ბს-193-189(კ-08) 19 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე შპს “დ-ეს” სარჩელზე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მესამე პირი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებულ სარჩელზე) _ სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე), წარმომადგენლები _ გ. ლ-ი, ა. ლ-ი, ნ. ტ-ე, ც. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, მოპასუხე სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებულ სარჩელებზე) _ შპს “დ-ე”
მოპასუხე შპს “დ-ეს” სარჩელზე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მესამე პირი სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შეგებებულ სარჩელზე _ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მცხეთის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი _ ს. ბ-ე
მოპასუხეები სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შეგებებულ სარჩელზე: 1. ქ. თბილისის მერია (ამავდროულად, მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებულ სარჩელზე); 2. ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურა (ამავდროულად, მესამე პირი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებულ სარჩელზე)
მესამე პირები: 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, წარმომადგენელი _ ნ. ზ-ე; 2. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური
მესამე პირი სსიპ სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შეგებებულ სარჩელზე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება
შპს “დ-ეს” სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
სსიპ სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შეგებებული სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და რეგისტრაციის ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და რეგისტრაციის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 2 ივლისს შპს ,,დ-ემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ მცხეთის რაიონის გამგეობისა და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 29 ოქტომბრის ¹...... დადგენილებით ქ. თბილისს გამოეყო 6,4 ჰა მიწის ფართი, რომელიც შედიოდა ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების ფართში და შპს “დ-ესა” და “გ-ს” გამოეყოთ 3-3 ჰა მიწის ფართი, რომლებსაც არ იყენებდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი _ ისინი წარმოადგენდა თავისუფალ მიწის ფართს. მოსარჩელემ შემოღობა ხსენებული მიწის ნაკვეთი, ხოლო 1999 წელს “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მოსარჩელემ შეიძინა მის სარგებლობაში არსებული 30337 კვ.მ მიწის ფართი, იმავე წელს გაატარა იგი რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში და მიიღო მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, ანუ ამ მომენტიდან გახდა მიწის ფართის მესაკუთრე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართი მცხეთის რაიონის გამგეობამ იჯარით გადასცა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს, რომელმაც შემოღობა ხსენებული ფართი და ცდილობდა მის ათვისებას. აღნიშნული კი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ არ იყო უზრუნველყოფილი მიწის ფართების გამიჯვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მცხეთის რაიონის გამგეობასა და საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის 1999 წლის 15 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართზე მოწყობილი ღობის მოხსნის საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისთვის დავალება.
საქართველოს სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ შპს “დ-ეს” სარჩელი იყო უსაფუძვლო. ამ უნივერსიტეტის ტერიტორიიდან, 1980 წლიდან 1989 წლამდე, ქ. თბილისის პერსპექტიული განაშენიანებისათვის სულ გამოყოფილ იქნა 135 ჰა ფართობის მიწა, რაც ათვისებულ იქნა ქ. თბილისის განაშენიანების პროექტის ცალკეული ნაწილების მშენებლობის რიგითობის მიხედვით. ხსენებული მიწიდან 14 ჰა დარჩა აუთვისებელი, სარჩელში დასახელებული 6 ჰა სარწყავ-სახნავი მიწის ფართობი კი იმთავითვე დაკავებული იყო ვენახით, ბაღით და სახნავით, რაც გამოიყენებოდა სასწავლო და საცდელი მიზნებისათვის. 