საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-194-183(კ-07) 9 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე სს “მ...ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ხოლო ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო პალატა გაეცნო სს “მ...ის” საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. საქმეში მოიპოვება კასატორისათვის გასაჩივრებული განჩინების ასლის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინება, რომლითაც დასტურდება, რომ სს “მ...მა” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინება 2007 წლის 12 იანვარს ჩაიბარა (ს.ფ 136), ქუთაისის სააპელაციო სამართლოში საკასაციო საჩივარი კი 2007 წლის 16 თებერვალს წარადგინა, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის 2007 წლის 12 თებერვალს ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “მ...მა” დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც სს “მ...ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სს “მ...ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.