¹ბს-178-167(კ-07) 26 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი ს. ჭ-ე (მინდობილობა 18.07.07წ., ¹06/4783)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. რ-ი, წარმომადგენელი მ. ა-ე (რწმუნებულება 17.07.07წ., ¹1-4623)
მესამე პირი - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მინდობილობა 02.07.07წ., ¹20-1/06-801)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.06წ. განჩინება
დავის საგანი - გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
22.02.06წ. ე. კ-ე-რ-მა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის მერის 02.12.05წ. ¹2110 განკარგულების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის საერთო განყოფილების ...ის თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 05.09.05წ. დაინიშნა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე, ხოლო 05.12.05წ. გათავისუფლებული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან დათხოვნას გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე. განთავისუფლების განკარგულება 30.06.06წ. ჩაჰბარდა მოსარჩელის განცხადებით, ადმინისტრაციას მისთვის არ განუმარტავს, რის საფუძველზე იქნა მიჩნეული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობა არადამაკმაყოფილებლად და არც შესაბამისი დოკუმენტი გადაუცია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაწესებულებაში 1982 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, აქვს 22 წლის მუშაობის უწყვეტი სტაჟი, 1999წ. ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა და მიიღო სერთიფიკატი, 2002 წ. გაიარა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის პროფილის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და მიიღო სერტიფიკატი, 2003წ. გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა “ეროვნული ნორმატიული ბაზა სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სფეროში კომუნალური, რადიაციული, კვების, შრომის, ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენაში”, მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი, ფლობს უცხო ენებსა და კომპიუტერს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. მოსარჩელის განცხადებით, მუშაობის მანძილზე არასოდეს გაუცდენია სამსახური, არ აგვიანებდა, არ დაუმსახურებია დისციპლინური სასჯელი ან შინაგანაწესით გათვალისწინებული ღონისძიება. ხელმძღვანელის დავალებას ასრულებდა დროულად და ხარისხიანად, არის ქვრივი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.06წ. განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება ქ. თბილისის მერია, რომელმაც სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერის 02.12.05წ. განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი(ს.ფ. 65).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.06წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მოპასუხის ნაცვლად საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 02.12.05წ. ¹2110 განკარგულება ე. რ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და ქ. თბილისის მერიას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ხელახლა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ქ. თბილისის მერიას დაეკისრა აგრეთვე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება განთავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. სასამართლო კოლეგიამ ნაწილობრივ გაიზიარა ქ. თბილისის მერიის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებისას მოქმედებდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის დებულების 28-ე მუხლის შესაბამისად საქალაქო სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა ქ. თბილისის მერი, ხოლო “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა განკარგულებებს და ბრძანებებს. ამავე დროს სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი კანონსაწინააღმდეგო იყო და არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო განკარგულებაში, ისევე როგორც მის საფუძვლად მიჩნეულ სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში არ იყო მითითებული რაიმე კონკრეტული გარემოება, რომელიც დაადასტურებდა ე. რ-ის მიერ გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად შეფასებას. სასამართლო კოლეგიის განცხადებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა მის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება დააფუძნა სამსახურის უფროსის ზოგადი ხასიათის წერილზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო განკარგულება 2006 წლის 2 დეკემბერს იყო გამოცემული, ხოლო მის საფუძვლად მითითებული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატში შესული იყო იმავე წლის 5 დეკემბერს, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2, და მე-5 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გარემოება ქმნიდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ხოლო ვინაიდან, სასამართლო კოლეგიის აზრით, სადავო განკარგულება გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა ცნობილიყო აქტი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა უნდა დავალებოდა.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა განთავისუფლებიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასი, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი, სასამართლოს განცხადებით, შეიძლება ყოფილიყო პირის გათავისუფლება სამსახურიდან. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი ბათილად იყო ცნობილი და არ არსებობდა ხელფასის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.06წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2, და მე-5 ნაწილების მოთხოვნები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი მიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის _ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ქ. თბილისის მერის 02.12.05წ. ¹2110 განკარგულება ე. რ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილი იყო, სადავო საკითხის გადაუწყვტლად ბათილად ეცნო სადავო აქტი და დაევალებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი. სააპელაციო პალატის განცხადებით, სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესის არსებობისას. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა განთავისუფლების უკანონოდ ცნობა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ სწორად იქნა ცნობილი ბათილად სადავო განკარგულება და მოპასუხეს მართებულად დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სადავო აქტის ბათილად ცნობის მიმართ გადაუდებელი კანონიერი ინტერესი არ ჰქონდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილით ზუსტად არის განსაზღვრული თუ რა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ არ დაასაბუთა სადავო ადმინისტრაციული აქტი და არ გამოიკვლია გარემოებები, ამიტომ მიღებული იქნა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კასატორის განცხადებით, აღნიშნულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და რომც ჰქონოდა, არ წამოადგენდა ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ამავე დროს არასწორად განმარტა კანონი, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად განჩინების გაუქმების საფუძველია. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.06წ. განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.03.07წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის.
