¹ბს-184-173(კ-07) 10 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა ტ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ტ. რ-მა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურში იძულებით არყოფნის გამო მიუღებელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ ტ. რ-ი მუშაობს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-.... განყოფილების კადრებისა და პ/შ მუშაობის ჯგუფის ..... ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹50 პ/შ ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამსახურიდან. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹50 პ/შ ბრძანება, რის საფუძველზეც 2005 წლის 6 ივნისის ¹1287 ბრძანებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამსახურში და დაინიშნა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სამდივნოს ინსპექტორის თანამდებობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას ეკუთვნოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ყველა გარანტირებულია სახელმწიფო თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების შესახებ სახელმწიფო სახსრებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. რ-მა მოითხოვა მოპასუხე მხარისათვის 2001 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 6 ივნისამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, რაც მისი გაანგარიშებით შეადგენდა 7900 ლარს (ს.ფ. 1-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ტ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹50 პ/შ ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის მე-.... განყოფილების ყოფილი კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის ჯგუფის .... ტ. რ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგში “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლით, 2002 წლის 25 დეკემბრიდან, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით 2001 წლის 22 ოქტომბრიდან. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ტ. რ-მა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹50 პ/შ ბრძანება გაასაჩივრა სასამართლოში. საქმეში წარდგენილი იყო 2004 წლის 18 ნოემბრის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ტ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹50 პ/შ ბრძანება ტ. რ-ის სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ტ. რ-ს სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია მისი კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე მიღებული ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2001 წლის 22 ოქტომბრის ¹421 ბრძანება. საქმეში წარდგენილი იყო ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2005 წლის 9 სექტემბრის ¹27/9/6-რ/16 წერილი, რომლის თანახმად, მოსარჩელე ტ. რ-ს ეცნობა, რომ მას ეკუთვნოდა მხოლოდ კადრების განკარგულების თანხა, რომელიც შეადგენდა 218,01 ლარს.
სასამართლოს განმარტებით, “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლი განსაზღვრავდა შინაგან საქმეთა ორგანოს მუშაკთა თანამდებობრივი გადაადგილების წესს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხებოდა კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში მას მიეცემოდა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია (ს.ფ. 38-40).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 44-46).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ტ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹50 პ/შ ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის ჯგუფის ... ტ. რ-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგში “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლით, 2002 წლის 25 დეკემბრიდან, 2002 წლის გამოუყენებელი შვებულების 45 დღის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებით.
სასამართლომ საქმეზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. რ-მა სასამართლოში გაასაჩივრა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹50 პ/შ ბრძანება, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, მაგრამ სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ტ. რ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა გაუქმებული იყო და აღარ არსებობდა, ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ტ. რ-ს სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია მისი კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე მიღებული ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2001 წლის 22 ოქტომბრის ¹421 ბრძანება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმ საკითხში, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით არ მომხდარა ტ. რ-ის არც წინანდელ და არც სხვა თანამდებობაზე აღდგენა. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2005 წლის 6 ივნისის ¹1287 პ/შ ბრძანებით ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის განკარგულებაში მყოფი, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების ყოფილი კადრებისა და პ/შ მუშაობის ჯგუფის ...., პოლიციის .... ტ. რ-ი დაინიშნა ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ... თანამდებობაზე, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის განკარგულებაში ყოფნით 2002 წლის 25 დეკემბრიდან (ს.ფ. 63-67).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მომხდარა ტ. რ-ის არც წინანდელ და არც სხვა თანამდებობაზე აღდგენა, რის გამოც მისი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, მაშინ როდესაც მოპასუხე ნაწილობრივ ცნობდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, აღიარებდა, რომ მოსარჩელეს ეკუთვნის კადრების განკარგულების თანხა 218 ლარი (ს.ფ. 71-74).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სარჩელის დავის საგანია კადრების განკარგულებიდან ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის ¹50 ბრძანებით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის გამო მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელე ვერ ადასტურებს აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად სახელფასო განაცდურის მიღებას. ამასთან, სარჩელის დავის საგანი არ არის სხვა მიუღებელი გასაცემლების, მათ შორის, კადრების განკარგულებაში ყოფნის მიუღებელი თანხის ანაზღაურება.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ტ. რ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.