¹ბს-180-169(კ-07) 4 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემა, სანივთე ქონების კომპენსაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 17 ივლისს ნ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და ერთჯერადი დახმარებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა.
სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ მოსარჩელე 2001 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 15 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილ 06328-ში, შენახვის მე-7 განყოფილებაში. რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3263 ბრძანებით მოსარჩელე გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხებოდა სანივთე ქონების კომპენსაცია 546 ლარის და ერთჯერადი დახმარება 850 ლარის ოდენობით. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში 850 ლარს, საერთო ჯამში კი, 1249 ლარს შეადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან ნ. ნ-მა არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სანივთე ქონების კომპენსაციის გაცემაზე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში კანონიერ ძალაში იყო შესული და სააპელაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ნ-ის განმარტება იმის შესახებ, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის თანახმად, მას ეკუთვნოდა ნამსახურები წლების მიხედვით (გამოსასვლელი) დახმარება და მიიჩნია, რომ ნ. ნ-ი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3263 ბრძანებით, ანუ იგი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა აღნიშნული ბრძანებულების 331-ე პუნქტში მითითებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და არა იმავე ბრძანებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული ბრძანებულების 611-ე პუნქტით იმავე ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე, ნ. ნ-ი კი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა 2005 წლის 19 დეკემბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა იმავე საფუძვლებითა და გარემოებებზე მითითებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სასარჩელო განცხადებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 9 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 მაისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 4 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ნ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 21 დეკემბრის ¹3340 ბრძანებით დაინიშნა და 2005 წლის 15 ნოემბრამდე მუშაობდა შეიარაღების I თანრიგის ბაზის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ...ად, ხოლო რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3263 ბრძანებით დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (ს.ფ. 9). ნ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მოითხოვა სანივთე ქონების კომპენსაცია 546 ლარის და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება 850 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილ 06328-ის 2006 წლის 15 მაისის ¹1040 ცნობის მიხედვით, ნ. ნ-ზე ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენდა 273,51 ლარს (ს.ფ. 8).
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი ნ. ნ-ს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით, შესაბამისად, სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ნ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ნ. ნ-ის განმარტება იმის შესახებ, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის თანახმად, მას ეკუთვნოდა ნამსახურები წლების მიხედვით (გამოსასვლელი) დახმარება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არასწორად მიუთითა იმაზე, რომ ნ. ნ-ი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3263 ბრძანებით, ანუ იგი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა აღნიშნული ბრძანებულების 331-ე პუნქტში მითითებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და არა იმავე ბრძანებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ამასთან, ხსენებული ბრძანებულების 611-ე პუნქტით იმავე ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე, ნ. ნ-ი კი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა 2005 წლის 19 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით _ 2-დან 10 წლამდე _ ხუთმაგი ოდენობით.
ზემოხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 12 დეკემბერს გადაწყვეტილების მიღებისას დასახელებული ბრძანებულების 331-ე პუნქტი აღარ იყო შეჩერებული, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა მოსარჩელეს აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერების მოტივით უარი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ცვლილება-დამატებით კონკრეტული კანონქვემდებარე აქტის რომელიმე ნორმის მოქმედების შეჩერება, ანუ მისი ამოქმედების ვადის გარკვეული დროით გადაწევა არ ნიშნავს ხსენებული ნორმის აბსოლუტურ უმოქმედობასა და მის გაუქმებას, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულს არ ითვალისწინებს, კერძოდ, არ არსებობს იურიდიული თვალსაზრისით აბსოლუტურად უმოქმედო და შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირებაში სამართლებრივი ვაკუუმის წარმომშობი ნორმა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ნ-ის სარჩელი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის შესახებ მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, ვინაიდან, ნ. ნ-ს გააჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის 4 წლის სტაჟი, მას “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.