ქ. თბილისის მერიამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო პალატის მიერ განმარტებული იყო, რომ სადავო განკარგულებაში არ იყო მითითებული მოსარჩელის სამსახურებრივი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების საფუძველი. კასატორის აზრით, მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის ვალდებულება სამსახურიდან გათავისუფლების განკარგულებაში მიუთითოს, თუ კონკრეტულად რა გარემოებები გახდა მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების საფუძველი. კონკრეტული გარემოებების დადებითად ან უარყოფითად შეფასება მიეკუთვნება აბსოლუტურად სუბიექტურ კატეგორიის ცნებას, თითოეული პიროვნების ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ერთი და იგივე გარემოებების შეფასება ერთგვაროვნად ორი სხვადასხვა პიროვნების მიერ. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ე. რ-ის სამსახურებრივი საქმიანობა შეფასდა არადამაკმაყოფილებლად. კასატორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტების შესაბამისად.
მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან კასატორი ვერ ასაბუთებს მის დასაშვებობის წინაპირობების არსებობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.07.07წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო პალატის სხდომებზე კასატორის და მესამე პირის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ქ. თბილისის მერის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ ქ. თბილისის მერის 05.09.05წ. ¹1243 განკარგულებით ე. რ-ი დაინიშნა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების ...ის თანამდებობაზე 2005 წლის 05 სექტემბრიდან სამი თვის გამოსაცდელი ვადით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მერის 02.12.05წ. ¹2110 განკარგულება ე. რ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, სზაკ-ის მოთხოვნათა უგულებელყოფით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნას გამოსაცდელი ვადით, რომლის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. ამავე კანონის 98-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგები, დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. ,,ე. რ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" 02.12.05წ. ¹2110 სადავო განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასება შეადგენს ადმინისტრაციის დისკრეციის სფეროს. ამასთანავე, სზაკ-ის 53-ე მუხის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნივშნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციულ ორგანოებს ქ. თბილისის მერიას, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არ დაუსახელებია ე. რ-ის სამსახურებრივი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების რაიმე საფუძველი, აღნიშნულის შესახებ მონაცემები საქმის მასალებში არ მოიპოვება, ასეთს არ შეიცავს სადავო აქტი, ინსპექციის უფროსის 02.12.05წ. მოხსენებითი ბარათი, აღნიშნულის შესახებ ვერ უთითებენ ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები. ამასთანავე, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის მხოლოდ ფაქტებზე მითითება საკმარისი არ არის, საჭიროა მათი შესაბამისი გამოკვლევა და შესწავლა. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება არ მისცა საქმეში დაცულ მოსარჩელის კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთებს, 16.03.05წ. ინსპექციის უფროსის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-5 ნაწილების, 96.2 მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით. სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართლზომიერია გასაჩივრებული განჩინება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ქ. თბილისის მერიისათვის სზაკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ხელახალი შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის ნაწილში.
ზემოაღნიშნულთან ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე დაინიშნა სამი თვის გამოსაცდელი ვადით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა შედეგად არ იწვევს განაცდურის ანაზღაურებას. სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნიდა აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 112-ე მუხლი, რომლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის, აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემამდე დასაშვებია მუდმივ შტატზე მყოფი მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებიდან ახალი აქტის გამოცემამდე პირს უნდა მიეცეს იძულებითი განაცდური, ვინაიდან გამოსაცდელი ვადით სამსახურში მიღებული პირის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შედეგად საგამოცდო ვადით დანიშნული მუშაკი, მუდმივ შტატზე მყოფი პირისაგან განსხვავებით, სამსახურში დანიშვნის ვადის ამოწურვის გამო, ვერ ჩაითვლება სამსახურში აღდგენილად, საამისოდ საჭიროა დამატებითი აქტის გამოცემა პირის სამსახურში დანიშვნის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი ხასიათის გამო, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის გათავისუფლების შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამოსასვლელი დახმარების გაცემას. პირის სამსახურიდან გათავისუფლებასთან ერთად ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს აგრეთვე გამოსაცდელი ვადის ამოწურვა, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მუშაკთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საგამოცდო ვადის ამოწურვის შედეგად ადმინისტრაციას არც აქტის გამოცემით და არც ფაქტობრივად არ გაუგრძელებია შრომითი ურთიერთობა ე. რ-თან, ამდენად შრომითი ურთიერთობა გაგრძელებულად ვერ ჩაითვლება. ე. რ-ს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი (მე-4 პუნქტი), რომლითაც ე. რ-ს უარი ეთქვა სარჩელის სხვა მოთხოვნის, კერძოდ სამსახურში დანიშვნის შესახებ აქტის გამოცემის ანუ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის საერთო განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა. ამდენად, საფუძველსმოკლებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ ე. რ-ს უნდა აუნაზღაუოდეს გათავისუფლებიდან (2005 წლის 5 დეკემბრიდან) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის ხელფასი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მერის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ე. რ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თბილისის მერის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.06წ. განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.06წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიისათვის ე. რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ ე. რ-ის გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ე. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.06წ. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.