Facebook Twitter

¹ბს-185-181(კ-08)

1 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი გ. ც-ე (რწმუნებულება 10.09.08წ. ¹8/4729)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ა-ი

დავის საგანი – სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.07წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-მა 19.02.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დავალიანების _ 4818 ევროს ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.06.03წ. ¹2648 ბრძანების საფუძველზე, 2003 წლის 1 ივნისიდან 2005 წლის 30 ივლისამდე იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სასწავლო მივლინებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საავტომობილო ბაზის 05.01.07წ. ცნობის თანახმად, სამივლინებო დავალიანება შეადგენს 4818 (ოთხი ათას რვაას თვრამეტ) ევროს. გ. ა-ის არაერთი სიტყვიერ და წერილობით მიმართვას დავალიანების დაფარვის შესახებ დაპირების გარდა არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4818 (ოთხი ათას რვაას თვრამეტი) ევროს შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.07წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით მიუთითა, რომ “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12.2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის სამივლინებო ხარჯების გარდა, მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ბრძანებულების მე-40 პუნქტით ასევე უზრუნველყოფილია სასწავლებლად წარგზავნილ მოსამსახურეთათვის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების უფლება. ამავე ბრძანებულების 41-ე პუნქტის მიხედვით, სასწავლებლად გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნილ მოსამსახურეებს სამივლინებო ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეთ შესაბამისი ქვეყნის ვალუტით, ანაზღაურების ნორმებს განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი. ასევე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი ითვალისწინებს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო ამავე კანონის 37.4 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებთა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. აპელანტის მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ გ. ა-ის მიმართ სამინისტროს გააჩნდა სამივლინებო დავალიანება 2003 წლის 1 ივნისიდან 2005 წლის 21 ივნისამდე 4818 ევროს ოდენობით. დადგენილია, რომ მისი აუნაზღაურებლობის მიზეზი გახდა შესაბამისი წყაროს არარსებობა, რომლის მოძიების შემთხვევაში, სამინისტრო კვლავ დაუბრუნდებოდა ხარჯების ანაზღაურების საკითხს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დაფინანსების არარსებობა, ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი. ამასთან, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის არგუმენტაცია გ. ა-ის მიერ ხარჯების გაწევის დამადასტურებელი ქვითრების წარუდგენლობის გამო მასთან საფინანსო ანგარიშსწორების შეუძლებლობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების მე-40 პუნქტით “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” სასწავლებლად წარგზავნილ მოსამსახურეებს ეძლევათ სამივლინებო ხარჯები დადგენილი წესით. ამავე ბრძანებულების 41-ე პუნქტის მიხედვით, სასწავლებლად გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნილ მოსამსახურეებს სამივლინებო ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეთ შესაბამისი ქვეყნის ვალუტით, ანაზღაურების ნორმებს განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი. სააპელაციო პალატამ საქმეში დაცული მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სამივლინებო დავალიანება შეადგენს 4818 ევროს. ამდენად, სამინისტროს მიერ დადგენილ იქნა გასაცემი თანხის ოდენობა სამივლინებო ხარჯების გაწევის დამადასტურებელი ქვითრების წარდგენის მიუხედავად, რაც სამინისტროს მხრიდან სადავო არ გამხდარა, უფრო მეტიც, 12.01.07წ. წერილით მოპასუხემ აღიარა დავალიანების არსებობა და შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, მისი ანაზღაურების დაპირება გასცა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სამივლინებო ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ამდენად, ამ ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე გამოყენებული უნდა იქნეს როგორც კანონისმიერი ვალდებულებითი, ასევე კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, კერძოდ, თითოეული მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას მხედველობაშია მისაღები სსკ-ის 129-ე, 326-ე და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლებით დადგენილი სამწლიანი და ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადების გასვლის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2003-2004 წლების მოთხოვნაზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სსკ-ის 129-ე და 326-ე მუხლების საფუძველზე, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები. საყურადღებოა, რომ საქმეში არსებული ცნობა და ფინანსების მართვის დეპარტამენტის წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად ან ადმინისტრაციულ დაპირებად, რადგან მათ ინფორმაციული ხასიათი აქვთ და არ პასუხობენ აღიარებისა და ადმინისტრაციული დაპირების კანონით დადგენილ პირობებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.03.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე გ. ა-მა 24.03.08წ. და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 27.03.08წ. საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წარმოადგინეს მოსაზრებები. გ. ა-მა თავისი მოსაზრებით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მოპასუხისათვის კონკრეტული ვადის განსაზღვრა მოითხოვა მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატას საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 38-ე, 39-ე, 391 მუხლების, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.2 მუხლის თანახმად სამხედრო მოსამსახურეს აქვს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493-ე ბრძანებულების სადავო პერიოდში მოქმედი მე-40 მუხლის თანახმად სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილ იქნენ მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებოდათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფისა და ფორმის ტანსაცმლის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი, ამასთანავე, ეძლეოდათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული). ამავე ბრძანებულების 41-ე პუნქტი ადგენდა, რომ სასწავლებლად გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნის მოსამსახურეებს სამივლინებო ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეთ შესაბამისი ქვეყნის ვალუტით, ანაზღაურების ნორმებს განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 39-ე, 391 მუხლების მიხედვით უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით, უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