1990 წლის 27 აპრილს საქართველოს მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ¹4/91 დადგენილება ინსტიტუტის ტერიტორიისა და დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის კუთვნილი საზღვრების დადგენის შესახებ, რომელიც არ შესრულებულა. სარჩელში დასახელებული მიწის ფართობით სარგებლობის უფლება საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს მინიჭებული ჰქონდა მიწის კანონმდებლობით და აღნიშნული 6 ჰა მიწის ფართობი ერიცხებოდა მიწის ბალანსში, ხოლო მცხეთის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 15 ივნისის დადგენილებით იგი შეტანილი იყო ამავე უნივერსიტეტის საიჯარო ფართობში. ამ უნივერსიტეტმა მხოლოდ სარჩელთან ერთად მიიღო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 5 მარტის ¹06-25-291 და იმავე წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილებები. კანონიერ მიწათმოსარგებლესთან _ საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, შპს “დ-ესა” და “შ-ს” ავტოსერვისის კომპლექსის მოსაწყობად დაუმაგრდათ თითოეულს 3-3 ჰა მიწის ფართობი, რომელიც უნივერსიტეტის მიერ გამოყენებული იყო საცდელი და სასწავლო მიზნებისათვის. ამდენად, გარიგებები, რომლებიც უკანონოდ დაიდო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კანონიერ სარგებლობაში არსებული 6 ჰა სარწყავ-სახნავი მიწის გამოყოფა-გასხვისების თაობაზე, ბათილი იყო, რადგან ხსენებული მიწის ნაკვეთი რჩებოდა უნივერსიტეტის კანონიერ სარგებლობაში.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციული საქმე შპს “დ-ეს” სარჩელის გამო, განსჯადობის მიხედვით, განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
შპს ,,დ-ემ” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ მცხეთის რაიონის გამგეობისა და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 ივლისის ¹138 დადგენილებისა და საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან დადებული იჯარის ხელშეკრულების, შპს “დ-ეს” საკუთრებაში არსებულ 30337 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილებით, ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება “დ-ეს” დაუმაგრდა ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე 3 ჰა მიწის ნაკვეთი. ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 13 ივნისის ¹10.24.191 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილებაში _ საზოგადოება “დ-ეს” ნაცვლად, მასში მიეთითა შპს “დ-ე”, ვინაიდან “დ-ეს” ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად განსაზღვრული იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 ივლისის აღმჭურველი დადგენილებითა და იჯარის ადმინისტრაციული გარიგება-ხელშეკრულებით უხეშად შეილახა შპს “დ-ეს”, როგორც მესაკუთრის, უფლებები. მცხეთის რაიონის გამგეობამ იჯარით გასცა მიწის ნაკვეთი, რომელიც მის გამგებლობაში არ ყოფილა.
საქართველოს სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა შეგებებული სარჩელით კიდევ ერთხელ, ამჯერად მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურისა და შპს ,,დ-ეს” მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და მცხეთის რაიონის გამგეობაზე. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილებისა და ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის 1999 წლის 6 სექტემბრის ¹........ რეგისტრაციის ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
შეგებებული სარჩელის ავტორმა დამატებით აღნიშნა, რომ დაუდგენელი იყო, თუ როდის გაიცა 3 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა ისე მიიღო 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილება, რომ არ შეუმოწმებია, საერთოდ არსებობდა და იყო თუ არა რეგისტრირებული ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება ,,დ-ე” და მას ყოველგვარი შერჩევის გარეშე, გამოუყო 3 ჰა მიწის ნაკვეთი. არ არსებობდა მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტი. იმავე დადგენილების თანახმად, უნდა გაფორმებულიყო ორმხრივი ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტსა და საზოგადოება “დ-ეს” შორის, რაც არ განხორციელებულა. ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება ,,დ-ე” და შპს “დ-ე” ორი სხვადასხვა საზოგადოება იყო, რასაც ადასტურებდა შპს “დ-ეს” რეგისტრაცია _ იგი არ წარმოადგენდა ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება ,,დ-ეს” უფლებამონაცვლეს. ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება ,,დ-ეს” რეგისტრაციაში გატარების მოწმობა კი მხარეს არ წარმოუდგენია. ამდენად, არარეგისტრირებულ საზოგადოებას გამოეყო სხვის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის ადმინისტრაციამ შპს “დ-ეს” რეგისტრაცია განახორციელა კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე, რადგან 1997 წელს ქ. თბილისის მერიამ დადგენილება მიიღო ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება ,,დ-ეს” და არა შპს ,,დ-ეს” მიმართ. 1990 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახკომიტეტის ,,ს-ის” მიერ შედგა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის აგროსამრეწველო ღონისძიებათა კარტოგრამა. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და შემდგომ _ აგრარული უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ფლობდა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, შესაბამისი გეგმა-ნახაზით.
