Facebook Twitter

ბს-177-166(კ-07) 19 ივლისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ტ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 6 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ტ. მ-ე მოპასუხეების _ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმის გარნიზონის საბინაო კომისიის 2001 წლის 6 აპრილის ¹3 ოქმის საფუძველზე მის ოჯახზე გადაცემული საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ტ. მ-ე 1979 წლიდან გადიოდა სამხედრო სამსახურს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1999 წელს მეზობელთან გაჩენილი ხანძრის შედეგად დაეწვა სახლი შიგ არსებული ქონებით. მიუხედავად მრავალი განცხადებისა და თხოვნისა ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციებისადმი, მისთვის რაიმე დახმარება არ აღმოუჩენიათ. ამ დროისათვის მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადაში, ბატალიონის მეთაურის მოადგილედ. ბათუმის გარნიზონის უფროსის გადაწყვეტილებით მისი ოჯახი შესახლებულ იქნა სოფელ ...ში მდებარე ყოფილი სამხედრო ნაწილის კლუბში. მოსარჩელემ თხოვნით მიმართა თავდაცვის სამინისტროს, ასევე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას, რათა მომხდარიყო გადაცემული ფართისა და მიწის ნაკვეთის სათანადო წესით გაფორმება, რაც არ განხორციელებულა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დაამტკიცა აჭარაში მდებარე საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, რომელშიც შეტანილია ის ტერიტორიაც, სადაც ცხოვრობს მისი ოჯახი. აღნიშნული საპრივატიზაციო ნუსხა გადაეცა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის. მოსარჩელემ დახმარების მიღების თხოვნით განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარეს. განცხადება გადაეგზავნა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საიდანაც აცნობეს, რომ შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ ტერიტორია უნდა გაიყიდოს და მას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა აუქციონზე, თუმცა მის ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა არა აქვს. ამდენად, იქმნება საშიშროება, დაირღვეს მოსარჩელის, როგორც მოქალაქის, ომის ვეტერანისა და ინვალიდის კონსტიტუციური უფლებები (ს.ფ. 1-3).

2006 წლის 13 თებერვალს ტ. მ-მ იმავე სასამართლოში დამატებითი სარჩელი წარადგინა, რომელშიც დააზუსტა თავისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, მიუთითა “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონზე, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 48-49-ე პუნქტებზე (ს.ფ. 31-32).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. მ-ე 1979 წლიდან მსახურობდა სამხედრო ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე, არის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირი. ბათუმის სამხედრო გარნიზონის საბინაო კომისიის 2001 წლის 6 აპრილის ¹3 სხდომის ოქმით საცხოვრებლად გადაეცა სოფელ ...ში მდებარე ¹5 სამხედრო დასახლების კლუბი, თუმცა ამ ფართის საცხოვრებელ ფართად აღრიცხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული აქტით არ მომხდარა. შესაბამისად, ამ ფართის უსასყიდლოდ გადაცემა (პრივატიზაცია) შესაძლებელი ვერ იქნებოდა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹107 დადგენილება არეგულირებს საცხოვრებელი ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) წესებს, ხოლო სადავო ფართი, მართალია, მოსარჩელეს გადაეცა საცხოვრებლად, მაგრამ წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს. “სახელმწიფო ქონების პროვატიზების შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების გადაცემას აუქციონის ან კონკურსის წესით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2005 წლის 2 მარტის ¹1-1/256 ბრძანებით დამტკიცდა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, რომელშიც ¹5 პუნქტად მითითებულია სადავო ფართიც. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ფართის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (ს.ფ. 123-124).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

მოცემული დავის გადაწყვეტისას საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე, როგორც სამხედრო ოფიცერი, შეიარაღებულ ძალებში 17 წლის სტაჟის მქონე, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სარგებლობდა გარკვეული სახის შეღავათებით. მითითებული კანონის მე-15 მუხლი ითვალისწინებს მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალურ დაცვას. კანონის აღნიშნული ნორმით დაკანონებულია დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობა სამაგიეროს მიუცემლად. სადავო საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი მოსარჩელემ მიიღო იმ დროს, როცა იგი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ. ბათუმის სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე.

