Facebook Twitter

ბს-191-187(კ-08) 19 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. პ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 25 თებერვალს კ. ა-მა სარჩელით მიმართა დმანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მ. ა-ის მიმართ და მოითხოვა ქვემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილების ბათილად ცნობა და ამ დადგენილების საფუძველზე, სოფელ .......-ში სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მის სახელზე აღრიცხვა და საკომლო წიგნში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

დმანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დმანისის რაიონის ზემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება; სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/2½ აღირიცხა კ. ა-ის სახელზე; დაკრძალვისა და სასაფლაოს მოწყობისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის საოქმო განჩინებით გ. პ-ა საქმეში ჩაება კ. ა-ას უფლებამონაცვლედ ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით დმანისის სოფელ როზმანის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა დმანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო სახლისა და მიწის ნაკვეთის წილი აღირიცხა კ. ა-ის სახელზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი დმანისის რაიონის ზემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულად შესწავლის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში დმანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. პ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გ. პ-ას საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინებით გ. პ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2008 წლის 11 მარტს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან და შპს ,, ..... ” ექსპლუატაციის დირექტორის – მ. ფ-ის წერილიდან ირკვევა, რომ ფოსტალიონმა კასატორ გ. პ-ას რამდენჯერმე მიუტანა წერილი, მაგრამ მან უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე (ს.ფ. 481; ს.ფ. 484;).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. გ. პ-ამ გზავნილის ჩაბარებაზე უარი თქვა 2008 წლის 1 მაისს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 13 მაისის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. პ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. პ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.