. 2005 წლის 18 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ ზ. ა-ემ მიიღო მისი დიდი ბაბუის შ. ლ-ის დანაშთი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹75-ში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი საჯარო რეესტრში სადავო ქონების ზ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლობის მოტივით არ გაიზიარა გ. ჯ-ის მოთხოვნა საუწყებათაშორისო კომისიის 1993 წლის 17 ოქტომბრის ექსპლუატაციაში მიღების აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც გახდებოდა საფუძველი 1993 წლის 3 ნოემბრის ¹..... განკარგულებაში ცვლილების შეტანისა იმ მიმართებით, რომ ქუთაისში, ..... გამზირისა და ........ ქ. ¹75/1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ნაწარმოები რეკონსტრუქციები ცნობილ იქნეს მის მიერ განხორციელებულად.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, გ. ჯ-ე მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული რეკონსტრუქცია მის მიერ განხორციელდა 1977-78 წლებში და მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილების, მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 18 სექტემბრის ¹765/მ განკარგულების და მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილების საფუძველზე საცხოვრებელი სახლის ნაწილის რეკონსტრუქცია ცნობილ უნდა იქნეს მის მიერ განხორციელებულად.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, სახ. დეპ. საქალაქო საბჭოების აღმასკომებს უფლება მიეცათ გამონაკლისის სახით მოეხდინათ 1974 წლის სექტემბრამდე თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაცია. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 18 სექტემბრის ¹765/გ განკარგულებით ნება დაერთო ქუთაისის სახ. დეპ. საქალაქო საბჭოს აღმასკომს გამონაკლისის სახით სამართლებრივ რეგისტრაციაში გაეტარებინა ქალაქის ტერიტორიაზე 1989 წლის 1 ივლისამდე უნებართვოდ აგებული საცხოვრებელი სახლები, რომელთა საერთო ფართი არ აღემატებოდა ზღვრულ ოდენობას და თუ Mამის შედეგად არ დაირღვევოდა ქალაქისა და სხვა დასახლებული ადგილების განაშენიანების მოთხოვნები.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დადგენილებებისა და განკარგულების საფუძველზე მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში მიღებისა და მისი დამტკიცების აქტი, რის გამოც საფუძველს მოკლებულია სახლის ნაწილის გ. ჯ-ის მიერ რეკონსტრუირებულად ცნობა და ამ მიმართებით ცვლილების შეტანა, რადგან გ. ჯ-ე არ წარმოადგენს სახლის მესაკუთრეს და არ არსებობს სახლის რეკონსტრუქციის მის მიერ განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, 1935 წელს შედგენილი შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულება ამ ეტაპზე არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სადავო სახლზე გ. ჯ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად და აღნიშნულზე მას შეუძლია აღძრას მოთხოვნა გამომდინარე “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონიდან (იხ. ს.ფ. 186-197; ტ.III).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ზ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაუფძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 204-206; ტ.III).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ფართი შ. ლ-ის საკუთრებას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ გ. ჯ-ის მიერ 1935 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ფართი არაა რეგისტრირებული მის სახელზე, სადავო ფართი აღრიცხულია შ. ლ-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფართის გ. ჯ-ის მიერ აშენების ფაქტი, მოწმეების მიერ დადასტურდა მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. ჯ-ე ცხოვრობდა სადავო ფართში, რაც არ გულისხმობს გ. ჯ-ის მიერ ფართის აშენებას. ამასთან, მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს სადავო ფართის ჯ-ის მიერ აშენების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ასევე არ არსებობს სამშენებლო მასალების ყიდვის დამადასტურებელი ქვითრები და სხვა დოკუმენტები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილების პირველი პუნქტისა და 1989 წლის 18 სექტემბრის ¹765/მ განკარგულების შესაბამისად, მოხდა სადავო ფართის შ. ლ-ის სახელზე რეგისტრაცია. მითითებული დადგენილებისა და განკარგულების მიხედვით ქუთაისის აღმასკომს ნება დაერთო სამართლებრივ რეგისტრაციაში გაეტარებინა ქალაქი ტერიტორიაზე 1989 წლის 1 ივლისამდე უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლები, ასევე სადავო ფართის დაკანონება მოხდა მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილების საფუძველზე, რომლის თანახმად, 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები _ 1974 წლის სექტემბრამდე და _ თუ მათი სასარგებლო ფართები არ აღემატება 136 კვ.მ მათი შორის საცხოვრებელი ფართობი 96 კვ.