¹ბს-176-165(კ-07) 19 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ბ. ვ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. მ. ბ.-ა; 2. ქ. ქუთაისის მთავრობა, წარმომადგენელი _ ე. ნ.-ე; 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური; 4. ქ. ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი ე. გ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 მარტს ბ. ვ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ მ. ბ.-ს, ქ. ქუთაისის მთავრობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქ. ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ე. გ.-ის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ¹3-ში (ყოფილი ¹2) მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა მოსარჩელის ბაბუის _ ზ. ვ.-ის საკუთრებად, რომელშიც მოსარჩელე დაბადებიდან ცხოვრობდა და, ვინაიდან მისი მამა _ შ. ვ.-ი გარდაცვლილი იყო, მოსარჩელეს სადავო ქონება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის საფუძველზე, ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის იანვარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული სასარჩელო განცხადებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ. ვ.-ის კუთვნილი ქონების ნაწილი აღრიცხული იყო მ. ბ.-ს სახელზე. სათანადო საბუთების მოძიების შედეგად მოსარჩელემ გაარკვია, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე საცხოვრებელი სახლის ორ გამოყოფილ ნაწილზე განხორციელებული რეკონსტრუქციები და ხსენებული საცხოვრებელი სახლი ორ დამოუკიდებელ ნაწილად, ზ. ვ.-ისა და გ. ხ.-ის საკუთრებად იქნა რეგისტრირებული 1384 კვ.მ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე. გ. ხ.-ის გარდაცვალების შემდეგ კი, მის საკუთრებად აღრიცხული სახლის ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილიშვილმა _ მ. ბ.-მ.
მოსარჩელემ გ. ხ.-ის საკუთრებად სადავო სახლის ნაწილისა და, შესაბამისად, 1384 კვ.მ მიწის საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთად აღრიცხვა უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა ტექინვენტარიზაციის ბიუროს ზემოხსენებულ დასკვნაში აღნიშნული გარემოება, თითქოს გ. ხ.-მ შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სადავო სახლის ერთი ოთახი, რომელსაც ჩაუტარა რეკონსტრუქცია.
მოსარჩელის განმარტებით, გ. ხ.-ე წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახის დამქირავებელს, რომელიც იხდიდა აღნიშნულ საცხოვრებელ ფართზე დაწესებულ ქირას, შემდეგ კი ზ. ვ.-ისა და გ. ხ.-ის ოჯახები ერთმანეთს ნათელ-მირონობით დაუკავშირდნენ, რის გამოც ზ. ვ.-მ გაათავისუფლა იგი ქირის გადახდისაგან.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. გ. ხ.-ს კი არ გააჩნდა ქ. ქუთაისში, ...-ის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ქ. ქუთაისის მერიის 1999 წლის 8 თებერვლის ¹23 ბრძანება, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტი და ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2000 წლის 31 მაისს გაცემული ¹5638 სარეგისტრაციო მოწმობა იყო უკანონო. შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი 2001 წლის 27 ივნისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ქუთაისის მერიის 1999 წლის 8 თებერვლის ¹23 ბრძანების, სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტის, ქუთაისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2000 წლის 31 მაისს გაცემული ¹5638 სარეგისტრაციო მოწმობის, 2001 წლის 27 ივნისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის, სადავო სახლის ნაწილის მ. ბ.-ს საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობა და აღნიშნული სახლის მოსარჩელის საკუთრებად აღიარება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ...-ის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილის გ. ხ.-ის სახელზე აღრიცხვის ნაწილში ქ. ქუთაისის მერიის 1999 წლის 8 თებერვლის ¹23 ბრძანების, სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტის, ქუთაისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2000 წლის 31 მაისს გაცემული ¹5638 სარეგისტრაციო მოწმობის, 2001 წლის 27 ივნისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის, ასევე საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სადავო ნაწილის ზ. ვ.