Facebook Twitter

ბს-19-19(კ-08) 5 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ე” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია (მოპასუხე)

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ინდივიდუალურმა მეწარმეებმა “უ. ბ.-მ” და “გ. ბ.-მ” 2006 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვეს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის (ინდმეწარმე “გ. ბ.-ის” მიმართ) ნაწილობრივ ბათილად ცნობა და აქტით დარიცხული გადასახადის 35726.25 ლარის 2667.50 ლარამდე შემცირება; ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის (ინდმეწარმე “უ. ბ.-ის” მიმართ) ნაწილობრივ ბათილად ცნობა და აქტით დარიცხული 9978.12 ლარის 900 ლარამდე შემცირება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე “გ. ბ.-სა” და ინდმეწარმე “უ. ბ.-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საგადასახადო ინსპქეციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი ინდმეწარმე “გ. ბ.-ის” მიმართ და ამ აქტით დარიცხული გადასახადი 35 726,25 ლარი შემცირდა 8267,92 ლარამდე; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი ინდმეწარმე “უ. ბ.-ის” მიმართ და ამ აქტით დარიცხული 9978,12 ლარი შემცირდა 2500 ლარამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის განაცხადი და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებისა და მისი წინმსწრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, 2006 წლის 4 მაისის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებიდან ორი კვირის ვადაში განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლო მხარეთა მონაწილეობით განიხილავს ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხს. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 4 მაისის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით დასაშვებად ცნო ინდმეწარმე “უ. ბ.-ისა” და ინდმეწარმე “გ. ბ.-ის” სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილია, რომ ინდმეწარმეების _ “უ. ბ.-ისა” და “გ. ბ.-ის” ბიუჯეტთან და სახელმწიფო ფონდებთან ანგარიშსწორების მდგომარეობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტები შედგენილია 2005 წლის 31 დეკემბერს, სარჩელი კი მათ მიერ სასამართლოში აღძრულია 2006 წლის 18 აპრილს. ინდმეწარმე “გ. ბ.-ის” საგადასახადო შემოწმების აქტზე დაფიქსირებულია შენიშვნა იმის თაობაზე, რომ გადამხდელი აქტს გაეცნო და აქტის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ინდმეწარმე “გ. ბ.-მ” დაადასტურა ის გარემოება, რომ შემოწმების დამთავრების შემდეგ, 2005 წლის 31 დეკემბერს, იგი გაეცნო აქტს, თუმცა რადგანაც არ ეთანხმებოდა მის სისწორეს, არ მოაწერა ხელი და არ ჩაიბარა აქტი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად არის დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი და შესაბამისად, უნდა გადაეწყვიტა, რამდენად დასაშვებია ინდმეწარმე “გ. ბ.-ის” სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლების საფუძველზე საკუთარი ინიციატივით უნდა გამოეკვლია ფაქტობრივი გარემოებები და შეეგროვებინა მტკიცებულებები, თუ როდის მოხდა ინდმეწარმე “უ. ბ.-თვის” ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა და შემდეგ უნდა გადაეწყვიტა სარჩელის დასაშვებობის საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ინდმეწარმეებმა _ “გ. ბ.-მ” და “უ. ბ.-მ”. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კასატორთა მოსაზრებით, საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებისა და მისი წინმსწრები 2006 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნების შესახებ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნის არა დაზუსტებას, არამედ შეცვლას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ინდივიდუალური მეწარმე “გ. ბ.-ის” ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება უცვლელად დარჩა ინდივიდუალური მეწარმე “გ. ბ.-ის” სარჩელთან დაკავშირებით დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების ნაწილში; საკასაციო საჩივარი ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” ნაწილში დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების ნაწილში და ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ, ინდივიდუალური მეწარმეების _ “უ. ბ.-ისა” და “გ. ბ.-ის” საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტები შედგენილია 2005 წლის 31 დეკემბერს, აღნიშნული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით კი სარჩელი აღძრულია 2006 წლის 18 აპრილს.

საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ინდივიდუალური მეწარმე “გ. ბ.-ის” სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში. საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური მეწარმე “გ. ბ.-ის” საგადასახადო შემოწმების აქტზე არსებული შენიშვნით გამოარკვია, რომ გადამხდელი (ინდივიდუალური მეწარმე “გ. ბ.-ე”) აქტს გაეცნო და აქტის ხელისმოწერაზე უარი განაცხადა (ს.ფ. 17). იმავდროულად, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გ. ბ.-მ დაადასტურა, რომ შემოწმების აქტი მან არ ჩაიბარა და არც ხელი მოაწერა, რადგანაც მის შინაარსს არ ეთანხმებოდა, თუმცა მას გაეცნო (ს.ფ. 96). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ბ.-ე აქტს გაეცნო შემოწმების დამთავრების შემდეგ, 2005 წლის 31 დეკემბერს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გასაქარწყლებლად საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა დასაბუთებულ მსჯელობას და აღნიშნულ ნაწილში არ იყო წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების არასწორად დადგენას დაადასტურებდა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რაც აღნიშნული სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობაა. თავის მხრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლით, რომლის თანახმად, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აღნიშნული აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით მის გაგზავნას. საგადასახადო კოდექსი აღნიშნულ საკითხზე შეიცავს სპეციალურ მოწესრიგებას, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს მხრიდან _ საგადასახადო შემოწმების ჯგუფის წევრები, გადასახადის გადამხდელის მხრიდან: დირექტორი (ხელმძღვანელი), აგრეთვე აუდიტორი და ადვოკატი, თუ ისინი მონაწილეობას იღებდნენ საგადასახადო შემოწმების პროცესში, თუ გადასახადის გადამხდელის მხარემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე (გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას), აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო შემთხვევაში ჩატარებულია საკონტროლო გასვლითი შემოწმება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ინდივიდუალური მეწარმე “გ. ბ.-ე”, რომელიც შემოწმების აქტს გაეცნო, მაგრამ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. საგადასახადო კოდექსის მითითებული ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების აქტის ხელის მოწერაზე უარის თქმა უთანაბრდება აქტის გაცნობას, რაც შემოწმების აქტის გასაჩივრების საპროცესო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად მართებულად დაუქვემდებარა საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სარჩელის დასაშვებად ცნობის შესახებ, რამდენადაც სააპელაციო საჩივრით აღნიშნული განჩინება გადაწყვეტილებასთან ერთად თავიდანვე გასაჩივრებული არ ყოფილა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში (ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებთან სარჩელის შესაბამისობა), საქმეს განსახილველად უბრუნებს განსჯად სასამართლოს. აღნიშნული მუხლის საფუძველზე სარჩელის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების უფლებამოსილება ზემდგომი სასამართლოს უშუალო უფლებამოსილებაა, რომელსაც ზემდგომი სასამართლო თავისი ინიციატივით იყენებს, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამის თაობაზე მხარის შუამდგომლობა და არის თუ არა ცალკე გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სარჩელის დასაშვებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” სარჩელის დასაშვებობის შემოწმების მიზნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის საქმის ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” ნაწილში დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძვლად მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებზე და განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა მოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები, თუ როდის მოხდა ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-თვის” ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა და შემდეგ გადაწყვიტოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-თან” მიმართებაში საქმის მასალებში არ მოიპოვება მისთვის სადავო შემოწმების აქტის გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არც 2005 წლის 31 დეკემბრის შემოწმების აქტი შეიცავს შენიშვნას, რომ უ. ბ.-ე აქტს გაეცნო და აქტის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და არც თავად უ. ბ.-ე აღიარებს აღნიშნულ ფაქტს, როგორც ეს ინდივიდუალური მეწარმე “გ. ბ.-ის” შემთხვევაშია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლო იმ შემთხვევაში უბრუნებს ქვემდგომ სასამართლოს საქმეს დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებად, როდესაც სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები ზემდგომ სასამართლოში გამოვლინდება. უ. ბ.-თან მიმართებაში სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები სააპელაციო სასამართლოში არ გამოვლენილა. უ. ბ.-ე ყოველთვის უარყოფდა მისთვის შემოწმების აქტის გაცნობას 2006 წლის აპრილამდე, საქმეში აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ მოიპოვება და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაც აღნიშნულ საკითხზე სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია საკასაციო სასამართლომ. საკასაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით სააპელაციო წესით საქმის განხილვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა ამავე საგადასახადო ინსპექციის მუშაკების რ. გ.-ის, ნ. ჯ.-ისა და ზ. თ.-ის მოხსენებითი ბარათი საგადასახადო ინსპექციის უფროსის სახელზე, შედგენილი 2005 წლის 31 დეკემბერს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადამხდელმა ი/მ „უ. ბ.-მ“ უარი განაცხადა ხელი მოეწერა ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით გამოყვანილ შედეგებზე, რომელიც გამოყვანილ იქნა ი/მ „უ. ბ.-მ“ მიერ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების შედარების საფუძველზე. მან აქტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა ხსენებული მოხსენებითი ბარათის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის შესახებ და თავისი ინიციატივით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლების შესაბამისად, ამავე კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად მოწმის სახით დასაკითხად მიიწვია აღნიშნული მოხსენებითი ბარათის ავტორები.