მცხეთის რაიონულ სასამართლოს ასევე შეგებებული სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონის გამგეობამ, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და შპს ,,დ-ეს” მიმართ, მესამე პირად კი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტზე მიუთითა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილებისა და ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის მიერ 1999 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული ¹....... რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 ივლისის ¹138 დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს კანონმდებლობის სრული დაცვით, იჯარით, 49 წლის ვადით გადაეცა 301,3 ჰა მიწის ფართობი. მცხეთის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა 2000 წლის 28 დეკემბრის ¹198 დადგენილებით და გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება მცხეთის რაიონის გამგეობასა და საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ შპს “დ-თვის” გადაცემული სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, მოქცეული იყო მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ 3 ჰა მიწის ნაკვეთის შპს “დ-თვის” გადაცემა განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით.
ქ. თბილისის მთავრობამ მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და მცხეთის რაიონის გამგეობის შეგებებული სარჩელები და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობა (მუნიციპალიტეტი), რომელიც წარმოადგენდა ქალაქის ტერიტორიაზე მიწის ერთადერთ განმკარგველს, არ იყო ვალდებული, მისი საკუთრების განკარგვა შეეთანხმებინა აგრარულ უნივერსიტეტთან, მით უფრო, მცხეთის რაიონის გამგეობასთან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მცხეთის რაიონის გამგეობის შეგებებულ სარჩელზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,დ-ეს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და მცხეთის რაიონის გამგეობის შეგებებული სარჩელები დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილება და ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის მიერ 1999 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული ¹....... რეგისტრაცია.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილებით 3 ჰა მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება ,,დ-ეს”. იმავე დადგენილებაში ადმინისტრაციულ ორგანოს მითითებული არ ჰქონდა, თუ რა კატეგორიის მიწის ნაკვეთი იქნა გამოყოფილი (სასოფლო თუ არასასოფლო), რა ვადითა და ფორმით. ხსენებული დადგენილების 2.2 პუნქტით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა ამ საზოგადოებას დაავალა დადგენილი წესით მასთან ხელშეკრულების გაფორმება, რის შესახებაც მასალები, მიუხედავად სასამართლოს მოთხოვნისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტს არ წარმოუდგენია. შესაბამისი მასალები ასევე არ იყო წარმოდგენილი სასამართლოში, თუ რა ტერიტორიაზე იყო სადავო მიწის ფართობი, რა საზღვრებში მოქცეული, ამასთან, არც ის არ დგინდებოდა, მოხდა თუ არა გამიჯვნა და არსებობდა თუ არა შესაბამისი აქტი. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 29 ოქტომბრის ¹...... დადგენილებით, რომლითაც დამტკიცდა მცხეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 14 ივნისის ¹193 გადაწყვეტილება, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დიღმის საცდელი მეურნეობის მიწებიდან, ქალაქის პერსპექტიული საზღვრების შიგნით, ქ. თბილისს გამოეყო მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწის საფასური გადახდილი უნდა ყოფილიყო ამ ინსტიტუტისათვის. დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის 1985 წლის 19 აპრილის წერილით განსაზღვრული იყო ქ. თბილისის ........ განაშენიანებაზე გამოყოფილი ბაღ-ვენახებისა და ნაგებობების საბალანსო ღირებულება, თუმცა მოხდა თუ არა ანაზღაურება, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 სექტემბრის ¹494 დადგენილებით შეწყდა ქ. თბილისში საბინაო მშენებლობის დანიშნულებით ახალი ტერიტორიების ათვისება, ....... შემდგომი განაშენიანება. გამოყოფილი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა მცხეთის რაიონის სოფელ ....... და შესაბამის სამსახურებს დაევალათ ტერიტორიული საზღვრების დადგენა. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 სექტემბრის ¹494 დადგენილებით მიწის ფართი, რომელიც აღარ გათვალისწინებულა განაშენიანების ობიექტად, კვლავ იყო მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სარგებლობაში. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილებით, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებზე უვადო სარგებლობაში მიმაგრებული მიწებიდან გამოიყოფოდა ის მიწები, რომლებიც არ ემსახურებოდა მეურნეობის ძირითადი საწარმოო პროგრამის შესრულებას. მიწის გამოყოფა უნდა მომხდარიყო მოსარგებლესთან შეთანხმებით.
რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 აპრილის ¹183 ბრძანებულების მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით თბილისის საზღვრებში მოქცეული ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრამდე, შენარჩუნებულ იქნა ქ. თბილისის მერიის, გარდაბნის და მცხეთის რაიონების მმართველობის ორგანოების ტერიტორიაზე განსაზღვრული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების იმჟამად დადგენილი იურისდიქციები და არსებულ საზღვრებში ყოველგვარი კაპიტალური მშენებლობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამასთანავე, მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2004 წლის 10 მაისის ¹356 წერილის თანახმად, მცხეთის რაიონის გამგეობაში არსებული ადმინისტრაციული საზღვრები, იმჟამინდელი მდგომარეობით, არ იყო ოფიციალურად გამიჯნული, საკითხის გადასაწყვეტად მიმდინარეობდა სათანადო სამუშაოები და შექმნილი იყო რამდენიმე სამთავრობო კომისია. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის ¹39 დადგენილების მე-12 პუნქტით, ასოციაციებისთვის, საზოგადოებებისთვის, სხვა არასახელმწიფოებრივი სტრუქტურებისთვის მშენებლობის საჭიროებისათვის მიწის გამოყოფის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილი წესით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის სადავო დადგენილებით საზოგადოება ,,დ-ეს” დაუმაგრდა მიწა ზემოაღნიშნული საკითხების გაუთვალისწინებლად. იმავე დადგენილებაში მითითებული არ იყო მიწის სავარგული, გაურკვეველი იყო, რა კატეგორიის მიწა იქნა დამაგრებული ამ საზოგადოებისთვის, ასევე _ რას გულისხმობდა დამაგრება _ საკუთრებას თუ სარგებლობას. ზემოხსენებული დადგენილების საფუძველზე, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის მიერ 1999 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციით, შპს ,,დ-ზე” განხორციელდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საკუთრების უფლებით, მაშინ, როდესაც ხსენებულ დადგენილებაში მითითებული არ იყო მიწის ნაკვეთის ამ საზოგადოებისთვის გადაცემის ფორმა. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი, თუმცა სარგებლობის ფორმა რით იქნა დადგენილი და საზოგადოება ,,დ-ზე” დამაგრებული მიწის ფართობი რატომ დარეგისტრირდა შპს ,,დ-ზე”, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა. ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 13 ივნისის დადგენილებით 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილების სათაურსა და ტექსტში, ნაცვლად სიტყვებისა _ “საზოგადოება დ-ე”, ჩაიწერა _ “შპს ,,დ-ე”, ხოლო 1999 წლის 6 სექტემბრის რეგისტრაციის ჩანაწერი წინმსწრები იყო მთავრობის ამ დადგენილებისა. რეგისტრაციის დროს იყო თუ არა წარდგენილი იურიდიული პირის რეგისტრაციის დადგენილება, არ დგინდებოდა. შპს ,,დ-ეს” რეგისტრაციის დადგენილებით, სამეწარმეო ამონაწერითა და წესდებით, შპს ,,დ-ე” რეგისტრირებული და დაფუძნებული იყო დამფუძნებელთა წილობრივი შენატანის საფუძველზე. მის საწესდებო კაპიტალში არ იყო შესული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და საზოგადოება ,,დ-ეს” უფლებამონაცვლეობაზე საუბარი არც ერთ ხსენებულ დოკუმენტში არ იყო. შესაბამისად, ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის ჩანაწერი კანონის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,დ-ემ”, რომელმაც მოითხოვა შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სარჩელის დაკმაყოფილება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით მცხეთის რაიონის გამგეობა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს “დ-ესა” და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადი სარჩელის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენდა მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 ივლისის ¹138 დადგენილების ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში იჯარის ხელშეკრულების გაუქმება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (ძველი რედაქცია) 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, რაც შეადგენდა ექვს თვეს და მისი ათვლა იწყებოდა აქტის გაცნობიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავდა დაინტერესებული მხარისათვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სადავო აქტის შპს ,,დ-თვის” დასახელებული ნორმით განსაზღვრული წესის დაცვით ჩაბარება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელის ხანდაზმულად ცნობის საფუძველი არ გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და მცხეთის რაიონის გამგეობის შეგებებული სარჩელებით დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის მიერ 1999 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული ¹........ რეგისტრაციის გაუქმება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დაიშვებოდა, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებას. იმავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო განჩინებით შეწყვეტდა საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 აგვისტოს ¹472 ბრძანებულების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაში და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემის მიწის ფართობისა და შენობა-ნაგებობების ნუსხიდან ამოღებულ იქნა I-XIV, XVII და XVIII პუნქტები, ანუ გაუქმდა ნუსხა, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, უზუფრუქტის უფლებით გადაეცა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემას ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ქალაქ თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და მის საზღვრებში მოქცეულ იქნა სადავო მიწის ნაკვეთი, ანუ აღნიშნული დადგენილებით, მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 სადავო დადგენილება და ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის 1999 წლის 6 სექტემბრის ¹........ რეგისტრაციის ჩანაწერი არ აყენებდა ზიანს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და მცხეთის რაიონის გამგეობის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და უკანონოდ არ ზღუდავდა მათ უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი და შემოწმებულიყო, დაცული იყო თუ არა ამავე კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურა. მხოლოდ სარჩელის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ იყო უფლებამოსილი პირველი ინსტანციის სასამართლო, ემსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო (ყოფილი აგრარული) უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მცხეთის რაიონის გამგეობასა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის 1999 წლის 15 ივლისს დადებული ხელშეკრულების შესახებ. არც სარჩელის აღძვრისას და არც შემდეგ, კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში მოსარჩელეს არ მოუთხოვია მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 ივლისის ¹138 დადგენილების ბათილად ცნობა, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (ძველი რედაქცია) 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, შპს ,,დ-ეს” კანონიერ უფლებას უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა თუ არა მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 ივლისის ¹138 დადგენილება და ნამდვილად მისი კანონიერი უფლება იყო თუ არა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტიდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილება, ასევე გამოთხოვილ იქნა ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება ,,დ-ეს” დაფუძნებისა და რეგისტრაციის დოკუმენტები. დოკუმენტაცია და მასალები კი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტს არ წარმოუდგენია. 1999 წელს ქ. თბილისის საჯარო რეესტრმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილების საფუძველზე, შესაბამისი მიწის ნაკვეთი რეგისტრაციაში გაატარა არა ამ დადგენილებაში მითითებულ ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება ,,დ-ზე”, არამედ უკანონოდ და უსაფუძვლოდ მიუთითა შპს ,,დ-ზე”. რეგისტრაციიდან სამი წლის შემდეგ, ქ. თბილისის პრემიერის 2002 წლის 13 ივნისის ¹10.24.191 დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს ,,დ-ეს” დირექტორის თხოვნა და შეტანილ იქნა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილების სათაურსა და ტექსტში, ნაცვლად სიტყვებისა _ ,,საზოგადოება დ-ე”, ჩაიწერა შპს ,,დ-ე”. შპს ,,დ-ეს” რეგისტრაციის დადგენილება და წესდება ეწინააღმდეგება ქ. თბილისის პრემიერის 2002 წლის 13 ივნისის ¹10.24.191 დადგენილებას. შპს ,,დ-ე” დაფუძნებულია არა 1993 წელს საზოგადოება ,,დ-ეს” დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით, არამედ _ დამოუკიდებლად, ფიზიკურ პირთა შენატანებით. ქართული ტრადიციების აღორძინების საზოგადოება ,,დ-ეს” 1993 წელს დაფუძნების შესახებ დოკუმენტაცია საერთოდ არ არსებობს. 1997 წლის დადგენილებით მიწა არ გამოჰყოფია შპს ,,დ-ეს”. ქ. თბილისის საჯარო რეესტრში მოხდენილია მიწის ნაკვეთის უკანონო რეგისტრაცია შპს ,,დ-ზე”. შესაბამისად, მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის დადგენილება შპს ,,დ-ეს” არანაირ ზიანს არ აყენებს. მას შესაბამისი კანონიერი უფლება არ წარმოშობია და მიწის ნაკვეთის 1999 წელს რეგისტრაცია უკანონოა. სასამართლოს შპს ,,დ-ეს” მიმართ არ გამოუყენებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის პირობები.