გარდა ამისა, აპელანტმა მიუთითა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 48-ე პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც სამხედრო სამსახურში იმსახურეს უწყვეტი 10 კალენდარული წელი და რომლებმაც მიიღეს ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით, აგრეთვე საომარ ოპერაციებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინვალიდებულ სამხედრო მოსამსახურეებს, დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან უვადო სარგებლობის პირობით მიიღეს საცხოვრებელი ბინები, უფლება აქვთ (გარდა სამხედრო ქალაქებისა) მოახდინონ მათი საკუთრებაში უსასყიდლოდ გაფორმება, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა იმავე ბრძანებულების 49-ე პუნქტი, რომლის მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის, ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც სამხედრო სამსახურში იმსახურეს 10 კალენდარული წელი, შეიძლება უსასყიდლოდ მიიღონ მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ან საბაღე მეურნეობისათვის ქალაქი ტიპის დასახლებაში 0.1 ჰექტარის, ხოლო სოფლად _ 0.25 ჰექტარის ოდენობით ოჯახის თითოეულ წევრზე. აღნიშნული სრულ იურიდიულ საფუძველს იძლეოდა, რომ მოსარჩელეს, როგორც სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობით დათხოვნილ ომის ვეტერანს, 17 წლის საერთო და 10 წლის უწყვეტი სტაჟის მქონე ოფიცერს, უსასყიდლოდ გადასცემოდა სადავო მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 128-135).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ტ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. მ-ე იყო სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ხანძრის შედეგად დაეწვა საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულის გამო ბათუმის გარნიზონის საბინაო კომისიამ 2001 წლის 6 აპრილის ¹3 ოქმით გადაწყვიტა, რომ მაიორ ტ. მ-ისთვის ეშუამდგომლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსების და მშენებლობის მთავარი სამმართველოს ფოთის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ხელმძღვანელობასთან, რათა მას, როგორც ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლს, ომის მონაწილეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, მისცემოდა უფლება აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის. ამ ოქმის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს ქ. ფოთის რეგიონალური საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსს ბათუმის გარნიზონის უფროსმა მიმართა შუამდგომლობით, რომ ტ. მ-ს გადასცემოდა კლუბის შენობა საცხოვრებელ ფართად, პრივატიზაციის უფლებით უსასყიდლოდ, აგრეთვე შენობის წინ მდებარე ცარიელი გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი 500 კვ.მ ოდენობით გადასცემოდა საბოსტნე მეურნეობის მოსაწყობად. თავად მოსარჩელის განმარტებით, გადაწყვეტილება კლუბის გადაცემისა საცხოვრებლად და სარგებლობისათვის საბოსტნე ადგილის გამოყოფის შესახებ მიღებული არ არის. დასახელებული კლუბის შენობა არის ბათუმის გარნიზონის ბალანსზე, რომლის მიმდებარეა 500კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის, ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გარემონტებულ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. ბათუმის სამხედრო გარნიზონის ბალანსზე არსებული კლუბი კი არ მიეკუთვნებოდა საცხოვრებელ სახლს, რის გამოც არ შეიძლებოდა მისი პრივატიზაცია.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყების მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-17 პუნქტით, ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, მოახდინონ მათი პრივატიზაცია. კანონის აღნიშნული ნორმის მიხედვით, პრივატიზაცია ხდება იმ ბინებისა, რომლებიც ოფიცრებმა მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეს ფაქტიურად დაკავებული აქვს არა ბინა, არამედ კლუბი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 48-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც სამხედრო სამსახურში იმსახურეს უწყვეტი 10 კალენდარული წელი და რომლებმაც მიიღეს ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით, აგრეთვე ომის ვეტერანებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან უვადო სარგებლობის პირობით მიიღეს საცხოვრებელი ბინები, უფლება აქვთ, გარდა დახურული სამხედრო ქალაქებისა, მოახდინონ მათი საკუთრებაში უსასყიდლოდ გაფორმება. ამ ნორმიდანაც აუცილებელია, რომ სამხედრო მოსამსახურეს მიღებული ჰქონდეს უვადო სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ბინა. მოცემულ შემთხვევაში კი ტ. მ-ე ფლობს გარნიზონის არა ბინას, არამედ კლუბს.

მართალია, ამავე ბრძანებულების 49-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურში აქვთ ნამსახურები 10 კალენდარული წელი, ან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს შეიძლება უსასყიდლოდ გადაეცეთ მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ან საბაღე მეურნეობისათვის, მაგრამ მიწის ნაკვეთის გადაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით (ს.ფ. 170-176).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით (ს.ფ. 183-189).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.