2007 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფრსმა ინსპექტორმა ზ. ჯ.-მ განმარტა, რომ ხსენებული მოხსენებითი ბარათის შედგენაში ღებულობდა მონაწილეობას. მან იცის, რომ უ. ბ.-ე შემოწმების პერიოდში შეხვდა საგადასახადო ინსპექტორებს და თავისი ხელით შეადგინა ინვენტარიზაციის აქტი. აქტი უ. ბ.-ს გააცნეს შემოწმების მონაწილე სხვა ინსპექტორებმა.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციოო საჩივარი შეიტანა ინდმეწარმე “უ. ბ.-მ” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ერთადერთ უტყუარ დასტურად ინდმეწარმე “უ. ბ.-ს” მიმართ აქტის ჩაბარების დასტურად საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების რ. გ.-ის, ზ. ჯ.-ისა და ზ. თ.-ის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათი საგადასახადო ინსპექციის უფროსის სახელზე, რომელიც თითქოს 2005 წლის 31 დეკემბერს არის შედგენილი. სასამართლოს არ უმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შეხება აქვს აღნიშნულ მოხსენებით ბარათს ინდმეწარმე “უ. ბ.-ის” გაფრთხილებასთან შემოწმების აქტის ჩაბარების შესახებ. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს ასევე არ შეუფასებია მოხსენებით ბარათზე ერთ-ერთი ხელმომწერის განმარტება იმის შესახებ, რომ მან ხელი მოაწერა მოხსენებით ბარათს ისე, რომ არ იცოდა წარუდგინეს თუ არა შემოწმების აქტი ინდმეწარმე “უ. ბ.-ს” რადგან იგი განახორციელეს სხვა მოხსენებით ბარათზე ხელმომწერმა ინსპექტორებმა.

კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 26 ივლისს მოცემულ დავაზე მიღებულ განჩინებას, ასევე წინააღმდეგობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტთან, სადაც იმპერატიულადაა განსაზღვრული გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას შემოწმების აქტზე ხელმოწერის წესი და პირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” ნაწილში, საქმე ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს; ამ ნაწილში მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 26 ივლისის განჩინებაში მიუთითა, რომ ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-თან” მიმართებაში საქმის მასალებში არ მოიპოვება მისთვის სადავო შემოწმების აქტის გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არც 2005 წლის 31 დეკემბრის შემოწმების აქტი შეიცავს შენიშვნას, რომ უ. ბ.-ე აქტს გაეცნო და აქტის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და არც თავად უ. ბ.-ე აღიარებს აღნიშნულ ფაქტს, როგორც ეს ინდივიდუალური მეწარმე “გ. ბ.-ის” შემთხვევაშია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლო იმ შემთხვევაში უბრუნებს ქვემდგომ სასამართლოს საქმეს დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, როდესაც სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები ზემდგომ სასამართლოში გამოვლინდება. საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ უ. ბ.-თან მიმართებაში სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები სააპელაციო სასამართლოში არ გამოვლენილა. უ. ბ.-ე ყოველთვის უარყოფდა მისთვის შემოწმების აქტის გაცნობას 2006 წლის აპრილამდე, საქმეში აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ მოიპოვება. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოყოს ინდივიდუალური მეწარმე “გ. ბ.-ის” ნაწილში საქმის წარმოება და გაუგზავნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, ხოლო ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” მიმართ გააგრძელოს საქმის წარმოება (ს.ფ. 195). მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას კი სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, ამავე საგადასახადო ინსპექციის მუშაკების: ზ. თ.-ის, ზ. ჯ.-ის და რ. გ.-ის მიერ 2005 წლის 31 დეკემბერს შედგენილი მოხსენებითი ბარათი საგადასახადო ინსპექციის უფროსის სახელზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გადასახადის გადამხდელმა ინდივიდუალურმა მეწარმე “უ. ბ.-მ” უარი განაცხადა შემოწმების აქტის ხელმოწერაზე, რომელიც ეფუძნებოდა მის მიერვე შედგენილი ინვენტარიზაციის აქტის მონაცემებს (ს.ფ.28-29). სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმედ იქნა დაკითხული აღნიშნული მოხსენებითი ბარათის ერთ-ერთი შემდგენი – ზ. ჯ.-ე, რომელმაც სააპელაციო პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე განმარტა, რომ უ. ბ.-ე შემოწმების პერიოდში შეხვდა საგადასახადო ინსპექტორებს და თავისი ხელით შეადგინა ინვენტარიზაციის აქტი. მისი განმარტებით, ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ისა” და მისი მამის შემოწმების დროს კომისიაში სამი წევრი იყო; მას უშუალოდ არ შეუმოწმებია უ. ბ.-ე, მხოლოდ ახსოვს, რომ მან და მისმა მამამ, ორივემ უარი განაცხადეს აქტის ხელმოწერაზე; მოხსენებითი ბარათი კი შეადგინა დეკემბრის ბოლოს და მასში დააფიქსირა, რომ მათ მიერ უარის თქმა აქტის ხელმოწერაზე, მან იმავე სხდომაზე განმარტა, რომ უშუალოდ უ. ბ.-ზე აქტის წარდგენას იგი არ ესწრებოდა; აქტზე შენიშვნა მას არ გაუკეთებია, მხოლოდ მოხსენებითი ბარათი წარადგინა; აქტის შედგენას კომისიის სამივე წევრი რომ ესწრებოდეს, არ არის სავალდებულო; აუცილებელია მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წევრი (ს.ფ. 38).

აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” სარჩელის დასაშვებობის შემოწმება, რათა დადგენილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლების პირობების არსებობა როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით და ამის შემდეგ მიღებულიყო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. აღნიშნული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლებს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2007 წლის 26 ოქტომბრისათვის მოქმედი რედაქცია) ზემდგომი სასამართლოსათვის მინიჭებული, არსებითი განხილვისას წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განსჯადი სასამართლოსათვის დაბრუნების უფლებამოსილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ზემდგომმა სასამართლომ, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობა. მხოლოდ ვარაუდი, თუნდაც დასაბუთებული, არ არის საკმარისი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნორმის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების მიზნით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით სარჩელის წარდგენის ფაქტობრივი გარემოება უნდა დადასტურებულიყო მხოლოდ კანონით დადგენილი გარკვეული სახის მტკიცებულებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო შემოწმების აქტს გადასახადის გადამხდელის მხრიდან ხელს აწერენ დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აგრეთვე აუდიტორი და ადვოკატი, თუ ისინი მონაწილეობას იღებდნენ საგადასახადო შემოწმების პროცესში. თუ გადასახადის გადამხდელის მხარემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე (გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას), აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ამდენად, შემოწმების აქტის გადასახადის გადამხდელზე ოფიციალური გაცნობისათვის წარდგენა უნდა დადასტურდეს მხოლოდ მისი ხელმოწერით, ან აქტში გაკეთებული ჩანაწერით იმის თაობაზე, რომ გადასახდის გადამხდელმა უარი განაცხადა შემოწმების აქტის ხელმოწერაზე.

საქმის განხილვისას უდავოდ იქნა დადგენილი, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹03/1006 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც დასრულდა 2005 წლის 31 დეკემბერს, შესაბამისი შემოწმების აქტის შედგენით. აღნიშნულ შემოწმების აქტზე ხელს აწერენ საგადასახადო ინსპექტორები: რ. გ.-ი, ზ. ჯ.-ე და ზ. თ.-ე. აქტზე არ არის ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” ხელმოწერა, არც შესაბამისი ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე (ტ. I, ს.ფ. 30-33). საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებაც, რომ ინდივიდუალურ მეწარმე “უ. ბ.-ს”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, 2006 წლის 4 აპრილამდე ოფიციალური გაცნობის მიზნით გადაეცა ან ფოსტით გაეგზავნა ხსენებული შემოწმების აქტი. საქმეში მოთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 28 თებერვლის ¹6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელზედაც არის უ. ბ.-ის ხელმოწერა, დათარიღებული 2005 წლის 4 აპრილით (ტ. I, ს.ფ. 62). სარჩელი კი მის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2006 წლის 18 აპრილს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით თვლის, რომ ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-თვის” 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის იმავე დღეს ოფიციალური გაცნობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ასეთ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული საგადასახადო ინსპექციის მუშაკების: ზ. თ.-ის, ზ. ჯ.-ის და რ. გ.-ის მოხსენებითი ბარათი, შედგენილი 2005 წლის 31 დეკემბერს საგადასახადო ინსპექციის უფროსის სახელზე რადგან ამ მოხსენებით ბარათზე ერთ-ერთ ხელმომწერ პირს ზ. ჯ.-ს, მისივე განმარტების თანახმად, უშუალო მონაწილეობა არ მიუღია ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” შემოწმებაში; ხოლო აქტზე ხელმოწერილი სხვა პირები კი პროცესზე არ დაკითხულან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისად, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” ნაწილში და საქმე ინდივიდუალური მეწარმე “უ. ბ.-ის” სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს; საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.