Facebook Twitter
ბს-185-174(კ-07) 12 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ნ. ო-ს, მ. ქ-ს, მ. ბ-ს და ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

08.02.05წ. ნ. ო-მ, მ. ქ-მ, მ. ბ-მ, ზ. ჯ-მ, გ. უ-მ და ს. ს-მ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სარჩელით მიმართეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.04წ. ¹309 ბრძანებისა და 04.11.04წ. ¹448 ბრძანების §§ 42, 46, 38, 48, 65, 49 ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 04.11.04წ. ¹448 ბრძანების §§ 42, 46, 38, 48, 65, 49 პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის შესაბამისად კადრების განკარგულებაში მყოფი ნ. ო-ა, მ. ქ-ა, მ. ბ-ა, ზ. ჯ-ა, გ. უ-ა და ს. ს-ა დათხოვნილი იქნენ პროკურატურის ორგანოებიდან საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. მოსარჩელეთა განცხადებით, აფხაზეთის პროკურატურის საშტატო ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრა ერთით. საშტატო ნუსხა დამტკიცებული იქნა საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.04წ. ¹309 ბრძანებით “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის “ი” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც, მოსარჩელეთა აზრით, ეწინააღმდეგებოდა ამავე მუხლის “გ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორი თავის კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურებს, ადგენს მათ სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის ა.რ. პროკურატურის საშტატო ერთეული მითითებული ბრძანებით 44-დან 1-მდე იქნა შემცირებული, რითაც პროკურორის კომპეტენცია განუსაზღვრელი დარჩა. მისი კომპეტენციის განსაზღვრა შეუძლებელიც იყო, ვინაიდან პროკურატურა სიმბოლურად შენარჩუნდა და ფაქტიურად მისი ლიკვიდაცია განხორციელდა. ლიკვიდაციის მოტივით სამსახურიდან პროკურორის დათხოვნას “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლი არ ითვალისწინებდა. მოსარჩელეების აზრით, სამსახურიდან მათი განთავისუფლება განხორციელდა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით. მოსარჩელეთა განცხადებით, მათ უმრავლესობას გააჩნდა მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი, ყველა მათგანი კვალიფიციური და თავისი საქმის პროფესიონალი იყო, ამასთანავე ისინი იძულებით გადაადგილებული პირები იყვნენ და კმაყოფაზე ჰყავდათ ოჯახის სხვა წევრები. აღნიშნული გარემოებების გამო, მოსარჩელეთა აზრით, მათი განთავისუფლებისას დარღვეული იქნა ასევე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის “ა“ და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროკურატურის საქმიანობის პრინციპები: კანონიერება, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა.
მოსარჩელეთა განცხადებით, აფხაზეთის ა.რ. პროკურატურა ფაქტობრივად გაუქმდა და პროკურორის თანამდებობა სიმბოლურად იქნა შენარჩუნებული, რაც ეწინააღმდეგებოდა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-6 და მე-11 მუხლების, მე-14 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის, 31-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების, 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 38-ე მუხლის მე-6, მე-9 ნაწილების, 49-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 680-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ა.რ. სასამართლოების განსჯადობა და საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრებოდა “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიუერი რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ” საქართველოს კანონით. აფხაზეთის ა.რ. პროკურატურა და შსს საგამოძიებო დეპარტამენტი გაუქმებულ იქნა, ხოლო განსჯადობის შესახებ ნორმები კვლავ მოქმედებდა, “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებში, რომლებშიც მოხსენიებული იყო აფხაზეთის ა.რ. პროურორი და პროკურატურა, სათანადო ცვლილებები უნდა ყოფილიყო შეტანილი. მოსარჩელეთა აზრით, გასაჩივრებული ბრძანებები ეწინააღმდეგებოდა ასევე აფხაზეთის ა.რ. კონსტიტუციის 150-ე მუხლს, ვინაიდან აფხაზეთის ა.რ. პროკურატურა 1 საშტატო ერთეულით არ შეიძლება ყოფილიყო საქართველოს პროკურატურის განუყოფელი ნაწილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.05წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. ამავე განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურორის 04.11.04წ. ¹448 ბრძანების §§ 42, 46, 38, 48, 65, 49 ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეჩერდა საქმის წარმოება საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.04წ. ¹309 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას საქმე ვერ გადაეცა კოლეგიის გაუქმების გამო და სარჩელი განსახილველად კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაუბრუნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.08.05წ. განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურორის 04.11.04წ. ¹448 ბრძანების §§ 42, 46, 38, 48, 65, 49 ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.02.06წ. განჩინებით გ. უ-ს მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება ამ ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.06წ. განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურორის 04.11.04წ. ¹448 ბრძანების §§ 42, 46, 38, 48, 65, 49 ბათილად ცნობის მოთხოვნის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ნაწილში სარჩელი წარდგენილი იყო სადავო აქტის გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.06წ გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.04წ. ¹309 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.06წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივრით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ო-მ, მ. ქ-მ, მ. ბ-მ და ზ. ჯ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.06წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.06წ. განჩინება გაუქმდა ზ. ჯ-სა და ნ. ო-ს სასარჩელო მოთხოვნის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ,,აფხაზეთის ა/რ პროკურატურის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.04წ. ¹309 §2 ბრძანების თანახმად, ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის ,,ი" ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცდა აფხაზეთის ა/რ პროკურატურის თანდართული საშტატო ნუსხა, რომლითაც აფხაზეთის ა/რ პროკურატურის თანამდებობრივი შტატი განისაზღვრა 1 საშტატო ერთეულით. ბრძანება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერისთანავე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 761 მუხლის შესაბამისად პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრებოდა ორგანული კარნონით, რომლის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი იყო, რომ პროკურატურის ორგანოების სტრუქტურასა