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სარჩელისა და მისი შეგებებული სარჩელის განხილვის დროს მიწის ნაკვეთის კანონიერი მოსარგებლე იყო, რაც გამოიხატება იმაში, რომ მასა და მცხეთის რაიონის გამგეობას შორის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაფორმებულია საიჯარო ხელშეკრულება და მიწა წარმოადგენს ამ უნივერსიტეტის მიწის ნაკვეთს. სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა სოფლის მეურნეობის აკადემიის სისტემას, უსაფუძვლოა _ საიჯარო მიწის ნაკვეთი არ გადასცემია სოფლის მეურნეობის აკადემიას. დადგენილია, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის (ამჟამად _ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი) კანონიერ, უვადო სარგებლობაში იყო სადავო მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდეგ გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება მცხეთის რაიონის გამგეობასა და უნივერსიტეტს შორის.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილება და ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის რეგისტრაციის ჩანაწერი არ აყენებს ზიანს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და მცხეთის რაიონის გამგეობის კანონიერ უფლებას ან ინტერესებს და უკანონოდ არ ზღუდავს მათ უფლებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიუთითა, იმსჯელოს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და მცხეთის რაიონის გამგეობის სარჩელების დასაშვებობაზე. აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. დადგენილია, რომ შპს ,,დ-ზე” მიწის გამოყოფის დროისთვის სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და შედიოდა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის კანონიერ მფლობელობაში. შესაბამისად, ქ. თბილისის მერიას უფლება არ ჰქონდა, ხსენებული მიწის ნაკვეთი თვითნებურად, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის თანხმობის გარეშე გადაეცა შპს ,,დ-თვის”, მით უფრო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის გამგეობის მიერ ქ. თბილისის მერიისათვის კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გადაცემული. ამდენად, აღნიშნული გარემოებები ცალსახად ადასტურებს, რომ შპს ,,დ-ზე” სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფითა და მის საკუთრებაში აღრიცხვით, უხეშად შეილახა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები. ამიტომ, კასატორის სარჩელი დასაშვები იყო და ამ საკითხის გარკვევისთვის საქმის რაიონული სასამართლოსთვის დასაბრუნებლად კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, მით უფრო, რომ შპს “დ-ეს” სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი და მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 4 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 29 სექტემბერს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას საქმეზე წარმოდგენილი სარჩელების დავის საგნებზე მსჯელობის ნაწილში, კერძოდ, მის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს დ-ეს” ძირითადი სარჩელის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენს მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 ივლისის ¹138 დადგენილების ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში იჯარის ხელშეკრულების გაუქმება, ხოლო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა (უფლებამონაცვლე _ სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი) და მცხეთის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა) შეგებებული სარჩელებით დავის საგანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის მიერ 1999 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული ¹....... რეგისტრაციის გაუქმება.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მოტივაციას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო აქტის შპს ,,დ-თვის” დადგენილი წესის დაცვით ჩაბარება, რის გამოც შპს “დ-ეს” სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 სადავო დადგენილება და ქ. თბილისის ¹1 რეგისტრატურის 1999 წლის 6 სექტემბრის ¹...... რეგისტრაციის ჩანაწერი არ აყენებდა ზიანს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და უკანონოდ არ ზღუდავდა მის უფლებას. აღნიშნული მოტივაციის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით ლეგალურად შეიცვალა ქალაქ თბილისის, გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები და დამტკიცდა