ბს-178-174(კ-08) 30 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. რ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. რ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – მ. გ-ა და მ. ბ-ას მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განხცადებით ითხოვდა ნოტარიუსების: მ. გ-ა და მ. ბ-ას დავალდებულებას თარგმონონ და დაადასტურონ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, კერძოდ: ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონის სასამართლოს დადგენილება; მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული მუზეუმის - კრემლის დათვალიერების ბილეთი; ვიზა რუსეთის პასპორტზე; თვითმფრინავის ბილეთი მოსკოვი-თბილისი (09/02.2004 წელი). ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. რ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 23 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებულ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” დებულების 49-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ადასტურებს ასლის იდენტურობას პირის მიერ წარმოდგენილ დედანთან.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება და არც მოსარჩელე ზ. რ-ას არ გაუხდია ეს გარემოება სადავოდ, მოსარჩელემ ნოტარიუსს წარუდგინა ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 იანვრის დადგენილების ასლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ნოტარიუსთან არ იყო წარმოდგენილი დედანი, ნოტარიუსი არ იყო უფლებამოსილი, დაედასტურებინა ასლის იდენტურობა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული დებულების 56-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი ადასტურებს ერთი ენიდან მეორე ენაზე დოკუმენტის სისწორეს, თუ ნოტარისუსმა იცის ორივე ენა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნოტარუსმა არ იცის ის ენა, რომელზედაც თარგმნილია დოკუმენტი, ნოტარიუსი ადასტურებს მხოლოდ თარჯიმნის ხელმოწერის სინამდვილეს, ხოლო დებულების 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ნოტარიუსმა იცის დედანის ენა, იგი უფლებამოსილია, დაამოწმოს თარგმნის სისწორე ან შეუძლია არც დაამოწმოს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-ამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. რ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-ამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. რ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ზ. რ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 17 აპრილს ქ. ფოთის ნოტარიუსმა მ. ბ-ამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზ. რ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ზ. რ-ას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზ. რ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას ზ. რ-ას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.