-ის საკუთრებად აღრიცხვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო კომისიის 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტი ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში მდებარე 20,48 კვ.მ ოთახის გ. ხ.-ის სახელზე აღრიცხვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 1999 წლის 8 თებერვლის ¹23 ბრძანება ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში მდებარე, გ. ხ.-ის სახელზე რიცხული სახლის ნაწილზე ნაწარმოები რეკონსტრუქციის, კერძოდ, 20,48 კვ.მ ოთახის ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2001 წლის 31 მაისს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ქ. ქუთაისში, ...-ის ¹3-ში მდებარე 20,48 კვ.მ ოთახის გ. ხ.-ის საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 27 ივნისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა იმ ნაწილში, რომლითაც მ. ბ.-ა ცნობილ იქნა მემკვიდრედ ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში მდებარე 20,48 კვ.მ ოთახზე; ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში მდებარე, მთლიან საცხოვრებელ, სასარგებლო და დამხმარე ფართზე მესაკუთრედ ბ. ვ.-ის ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ვ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მ. ბ.-მაც გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ვ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ბ. ვ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე 20,48 კვ.მ ფართის გ. ხ.-ის სახელზე აღრიცხვის ნაწილში სახელმწიფო კომისიის 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტის, ქ. ქუთაისის მერიის 1999 წლის 8 თებერვლის ¹23 ბრძანების, ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2001 წლის 31 მაისის სარეგისტრაციო მოწმობისა და ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში მდებარე 20,48 კვ.მ ფართის მ. ბ.-ს სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ ბ. ვ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში მდებარე მთლიან საცხოვრებელ, სასარგებლო და დამხმარე ფართზე მესაკუთრედ ბ. ვ.-ის ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში მდებარე, ზ. ვ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ერთ გამოყოფილ ნაწილზე და გ. ხ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის მეორე გამოყოფილ ნაწილზე ნაწარმოები რეკონსტრუქცია, მათ შორის, 20,48 კვ.მ ფართი. აღნიშნული აქტი დამტკიცდა ქ. ქუთაისის მერიის 1999 წლის 8 თებერვლის ¹23 ბრძანებით, სადავო ფართის ექსპლუატაციაში მიღებას კი საფუძვლად დაედო გ. ხ.-ის განცხადება აღნიშნული ფართის დაკანონების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომებს უფლება მიეცათ, როგორც გამონაკლისი, მოეხდინათ, 1974 წლის სექტემბრამდე თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია, თუ მიზანშეუწონელი იყო დადგენილი წესით მათი უსასყიდლოდ ჩამორთმევა და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების ფონდში ჩარიცხვა ან დანგრევა თუ მათი სასარგებლო ფართობი არ აღემატებოდა 136 კვ.მ-ს, აქედან საცხოვრებელი ფართობი _ 96 კვ.მ-ს. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 18 სექტემბრის ¹765/გ განკარგულებით ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს ნება დაერთო, როგორც გამონაკლისი, სამართლებრივ რეგისტრაციაში გაეტარებინა ქალაქის ტერიტორიაზე 1989 წლის 1 ივლისამდე უნებართვოდ აგებული საცხოვრებელი სახლები (სახლების ნაწილები), რომელთა საერთო ფართი არ აღემატებოდა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას და თუ ამის შედეგად არ დაირღვეოდა ქალაქისა და სხვა დასახლებული ადგილების განაშენიანების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილებით ,,საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: “1974 წლის სექტემბრამდე” და ,,თუ მათი სასარგებლო ფართობი არ აღემატება 136 კვ.მ-ს, მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი _ 96 კვ.მ-ს”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1994 წლამდე აგებული ნებისმიერი უნებართვო ფართის დაკანონება იყო შესაძლებელი. გ. ხ.-ის მიერ უნებართვო მშენებლობა განხორციელდა 1990 წელს. 2001 წლის 31 მაისს კი სადავო ფართი რეგისტრაციაში გატარდა გ. ხ.