¹ბს-182-171(კ-07) 12 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს კონტროლის პალატა
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჩ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 ნოემბერს დ. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი საქართველოს კონტროლის პალატაში მუშაობდა 1993 წლის სექტემბრიდან, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის ¹გან-139 ბრძანებით გათავისუფლდა ...-ის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად და ამავე კანონის მე-11 მუხლის “ა" პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ იქნა საკადრო რეზერვში.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 26 აპრილის ¹პ-100 ბრძანებით, საკადრო რეზერვიდან დაინიშნა ... სექტორის დეპარტამენტის ...-ის მოვალეობის შემსრულებლად. საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-288 ბრძანებით ზემოაღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც ის დაინიშნა მუდმივ შტატზე.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანებით გამოცხადდა კონტროლის პალატის სისტემის საჯარო მოხელეთა და საკადრო რეზერვში ჩარიცხულ პირთა ატესტაცია. საქართველოს კონტროლის პალატაში ატესტაცია-ტესტირება ჩატარდა 2005 წლის 28-29 ივლისს. ამ დროისათვის მას ...-ის მოვალეობის შემსრულებლად ნამუშევარი ჰქონდა 3 თვე, ხოლო ...-ის მუდმივ შტატში _ ერთი თვე.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 1 ნოემბრის ¹გან-626 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ" ქვეპუნქტის _ “ატესტაციის შედეგების საფუძველზე", რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონოა, ვინაიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი 2005 წელს არ ექვემდებარებოდა ატესტაციას, რადგან ატესტაციის დროისათვის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით. ამდენად, მის მიმართ დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 1 ნოემბრის E¹პ-626 ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და გათავისუფლებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.'
მოპასუხე _ საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ჩ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი კონტროლის პალატის 2005 წლის 1 ნოემბრის ¹გან-626 ბრძანება და მოსარჩელე - დ. ჩ.-ე აღდგენილ იქნა წინანდელ თანამდებობაზე; კონტროლის პალატას დაეკისრა მოსარჩელისათვის გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი. საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არ ეთანხმებოდა საქალაქო სასამართლოს მოტივაციას, სამწლიანი საატესტაციო პერიოდის ბოლო წლად 2005 წლის მიჩნევის შესახებ. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მესამე წელს, ანუ 2005 წელს დ. ჩ.-ე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ექვს თვეზე ნაკლები ვადით და იმავე “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, იგი ატესტაციას უნდა დაქვემდებარებოდა მომდევნო, ანუ 2006 წელს. აპელანტის განმარტებით, დ. ჩ.-ს ბოლო ატესტაცია კონტროლის პალატაში გავლილი ჰქონდა 2001 წლის 13 ივლისს და შესაბამისად, სამწლიანი საატესტაციო პერიოდი დ. ჩ.-სათვის გადიოდა 2004 წლის 13 ივლისს. 2004 წელს ატესტაცია კონტროლის პალატაში არ ჩატარებულა. 2005 წლის 7 ივნისს გამოცხადდა ატესტაცია და იგი ფაქტობრივად ჩატარდა 2005 წლის 28-29 ივლისს. შესაბამისი დოკუმენტაცია მოწინააღმდეგე მხარისთვის ცნობილი იყო და კონტროლის პალატის სხვა თანამშრომლებთან ერთად სარჩელით გახდა სადავო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ სარჩელს ეთქვა უარი.