და საშტატო ერთეულებს დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური პროკურორი გამოყოფილი ხელფასის ფონდის ფარგლებში ამტკიცებს გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურის სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და ხელფასის ოდენობას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ" ქვეპუქტის თანახმად, გენერალური პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურებს, ადგენს მათ სტრუქტურულ ორგანოთა კომპეტენციას, ხოლო მე-6 ნაწილის ,,ო" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ბრძანებებს, აგრეთვე ინსტრუქციებსა და მითითებებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,აფხაზეთის ა/რ პროკურატურის საშატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.04წ. ¹309 §2 ბრძანება არ წარმოადგენდა ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ ნორმატიულ ან კანონქვემდებარე აქტს. ამასთანავე, ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი არ შეიცავდა სპეციალურ ნორმას იმის თაობაზე, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ წარმოადგენდა ნორმატიულ აქტს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო აქტით განხორციელდა აფხაზეთის ა/რ პროკურატურის ლიკვიდაცია.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის 761 მუხლის, ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-6, მე-7 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის დებულებებით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილი იყო გამოეცა სადავო აქტი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, არსებითად არ იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და გამოცემული იყო კანონმდებლობის ფარგლებში, რის გამოც არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ო-მ, გ. ბ-მ, მ. ქ-მ და ზ. ჯ-მ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სადავო ბრძანება მიღებული იქნა ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის ,,ი"B ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისა, რაც ეწინააღმდეგება იმავე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან ამ ბრძანებით აფხაზეთის ა/რ პროკურატურის საშტატო ერთეული 44-დან 1-მდე შემცირდა, რის გამოც პროკურატურის კომპეტენციაც განუსაზღვრელი დარჩა და მომავალშიც ვერ განისაზღვრება, რადგან პროკურატურის თანამდებობა სიმბოლურად შენარჩუნდა და ფაქტიურად აფხაზეთის ა/რ პროკურატურის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღნიშნული საფუძვლით პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლებას ,,პროკურატურის შესახებ" კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტი არ ითვალისწინებდა. კასატორთა მოსაზრებით, სადავო აქტი ეწინააღმდეგება აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციის 150-ე მუხლს, ვინაიდან აფხაზეთის ა/რ პროკურატურა გაუქმებულია, არ ფუნქციონირებს და ერთი საშტატო ერთეულით საქართველოს პროკურატურის განუყოფელი ნაწილი ვერ იქნება.
კასატორმა აღნიშნეს, რომ ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის ,,ო" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, 71 მუხლის შესაბამისად, გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტია ბრძანება, რომელიც გამოიცემა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების აზრით, სადავო აქტი ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, რაც, კასატორთა მითითებით, გამომდინარეობს ასევე რნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ნაწილების შინაარსიდან. კასატორები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტი ნორმატიული აქტია და თვლიან, რომ მისი მიღების დროს დარღვეული იქნა ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 29-ე, 30-ე, 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის მუხლების მოთხოვნები. 29-ე, 30-ე მუხლების, 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 33-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ,,პროკურატურის შესახებ" ორგანული კანონის 71 მუხლის 2-4 ნაწილის მოთხოვნები.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 51-ე მუხლის 1 და მეორე ნაწილების შესაბამისად, დაუშვებელი იყო ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ნორმატიული აქტების შესასრულებლად სათანადო ზომების მიუღებლობა და დაბრკოლების შექმნა. თუ ნორმატიული აქტი მიღებულ საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, ორგანული კანონისა და კანონის თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველობის (მმართველობის) სხვა ოგანოს (თანამდებობის პირს) უფლებამოსილებას ან მიღებულია ამ კარნონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნომატიულ აქტს არა აქვს იურიდიული ძალა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.06წ. განჩინების გაუქმება და საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.04წ. ¹309 §2 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.03.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. მოწინააღმდეგე მხარეს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ დასაშვებობის პირობებს. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე. საკასაციო საჩივრის ავტორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებსა და ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასების სისწორეს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არსებობს საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
კასატორებმა წარმოადგინეს მოსაზრება, რომელშიც აღინიშნა, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეული უნდა იქნეს დასაშვებად და დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. კასატორების განცხადებით, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევით არის გამოტანილი. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 393.2 მუხლის შესაბამისად არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასაწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული და საპროცესო სამართლის ამ ნორმების დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ო-ს, მ. ქ-ს, მ. ბ-ს და ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.04წ. ¹309 §2 ბრძანება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-6, მე-7 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის დებულებებით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილი იყო გამოეცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და განესაზღვრა აფხაზეთის ა/რ პროკურატურის საშტატო განრიგი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ო-ს, მ. ქ-ს, მ. ბ-ს და ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ო-ს, მ. ქ-ს, მ. ბ-ს და ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.