ბს-191-180(კ-07) 19 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 12 იანვარს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ მოპასუხე შპს “გ...ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და შპს “გ...ს” შორის 2005 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 7 აგვისტოს დადგენილების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 10 აგვისტოს ¹93 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს “გ...ს” საკუთრებაში გადაეცა სოფელ გონიოში შპს “გ...ზე” რიცხული მიწების მიმდებარედ 5180კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული პირი ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში განეხორციელებინა მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის მიზნით წარდგენა. გამგეობის გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კონკურსში გამარჯვებული პირი არ შეასრულებდა მითითებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს, მასთან არ გაფორმდებოდა ხელშეკრულება. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და შპს “გ...ს” შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2005 წლის 25 ნოემბერს, საჯარო რეესტრში გატარდა ორ ნაკვეთად: 2005 წლის 28 ნოემბერს _ 1382.25კვ.მ და 2005 წლის 29 ნოემბერს _ 3797.4კვ.მ. სახელშეკრულებო თანხა გადახდილ იქნა 2 დეკემბერს, რითაც დაირღვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 10 აგვისტოს ¹93 გადაწყვეტილების მესამე პუნქტის მოთხოვნები და აქედან გამომდინარე, ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს თვით გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები (ს.ფ. 1-2).
2006 წლის 15 მარტს შპს “გ...მა” შეგებებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის მეხუთე ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის ხელვაჩაურის რაიონული კომისიის 2005 წლის 7 აგვისტოს ¹10 საოქმო დადგენილებისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 10 აგვისტოს ¹93 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის ძალაში დატოვება, რომლითაც დადასტურდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 7 აგვისტოს ¹10 საოქმო დადგენილება და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში არსებული 5180კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა (ს.ფ. 15-19).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს “გ...ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი, რომელიც ეხებოდა მოპასუხის _ შპს “გ...ის” კანონიერ უფლებებს; ძალაში დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის ხელვაჩაურის რაიონული კომისიის 2005 წლის 7 აგვისტოს ¹10 საოქმო დადგენილება; ასევე ძალაში დარჩა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 10 აგვისტოს ¹93 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტი, რომლითაც დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 7 აგვისტოს ¹10 საოქმო დადგენილება და შპს “გ...ს” ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში შპს “გ...ის” მიწის ნაკვეთის მიმდებარედ 5180კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში (ს.ფ. 62-67).
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 69-73).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 10 აგვისტოს ¹33 გადაწყვეტილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 7 აგვისტოს დადგენილება, რომლის თანახმად, შპს “გ...ის” დირექტორ ი. შ-ს საკუთრებაში გადაეცა სოფელ გონიოში შპს “გ...ის” მიმდებარე 5180კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2005 წლის 25 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამოსილ პირსა და შპს “გ...ის” დირექტორ ი. შ-ს შორის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაფორმდა ნასყოდობის ხელშეკრულება, რაც შემდეგაც რეგისტრაციაში გატარდა საჯარო რეესტრში, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით შპს “გ...ი” გახდა კონკურსის გზით შეძენილი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. 2005 წლის 27 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ მიიღო ¹162 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა თავისივე 2005 წლის 10 აგვისტოს ¹93 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს “გ...ს” საკუთრებაში გადაეცა კონკურსის წესით შეძენილი 5180კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და შესაბამისად, 2005 წლის 25 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ მიწის ნაკვეთი განკარგა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესები”. მითითებული წესების ზოგადი ნაწილის მე-6 პუნქტის თანახმად, კურორტებსა და საკურორტო ადგილების სანიტარულ ზონებში სახელმწიფო მიწა განიკარგება მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით, საქმის მასალებით კი არ დასტურდებოდა, რომ სოფელ გონიოში შპს “გ...ის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადავო მიწის ნაკვეთი განთავსებული იყო საკურორტო ადგილის სანიტარულ ზონაში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება 2005 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თითქოს ი. შ-მ არ შეასრულა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 10 აგვისტოს ¹93 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები: ერთი თვის ვადაში არ განახორციელა მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმება და მისი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციისათვის წარდგენა. საქმის მასალებით დადასტურებული იყო, რომ მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმება და მისი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციისათვის წარდგენა გაჭიანურდა თვით მოსარჩელის მიერ. ამავე დროს იმავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კონკურსში გამარჯვებული პირი არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მასთან არ გაფორმდება ხელშეკრულება. ანუ თუკი ი. შ-მ დაარღვია გადაწყვეტილებით დათქმული პირობები, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას შეეძლო მასთან არ გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა 2005 წლის 25 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და ი. შ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ამით კი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ გამოხატა თავისი ნება მიწის ფასის გადახდის შემდეგ, კონკურსში გამარჯვებული შპს “გ...ისათვის” ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით გადაეცა 5180კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 126-133).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილება მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირობების უგულებელყოფით. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების მიღებამდე მიწის ნაკვეთების განკარგვის კანონიერების შესწავლის მიზნით ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹188 განკარგულებით შეიქმნა შიდა უწყებრივი კომისია, რომელსაც დაევალა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების იჯარითა და საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცესების კანონიერების საკითხის შესწავლა. აღნიშნული კომისიის მიერ ხელვაჩაურის რაიონის გამგებელთან წარდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი, რომელმაც ფაქტობრივად ცხადყო მოსარჩელე შპს “გ...ის” და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის კანონიერების საკითხი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, როგორც კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული სამართლებრივი ურთიერთობები ჩათვლილიყო ბათილად, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა უკანონოდ განკარგული მიწის ნაკვეთების ფლობისა და სარგებლობის უკანონოდ განგრძობადი რეალობა. აღნიშნულის გათვალისწინებით რაიონის გამგეობამ მიიღო 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილება, რომელიც საფუძველი გახდა სამართლებრივი პროცესების ამოქმედებისა უკანონოდ მოპოვებული საკუთრებისა თუ მფლობელობის განხორციელებისადმი. რაიონის გამგეობაში წარმოებული კომისიის შექმნა, მისი საქმიანობა და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება სრულად აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს.
კასატორის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სადავო მიწის ნაკვეთი უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთს წარმოადგენდა, ვინაიდან მის გასასხვისებლად სავალდებულო იყო შესაბამისი უწყებების თანხმობები, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 146-150).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, აჭარის ა/რ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.