-ის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ფართი მდებარეობდა ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში, სადაც მდებარეობდა სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილიც. შესაბამისად, მოსარჩელისთვის თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი ზემოაღნიშნული მიშენების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ბ. ვ.-ის სარჩელი კი სასამართლოში შეტანილ იქნა 2005 წლის 29 მარტს, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ სადავო აქტისა და ამ აქტის დამტკიცების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის ბრძანების მიღებიდან 6 წლის შემდეგ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლების თანახმად კი, სარჩელი შეტანილი უნდა ყოფილიყო ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად, ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, ,,ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რის გამოც ბ. ვ.-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. ბ.-ს სახელზე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმების მოთხოვნაც. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ბ. ვ.-მ გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მიუთითა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა იგი იმ დასკვნამდე, რომ სახლის ნაწილი აგებული იყო გ. ხ.-ის მიერ, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1940 წლიდან ხსენებული სახლი მთლიანად ირიცხებოდა ზ. ვ.-ის საკუთრებად, გასაჩივრებული აქტებით კი კასატორს, ზ. ვ.-ის მემკვიდრეს, ჩამოერთვა სახლის ნაწილზე საკუთრების უფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, სახეზეა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევა, რის შედეგადაც საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლის სადავო ნაწილზე განხორციელებული მიშენება გ. ხ.-ს არ უწარმოებია, ამასთან, ხსენებული საცხოვრებელი სახლი აღრიცხული იყო მისი მამკვიდრებლის _ ზ. ვ.-ის საკუთრებად. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემამდე მოსარჩელის უფლებები არ იყო დარღვეული, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლაც მშენებლობის დასრულებიდან კი არ უნდა დაწყებულიყო, არამედ იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა საცხოვრებელი სახლის სადავო ნაწილის გ. ხ.-ის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ. აღნიშნული კი მოსარჩელემ შეიტყო 2005 წლის იანვარში, როდესაც მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან მიიღო მ. ბ.-ს სასარჩელო განცხადება სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის გამოყოფის შესახებ. ამდენად, ბ. ვ.-მ სარჩელი სასამართლოში წარადგინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (2005 წლის მდგომარეობით) 22-ე მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადის დაცვით.
კასატორი აღიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან აღნიშნული მუხლი აწესრიგებდა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და არა სასამართლოში სასარჩელო განცხადების შეტანის ვადას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება 2007 წლის 2 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 2 მაისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინებით ბ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 27 ივნისს მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით ბ. ვ.-ის საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2007 წლის 18 ივლისს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, ბ. ვ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემული საქმის მასალებში მოყვანილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. ქუთაისის მთავრობის მართვის ტერიტორიული სამსახურის “უ.-ის” განყოფილების მიერ 2005 წლის 22 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, ბ. ვ.-ი 1956 წლის 25 დეკემბრიდან ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...-ის ¹3-ში (ყოფილი ¹2) მდებარე საცხოვრებელ სახლში (ს.ფ. 5). 1998 წლის 28 ივლისს გ. ხ.-მ განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მერიას და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე საცხოვრებელი სახლის, მის მიერ უნებართვოდ აგებული ნაწილის მის სახელზე აღრიცხვა (ს.