ქალაქ თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციის იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვითაც, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ზემოხსენებული კუთხით უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, რომ ამ კუთხით უნდა შეამოწმოს ამავე კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის დაცვა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე) სარჩელის დასაშვებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხეს უფლება აქვს, მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე, აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. ხსენებული კოდექსის 189-ე მუხლის პირველი და მე-2-3 ნაწილების თანახმად, შეგეგებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ: ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად, აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად სასამართლოს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება, გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ნაწილობრივი გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე, 188-ე და 189-ე მუხლების ნორმების კომპლექსური შეჯერებით განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელი სასამართლოს მიერ განიხილება პირვანდელ სარჩელთან ერთად, ანუ ისინი განიხილება ერთობლივად, ამასთან, შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის კონკრეტული საქმის ფარგლებში ყოველთვის არის ურთიერთკავშირი და ურთიერთმიმართება, ხოლო ერთ-ერთი მათგანის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება, შესაბამისად, გამორიცხავს მეორე მათგანის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, მათი ერთად განხილვა კი იმ მიზანს ემსახურება, რომ მხარეთა _ ძირითადი და შეგებებული სარჩელების ავტორთა შორის აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდეს საქმეზე მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ანუ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა ნორმატიულად მოწესრიგდეს და პროცესუალურად საბოლოოდ დარეგულირდეს.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ არის შპს “დ-ეს” სარჩელის ხანდაზმულობაზე, ისევე, როგორც სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე) შეგებებული სარჩელის დასაშვებობაზე მსჯელობის საპროცესო საჭიროება, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული საქმის მისთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე) შეგებებული სარჩელი შპს “დ-ეს” სარჩელთან ერთად არსებითად უნდა განიხილოს, იმსჯელოს მათ საფუძვლიანობაზე, რათა მხარეთა შორის არსებული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდეს და შესაბამისად, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა იურიდიულად მოწესრიგდეს ამ საქმეზე მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უდავოდ სახეზეა მოცემულ საქმეზე სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე) კონკრეტული იურიდიული ინტერესი, რასაც პირდაპირ ადასტურებს ამ უნივერსიტეტის მიერ მცხეთის რაიონულ სასამართლოში შპს “დ-ეს” მიმართ შეგებებული სარჩელის აღძვრა, ასევე კასატორის იურიდიული ინტერესის არსებობას მოწმობს სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე) მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის წარმოდგენა და საკასაციო სასამართლოს სხდომებზე რამდენიმე წარმომადგენლის (მათ შორის, ადვოკატის) მეშვეობით საკუთარი ინტერესების დაცვა.
ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივარში არსებითად მსჯელობს შპს “დ-ეს” სარჩელის საფუძვლიანობის საკითხზე _ სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციის უკანონობაზე და ამავდროულად, მისი კასაციის განაცხადია საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია სარჩელების საფუძვლიანობაზე და შემოიფარგლა მათი დავის საგნებზე მსჯელობითა და სარჩელების დასაშვებობის საკითხით, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს სარჩელების საფუძვლიანობაზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელების საფუძვლიანობა პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველია, ხოლო კასატორმა ვერ დაასაბუთა გასაჩივრებული განჩინების უკანონობა და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე, სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნების აუცილებლობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და საქმეზე მიიღო დასაბუთებული და კანონიერი, არსებითად სწორი განჩინება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.