აპელანტის მოსაზრებით, დ. ჩ.-ე ატესტაციას ექვემდებარებოდა 2004 წლიდან. 2005 წელს, ბოლო ატესტაციიდან გასული იყო ოთხი წელი და თხუთმეტი დღე. დ. ჩ.-ე 2004 წლის აგვისტოში გათავისუფლდა თანამდებობიდან და ჩაირიცხა რეზერვში. რეზერვში ჩარიცხული პირი ექვემდებარება ატესტაციას. პერიოდი, თუ რამდენ ხანში უნდა დაექვემდებაროს რეზერვში ჩარიცხული პირი ატესტაციას, კანონით არ არის მოწესრიგებული, მაგრამ, როდესაც დაწესებულებაში მორიგი ატესტაციის პერიოდი გადის და ტარდება ატესტაცია, რეზერვში ჩარიცხული პირები მოქმედ მოხელეებთან ერთად ექვემდებარებიან ატესტაციას. შესაბამისად, მათ უნარჩუნდებათ რეზერვში ყოფნის დროს შრომის სტაჟი. აპელანტის განმარტებით, რეზერვში ყოფნის პერიოდი გამოყენებულ უნდა იქნეს საატესტაციო პერიოდის ათვლისას, ვინაიდან სტაჟი უწყვეტია, 2005 წლის ივლისში დ. ჩ.-ე ატესტაციას დაექვემდებარა, როგორც მოქმედი მოხელე და არა როგორც რეზერვში მყოფი, ამასთან, იგი არ გამოცხადდა გეგმურ ატესტაციაზე და მას არც რაიმე დოკუმენტი, საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, არ წარმოუდგენია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ მას გასაჩივრებული ჰქონდა ატესტაციის ჩატარება. შესაბამისად, საატესტაციო კომისიამ იმსჯელა იმ მოხელეებზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ და მიიღოO გადაწყვეტილება, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მას დაეწერა შეფასება - ნული ქულა, ანუ ატესტაცია მის მიმართ შეფასდა უარყოფითად, რაც, ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, წარმოადგენს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. დ. ჩ.-ე, ასევე კანონით დადგენილ ვადაში ერთი თვით ადრე, გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და გათავისუფლდა ნოემბერში ¹626 ბრძანებით. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, კონტროლის პალატას, აღნიშნული ბრძანების როგორც მომზადების, ასევე გამოცემის ეტაპზე არანაირი კანონის ნორმა არ დაურღვევია.
ამასთან, “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად, კონტროლის პალატა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ასევე კონტროლის პალატის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის ბაჟის დაკისრების ნაწილში და საქართველოს კონტროლის პალატა გათავისუფლებულ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ჩ.-ე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში 1993 წლის სექტემბრიდან. 2004 წლის ¹გან-139 ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა ...-ის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად და კანონის მე-11 მუხლის “ა" პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ იქნა საკადრო რეზერვში.
სააპელაციო პალატამ დადგენილდ მიიჩნია, რომ დ. ჩ.-ე 2005 წლის 26 ივლისის ¹პ-100 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადებისა და საფინანსო ... სექტორის დეპარტამენტის უფროს თ. დ.-ის 2005 წლის 21 აპრილის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დაინიშნა ... სექტორის დეპარტამენტის ...-ის მოვალეობის შემსრულებლად, 2005 წლის 30 ივნისიდან კი დაინიშნა მუდმივ შტატში.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 1 ნოემბრის ¹გან-626 ბრძანებით დ. ჩ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირელი პუნქტის “ბ" ქვეპუნქტის _ “ატესტაციის შედეგების საფუძველზე".
სააპელაციო პალატის მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ატესტაციის ჩატარების დროისათვის, დ. ჩ.-ე თანამდებობაზე, ჯერ მოვალეობის შემსრულებლად შემდეგ კი მუდმივ შტატში მუშაობდა ოთხი თვის განმავლობაში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ დ. ჩ.-ე ექვემდებარებოდა ატესტაციას, ვინაიდან საკადრო რეზერვში ყოფნის პერიოდში მას უნარჩუნდებოდა შრომის სტაჟი, შრომის წიგნაკი ინახება ადმინისტრაციაში და ამიტომ მოხელე ითვლება სამუშაოზე მიღებულად. სააპელაციო პალატის განმარტებით, საკადრო რეზერვში ყოფნა არ ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ რეზერვში ჩარიცხულ პირს უნარჩუნდება შრომის სტაჟი. ის გარემოება, რომ მოხელე 6 თვეზე მეტი ვადით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ ექვემდებარება ატესტაციას, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა.
“საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი _ მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, დ. ჩ.-ს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით განაცდურის ხელფასი, რადგან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის კანონიერი გათავისუფლება სამსახურიდან.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ნაწილში, სააპელაციო პალატის განმარტებით, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “უ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ ყველა საქმეზე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად იმავე გარემოებებზე აფუძნებდა, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დ. ჩ.-ე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში 1993 წლის სექტემბრიდან. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანებით დ. ჩ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა საკადრო რეზერვში. იმავე კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 26 აპრილის ¹პ-100 ბრძანებით დ. ჩ.-ე საკადრო რეზერვიდან დაინიშნა ... სექტორის დეპარტამენტის ...-ის მოვალეობის შემსრულებლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. 2005 წლის 30 ივნისიდან ...-ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან დ. ჩ.-ე დაინიშნა ...-ად მუდმივ შტატში.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 1 ნოემბრის ¹გან-626 ბრძანებით დ. ჩ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე (ატესტაციის შედეგები).
