Facebook Twitter

¹ბს-183-172(კ-07) 30 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 29 სექტემბერს რ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ თელავის რაიონის გამგეობისა და თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისდევდა მეცხვარეობას და ჰყავდა 1000 სული ცხვარი, თუმცა არ გააჩნდა საზაფხულო საძოვარი. 2004 წლის 10 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თელავის რაიონის გამგეობას კავკასიონზე მდებარე ¹....... საზაფხულო საძოვრის იჯარით აღების მოთხოვნით, რაზეც თელავის რაიონის გამგეობიდან პასუხი არ მიუღია. 2004 წლის 10 აგვისტოს კი თელავის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს წერილით მოსარჩელეს შეატყობინეს, რომ მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უკვე გადაცემული ჰქონდა იჯარით გ. კ-ეს, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004 წლის 13 მაისის ¹4 ოქმის, თელავის რაიონის გამგეობის 2004 წლის 14 მაისის ¹59 დადგენილებისა და თელავის რაიონის გამგეობასა და გ. კ-ეს შორის 2004 წლის 31 მაისს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად გ. კ-ე ჩაება.

თელავის რაიონის გამგეობამ და თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სარჩელი არ ცნეს და რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მიუთითეს შემდეგზე: მოსარჩელემ 2004 წლის 11 მაისს თელავის რაიონის გამგებლის სახელზე შეიტანა განცხადება, რომლითაც კავკასიონის მთაზე მდებარე ¹...... საზაფხულო საძოვრის იჯარით გაცემა მოითხოვა. აღნიშნული განცხადება 2004 წლის 13 მაისს განსახილველად გადაეცა თელავის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს, რომელიც იმავე დროს თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეც იყო. ხსენებული განცხადების განხილვა თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004 წლის 13 მაისის სხდომაზე შეუძლებელი იყო, ვინაიდან მითითებული განცხადება სხდომის დამთავრების შემდეგ გადაეცა თელავის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს. რ. გ-ის განცხადება თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 2004 წლის 23 ივნისს განიხილა და არ დააკმაყოფილა იგი, ვინაიდან ხსენებული განცხადებით გათვალისწინებული ადგილი იმავე კომისიის 2004 წლის 13 მაისის ¹4 ოქმით და თელავის რაიონის გამგეობის 2004 წლის 14 მაისის ¹57 დადგენილებით იჯარით უკვე გადაცემული ჰქონდა გ. კ-ეს, რომელმაც ხსენებულ კომისიას 2004 წლის 28 აპრილს მიმართა განცხადებით.

გ. კ-აც წარადგინა რაიონულ სასამართლოში შესაგებელი და აღნიშნა, რომ 2004 წლის აპრილში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების იჯარით გაცემის თაობაზე. გ. კ-ემ განცხადებით მიმართა თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას და კავკასიონის მთაზე ¹...... საზაფხულო საძოვრის იჯარით გაცემა მოითხოვა, ხოლო თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004 წლის 13 მაისის სხდომის ¹4 ოქმის საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ხსენებული ტერიტორია გადაეცა იჯარით. მოსარჩელემ თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართა მას შემდეგ, რაც სადავო ტერიტორია იჯარით გ. კ-ეს გადაეცა. ამასთან, გ. კ-ეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უპირატესი უფლება გააჩნდა, ვინაიდან თვითონ და მისი წინაპრები წლების მანძილზე სარგებლობდნენ სადავო ტერიტორიით.

სასამართლო სხდომაზე რ. გ-მა მოითხოვა თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004 წლის 13 მაისის ¹4 ოქმისა და თელავის რაიონის გამგეობის 2004 წლის 14 მაისის ¹59 დადგენილების სადავო მიწის ნაკვეთის გ. კ-თვის იჯარით გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობა და თელავის რაიონის გამგეობასა და გ. კ-ეს შორის 2004 წლის 31 მაისს დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რ. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლედ საქმეში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამსახური ჩაება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა რ. გ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა მესამე პირის _ გ. კ-ის მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმის თაობაზე და გ. კ-ე საქმეში თანამოპასუხედ ჩაება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ-მა თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოითხოვა თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004 წლის 13 მაისის ¹4 ოქმისა და თელავის რაიონის გამგეობის 2004 წლის 14 მაისის ¹59 დადგენილების, აგრეთვე, თელავის რაიონის გამგეობასა და გ. კ-ეს შორის 2004 წლის 31 მაისს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება. რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004 წლის 13 მაისის ¹4 ოქმისა და თელავის რაიონის გამგეობის 2004 წლის 14 მაისის ¹59 დადგენილების სადავო ტერიტორიის გ. კ-თვის იჯარით გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობა, აგრეთვე, თელავის რაიონის გამგეობასა და გ. კ-ეს შორის 2004 წლის 31 მაისს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეს დავის საგანი არ შეუცვლია და არც გაუზრდია, მან მხოლოდ დააზუსტა და დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა. თელავის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების დაზუსტება და დაკონკრეტება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიჩნეულ იქნა მოსარჩელის მხრიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის საფუძვლების შეცვლად და დავის საგნის გაზრდად, რასაც მოპასუხეები არ დაეთანხმენ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე დავის საგნის დაზუსტება და დაკონკრეტება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების შეცვლად და დავის საგნის გაზრდად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლებით დადგენილი წესით წარდგენილი არ ყოფილა სადავოდ გამხდარი თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004 წლის 13 მაისის ¹4 ოქმი, თელავის რაიონის გამგეობის 2004 წლის 14 მაისის ¹59 დადგენილება და თელავის რაიონის გამგეობასა და გ. კ-ეს შორის 2004 წლის 31 მაისს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ინფორმაცია თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემის შესახებ 2004 წლის აპრილში გამოქვეყნდა თელავის რაიონის ადგილობრივი ტელევიზიით, აგრეთვე, არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ გ. კ-ემ განცხადებით მიმართა თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი გ. კ-ის განცხადების ქსეროასლის თანახმად, ხსენებული განცხადება რეგისტრირებულ იქნა 2004 წლის 28 აპრილს თელავის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებაში. ასევე გაურკვეველი იყო, რის საფუძველზე დაადგინა რაიონულმა სასამართლომ, რომ რ. გ-ის განცხადება თელავის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში შევიდა მაშინ, როდესაც ხსენებული კომისიის სხდომა უკვე დამთავრებული იყო, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და დადგენის გარეშე, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაბრუნებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას რაიონულ სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოპასუხეებისაგან უნდა გამოეთხოვა თელავის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004 წლის 13 მაისის ¹4 ოქმი, თელავის რაიონის გამგეობის 2004 წლის 14 მაისის ¹59 დადგენილება, აგრეთვე თელავის რაიონის გამგეობასა და გ. კ-ეს შორის 2004 წლის 31 მაისს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაში, რაიონულ სასამართლოს უნდა გამოეკვლია და საქმეზე დაედგინა სათანადო ფაქტობრივი გარემოებები, მიეცა მათთვის სამართლებრივი შეფასება ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პრზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მოთხოვნათა შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოიტანოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება გ. კ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ყოველმხრივი გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე, არ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ის ფაქტები და გარემოებები, რაც თვითონ უნდა გამოეკვლია.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა უფლებამოსილება, თავისი ინიციატივით შეეგროვებინა შესაბამისი მტკიცებულებები და აღნიშნულის საფუძველზე გამოეტანა გადაწყვეტილება, რაც მან არ განახორციელა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. კ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 2 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 30 მაისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.