ფ. 70). ქალაქ ქუთაისის მთავარი არქიტექტორის 1998 წლის 4 აგვისტოს წერილის მიხედვით, განხილულ იქნა გ. ხ.-ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე სახლის მის სახელზე დაკანონებას და წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვეოდა, რომ სახლი, რომელიც ირიცხებოდა ზ. ვ.-ის სახელზე, გაფართოვდა ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ტექბიურომ იგი მაინც ძველი მფლობელის სახელზე აღრიცხა (ს.ფ. 67). ქ. ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის 1998 წლის 27 იგვისტოს საარქივო ცნობის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე შენობაზე გადასახადს იხდიდნენ ზ. ვ.-ი და გ. ხ.-ე (ს.ფ. 78). 1998 წლის 22 სექტემბერს ქ. ქუთაისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს უფროსს ეცნობა, რომ სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) 1940 წლიდან აღრიცხული იყო აწ გარდაცვლილ ზ. ვ.-ზე, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტებიდან და ვიზუალური დათვალიერებით ჩანდა, რომ გ. ხ.-სთვის გამოყოფილი ნაწილი (ორი ოთახი) სახლის დარჩენილი ნაწილისაგან იყო აბსოლუტურად იზოლირებული, რის გამოც მიზანშეწონილი იყო სახლის გამოყოფილი ნაწილი გ. ხ.-ის სახელზე აღრიცხულიყო, როგორც უნებართვო (ს.ფ. 6). სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე, ზ. ვ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ერთ გამოყოფილ ნაწილზე და გ. ხ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის მეორე გამოყოფილ ნაწილზე ნაწარმოები რეკონსტრუქციები, მათ შორის, 20,48 კვ.მ ფართი (ს.ფ. 8). აღნიშნული აქტი დამტკიცდა ქ. ქუთაისის მერიის 1999 წლის 8 თებერვლის ¹23 ბრძანებით (ს.ფ. 14-15). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 7 თებერვლის წერილის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...-ის ¹3-ში (ყოფილი ¹2) მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთი გამოყოფილი ნაწილი ეკუთვნოდა ზ. ვ.-ს, ხოლო ხსენებული სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილი _ მ. ბ.-ს (ს.ფ. 9). 2001 წლის 27 ივნისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიხედვით, გ. ხ.-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მ. ბ.-ა (ს.ფ. 10). ქ. ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1998 წლის 26 ივნისის წერილის თანახმად, სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ...-ის ¹3-ში, აღრიცხული იყო ზ. ვ.-ის სახელზე (ს.ფ. 11). ქ. ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2001 წლის 31 მაისის სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი პირადი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო გ. ხ.-ის სახელზე (ს.ფ. 12).
ამდენად, მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 1998 წლის 20 თებერვლის ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე, ზ. ვ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მიშენება და რეკონსტრუქცია ნაწარმოები იყო უნებართვოდ, ხსენებული სახლის ერთი გამოყოფილი ნაწილი ირიცხებოდა ზ. ვ.-ის, ხოლო მეორე ნაწილი _ გ. ხ.-ის სახელზე, ამასთან, ზ. ვ.-ის კუთვნილებად დადგინდა 40,40 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი, 19,01, 21,59, 22,11, 10,06, 8,37, 29,26 კვ.მ დამხმარე ფართის ოთახები, 90,81 კვ.მ საზაფხულო ფართი და სახლის ეზოში არსებული 3,30X3,80 მ-ზე ზომების დამხმარე სათავსი, გ. ხ.-ის სახელზე კი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 20,48 და 24,28 კვ.მ ორი საცხოვრებელი ოთახი, 15,64 კვ.მ საზაფხულო ფართი და სახლის ეზოში განლაგებული 4,50X3,00 მ-ზე ზომების დამხმარე სათავსი. აღნიშნული აქტი დამტკიცდა ქ. ქუთაისის მერიის 1999 წლის 8 თებერვლის ¹23 ბრძანებით და ქ. ქუთაისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა საინვენტარიზაციო საქმეში. ქ. ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2001 წლის 31 მაისის სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ, 44,76 კვ.მ ორი საცხოვრებელი ოთახი, 3,00X4,50 მ-ზე ზომების დამხმარე სათავსი და 1384 კვ.მ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გ. ხ.-ის სახელზე. 2001 წლის 27 ივნისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით დასტურდება, რომ 1999 წლის 6 აგვისტოს გარდაცვლილი გ. ხ.