მ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საცხოვრებელი სახლი ირიცხება ლოსაბერიძის სახელზე, საქმის მასალებით არ დასტურდება ჯ-ის მიერ სადავო ფართის აშენება, რის გამოც მოხდა სადავო ფართის ექსპლუატაციაში მიღება ლოსაბერიძის სახელზე და არ არსებობს ექსპლუატაციის ამ აქტში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჯ-ის მოთხოვნები – ზ. ა-ის სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და მინისტრთა კაბინეტის ზემოთ მითითებული დადგენილებებიდან გამომდინარე ექსპლუატაციის აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რის გამოც მოხდა ორივე მოთხოვნის ერთდროულად განხილვა და გადაწყვეტა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ზ. ა-ის სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის საფუძველი, რადგან საცხოვრებელი სახლი ირიცხება ლოსაბერიძის სახელზე, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებებისა სამკვიდრო აქტივებისა და სამკვიდრო პასივების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის (იხ. ს.ფ. 55-65; ტ.III).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, დაუსაბუთებელია, უხეშად დაირღვა საპროცესო ნორმები.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ რეკონსტრუქცია განხორციელდა გ. ჯ-ის მიერ. სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული 1957 წლის 27 მაისის მინდობილობით, რომლის თანახმად, შ. ლ-ემ სახლის ნაწილი მიჰყიდა ქ. ბ-ეს – გ. ჯ-ის მშობლებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტი, რომ ზ. ა-ეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო სახლთმფლობელობის სადავო ნაწილი იგივეა, რაც დატოვა შ. ლ-ემ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 1977-1978 წლებში განხორციელებულ რეკონსტრუქციას ვერ მოახდენდა გარდაცვლილი ადამიანი და რომ ფართი პირვანდელი მდგომარეობის ანალოგი არ არის.

სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინება დაამყარა მხოლოდ ვარაუდზე და არ შეაფასა წერილობითი მტკიცებულებები, რითაც უხეშად დაარღვია სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლების მოთხოვნები, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა დადგენილი (იხ. ს.ფ. 74-76).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განჩინებით გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 113-118).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1993 წლის 17 ოქტომბრის ¹....... აქტით აწ გარდაცვლილი შ. ლ-ის სახელზე რიცხული ქ. ქუთაისში, ...... გამზირზე, ¹75-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეზოში არსებული სათავსოებითა და მიწის ნაკვეთით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ფაქტიური მდგომარეობით, რაც დამტკიცდა ქ. ქუთაისის მერიის 1993 წლის 3 ნოემბრის ¹...... განკარგულებით. ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მითითებული სახლთმფლობელობა აღრიცხულია საჯარო რეესტრში შ. ლ-ის სახელზე. საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 18 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობით შ. ლ-ის შვილიშვილმა – ზ. ა-ემ მემკვიდრეობით მიიღო ბაბუის სამკვიდრო ქონება _ ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹75-ში მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1993 წლის 17 ოქტომბრის ¹...... აქტსა და ქ. ქუთაისის მერიის 1993 წლის 3 ნოემბრის ¹..... განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის გ. ჯ-ის სახელზე აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806, 1989 წლის 18 სექტემბრის ¹765/მ და 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილებებით მოხდა თვითნებურად განხორციელებული მშენებლობის დაკანონება, მაგრამ აღნიშნული დადგენილებები არ ქმნის საცხოვრებელ სახლზე უფლების წარმოშობის საფუძველს. ანუ მითითებულმა დადგენილებებმა სამართლებრივ რეგისტრაციას დაუქვემდებარა თვითნებურად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ნებართვის გარეშე აშენებული საცხოვრებელი სახლები და იგი არ ადგენს განხორციელებულ მშენებლობაზე უფლების მინიჭების შესაძლებლობას ფართზე უფლების არსებობის გარეშე, რომლის რეკონსტრუქციაც განხორციელდა უნებართვოდ. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები მართებულად არ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც უტყუარად დადასტურებული იქნებოდა, რომ რეკონსტრუქცია განხორციელდა გ. ჯ-ის მიერ. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში გ. ჯ-ეს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება სადავო სახლთმფლობელობაზე არა აქვს დადგენილი. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ 1935 წლის 30 მაისის ნასყიდობის პირობა, რომლის თანახმად, შ. ლ-ემ მიჰყიდა მოსარჩელის მამას – ა. ჯ-ეს თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ნახევარი, რისი სანაცვლოდაც შ. ლ-ემ მიიღო 10000 მანეთი, მაგრამ აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელეს არ მოუხდენია კანონით დადგენილი წესით სახლის მის სახელზე აღრიცხვა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა ზ. ა-ის სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის შესახებ, რადგან ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹75-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღრიცხული იყო შ. ლოსაბერიძის სახელზე, შესაბამისად, შ. ლ-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილიშვილმა _ ზ. ა-ემ, მათ შორის ბაბუის სახელზე რიცხული სადავო საცხოვრებელი სახლიც სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, საკასაციო საჩივრის მოტივები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება; გ. ჯ-ეს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.