დ. ჩ.-ე მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლებისას ადმინისტრაციის მხრიდან დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან ის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად საკადრო რეზერვიდან დაინიშნა სამი თვით ადრე ატესტაციის ჩატარებამდე და ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ატესტირებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქართველოს კონტროლის პალატის მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც იქცა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად.
საკასაციო სასამართლომ კასატორის - საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიაჩნია, რომ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლით განსაზღვრული საფუძველი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოტივაციას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლო ფაქტობრივად გასცდა გასაჩივრებული ბრძანების შემოწმების ფარგლებს, კერძოდ, სასამართლომ იმსჯელა დ. ჩ.-ის ატესტაციისადმი დაქვემდებარების კანონიერებაზე, მაშინ, როდესაც, გეგმური ატესტაციის გამოცხადება და დ. ჩ.-ის ატესტაციისადმი დაქვემდებარება მოხდა ცალკეული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, რომელთა კანონიერებაც არ წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს.
საკასაციო სასამართლო იმავდროულად კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დ. ჩ.-ის ატესტაციისადმი დაქვემდებარების ნაწილში და თვლის, რომ სასამართლოს მსჯელობა ეფუძნება ნორმის არასწორ განმარტებას.
ატესტაციისადმი დაქვემდებარებულ პირთა ჩამონათვალს განსაზღვრავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისადაც, ატესტაციას ექვემდებარება მოხელე 3 წელიწადში ერთხელ; მოხელე, რომელიც წაყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; რეზერვში ჩარიცხული პირი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ უკანასკნელ დებულებას და განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმა რეზერვში ჩარიცხულ პირს არ ათავისუფლებს ატესტაციის გავლის ვალდებულებისაგან, მაშინ, როდესაც, რეზერვში მყოფი პირი, როგორც წესი, მოკლებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის მითითებული დათქმა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ იმავე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,ვ” პუნქტის საფუძველზე, რეზერვში ჩარიცხული პირი თანამდებობაზე დანიშვნას ექვემდებარება უკონკურსოდ. ამდენად, აღნიშნულ პირთა პროფესიული ჩვევები, კვალიფიკაცია, შესაძლებლობები და თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა იმთავითვე განსაზღვრულია ატესტაციის შედეგების საფუძველზე, რაც იძლევა მათი უკონკურსოდ დანიშვნის შესაძლებლობას.
დადგენილია და აღნიშნულს ადასტურებს თავად დ. ჩ.-ც, რომ ბოლო ატესტაცია კონტროლის პალატაში გაიარა 2001 წლის 13 ივლისს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რეზერვში ყოფნა პირს არ ათავისუფლებს ატესტაციის ვალდებულებისაგან, რაც ნიშნავს იმას, რომ რეზერვში ყოფნის პერიოდი მითითებულ პირს ეთვლება საატესტაციო ვადაში. დ. ჩ.-ე 2004 წლის 25 აგვისტოდან 2005 წლის 26 აპრილამდე ირიცხებოდა რეზერვში. როგორც ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რეზერვში ყოფნის პერიოდი ითვლება საატესტაციო პერიოდად. ატესტაცია კონტროლის პალატაში განხორციელდა 2005 წლის 28-29 ივლისს, შესაბამისად, ბოლო ატესტაციიდან _2001 წლის 13 ივლისიდან _ აღნიშნულ პერიოდამდე დ. ჩ.-ს შესრულებული ჰქონდა 4 წელიწადზე მეტი, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 83.2 მუხლის გამოყენებისა და დ. ჩ.-ის ატესტაციის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილი მოსაზრებები ეფუძნება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის ნორმათა არასწორ განმარტებას, რაც წარმოადგენს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ საჭიროებს დამატებით დადგენა-გამოკვლევას, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმეზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დავით ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.