-ის დანაშთი ქონება _ ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი _ 44,76 კვ.მ ორი საცხოვრებელი ოთახი, 4,76 კვ.მ სასარგებლო ფართი და 3,00X4,50 მ-ზე ზომების დამხმარე სათავსი, რომლებიც განთავსებული იყო 1384 კვ.მ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, მემკვიდრეობით მიიღო გ. ხ.-ის შვილიშვილმა მ. ბ.-მ. ამასთან, გ. ხ.-ე აღნიშნულ მისამართზე ფლობდა მხოლოდ ერთ 14,83 კვ.მ ოთახს, შემდგომში მას ჩაუტარა რეკონსტრუქცია და ხსენებული ოთახის ფართი გახდა 20,48 კვ.მ, ხოლო მის სახელზე რეგისტრირებული სახლის გამოყოფილი ნაწილი აშენებულია გ. ხ.-ის მიერვე და დასახელებული ნაწილი სახლის დანარჩენი ნაწილისაგან იზოლირებულია. მხარეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ შინაურული ხელშეკრულება, რომლითაც გ. ხ.-მ ა. ვ.-საგან იყიდა 14 კვ.მ ფართის ოთახი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბ. ვ.-ის სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, არის ხანდაზმული, ვინაიდან ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, რომლებიც ეხება უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობას, მოსარჩელისათვის გადაცემა ან გაცნობა, ანუ სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარმოშობის მომენტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მოითხოვს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომლებითაც გაუარესდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ხსენებული აქტები ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, კერძოდ, უკანონოდ ზღუდავს ამ უფლებას.
კასატორ ბ. ვ.-ის წარმომადგენლის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, კერძოდ, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. ხანდაზმულობის ვადის ათვლა მშენებლობის დასრულებიდან კი არ უნდა დაწყებულიყო, არამედ იმ მომენტიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა საცხოვრებელი სახლის სადავო ნაწილის გ. ხ.-ის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ, აღნიშნული კი ბ. ვ.-მ შეიტყო 2005 წლის იანვარში, როდესაც მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან მიიღო მ. ბ.-ს სასარჩელო განცხადება სადავო ფართზე მიმაგრებული სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემის შესახებ.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ვერ ექნება საკუთრების უფლება ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე საცხოვრებელი სახლის მოპასუხის მიერ აშენებულ ნაწილზე, ანუ მას არ ექნება უკანონო მინაშენის დაკანონების უფლება. რაც შეეხება 20,48 კვ.მ ოთახს, რომელშიც გ. ხ.-ე იმყოფებოდა შინაურული ხელშეკრულებით, მოპასუხეს არა აქვს უფლება, მოსარჩელის ნებისა და მისი თანხმობის გარეშე, აღნიშნული ოთახი დაარეგისტრიროს, როგორც კანონიერი ნაგებობა. მხოლოდ ამის შემდეგ ამ ოთახზე საკუთრების უფლების საკითხი შეიძლება გადაწყდეს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს 20,48 კვ.მ ფართის ოთახის შესახებაც, რომელიც თავდაპირველად, ვ.-ების მიერ გ. ხ.-სათვის სარგებლობის უფლებით დათმობისას იყო 14,83 კვ.მ ფართის, კერძოდ, შეიძლებოდა თუ არა იგი აღრიცხულიყო გ. ხ.-ის საკუთრებად, იმის გათვალისწინებით, რომ შექმნილი იყო არა მიშენებით ან დაშენებით, არამედ უკვე არსებული ოთახის რეკონსტრუქციის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, ბათილად უნდა იყოს თუ არა ცნობილი სახელმწიფო კომისიის 1998 წლის 31 დეკემბრის ¹348/98 აქტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2001 წლის 31 მაისს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე 20,48 კვ.მ ფართის ოთახის გ. ხ.-ის საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში, ასევე _ 2001 წლის 27 ივნისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა იმ ნაწილში, რომლითაც მ. ბ.-ა ცნობილ იქნა მემკვიდრედ ქ. ქუთაისში, ...-ის ¹2-ში (ამჟამად ¹3) მდებარე 20,48 კვ.მ ფართის ოთახზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, ხოლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად და ამომწურავად დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი _ ხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც ბ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.