გ. ა-ის მივლინებაში ყოფენის პერიოდში (01.07.03წ. – 21.09.05წ.) სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა ,,მოსამსახურესათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულება, რომლის ¹2 დანართის (,,ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი”) მე-3 პუნქტის თანახმად, მუშაკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას დღიური ხარჯები უნაზღაურდებოდათ ამავე ბრძანებულების ¹3 დანართის მიხედვით საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს. დანართის მე-6 პუნქტის თანახმად კი, თუ მუშაკების მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფის კვების ხარჯით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ მხოლოდ დღიური ნორმის 30 პროცენტი და ამ განკარგულების ¹4 დანართით გათვალისწინებული დანამატი. ამავე დანართის მე-7 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარდგენის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლიანობას არ ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ბრძანებულების 41-ე პუნქტი, რომელიც ადგენდა, რომ სასწავლებლად გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნილ მოსამსახურეებს სამივლინებო ხარჯები შეიძლება ანაზღაურებულიყო შესაბამისი ქვეყნის ვალუტით, ანაზღაურების ნორმებს განსაზღვრავდა თავდაცვის მინისტრი. “საზღვარგარეთ უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სასწავლებლად წარგზავნილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი და სანივთე კმაყოფით, მატერიალური დახმარების უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.10.98წ. ¹302 ბრძანებით სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდში ფულადი კმაყოფა გაიცემა ბინის დაქირავების შემთხვევაში (2პ.), მგზავრობის ღირებულება ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები ქვეყანა თავისთავზე არ იღებს მგზავრობის ხარჯებს (5პ). საკასაციო პალატის სხდომაზე გ. ა-მა დაადასტურა, რომ პირადი ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფდა მიმღები მხარე. საქმეში არ მოიპოვება გ. ა-ის მიერ ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გ. ა-ან საფინანსო ანგარიშსწორების საფუძველი გახდებოდა. გ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 12.01.07წ. ¹9/67 წერილით, ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საავტომობილო ბაზის უფროსისა და საფინანსო ნაწილის ფინანსისტის მიერ 01.01.07წ. გაცემული ¹11 ცნობით მოხდა მოთხოვნის აღიარება. სასკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცნრობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის ცნობა არ იწვევდა სასარჩელო განცხადების უპირობო დაკმაყოფილებას. მოსარჩელე გ. ა-ის სამივლინებო თანხების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულებით დადგენილი წესის გათვალისწინებით, მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ სამივლინებო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულებით. საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.08.05წ. ¹2135 ბრძანების მიხედვით მოსარჩელე გ. ა-ი გფრ-ში სასწავლო მივლინებაში იმყოფებოდა 2005 წლის 21 ივნისამდე. შესაბამისად, მივლინებაში ყოფნის პერიოდი მოიცავს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულების მოქმედების პერიოდსაც, ხსენებული ბრძანებულების ¹1 დანართის მე-18 პუნქტის მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ამავე დანართის მე-16 პუნქტით, იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოსამსახურის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, მოსამსახურეს მიეცემა მხოლოდ ამ ბრძანებულების ¹3 დანართით განსაზღვრული დანამატი, ხოლო ¹3 დანართი ითვალისწინებს დანამატის გაცემას მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის, რომელსაც მოსარჩელე გ. ა-ი არ განეკუთვნებოდა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია ხარჯების ანაზღაურების ხსენებული წესების გაუთვალისწინებლად, სასამართლომ არ გამოიყენა ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი), გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი), რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისი სამივლინებო თანხების ანაზღაურება დროის გარკვეულ პერიოდს უკავშირდება, სამივლინებო თანხების ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, მასზე ვრცელდება სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა გ. ა-ის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამორკვეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ იძლევა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საქმის ხელახალი განხილვისას საქმეზე უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ის თუ ვის მიერ იქნა გაწეული სამივლინებო ხარჯები (მგზავრობის, განთავსების, კვების, დღიური ხარჯები), სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების სამრათლებრივი ასპექტები უნდა გადაწყდეს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის მითითებულ გარემოებთა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეთა უფლება-მოვალეობების ზუსტი განსაზღვრა, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.07წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.