ბს-194-190(კ-08) 23 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 მაისს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა შემწეობის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 4 მაისის ¹06/01-17/2655 აქტის ბათილად ცნობას, დევნილის სტატუსის მინიჭებასა და 2004 წლის ივლისიდან უკანონოდ შეჩერებულ დევნილთა შემწეობის ანაზღაურებას საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მოპასუხემ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ პირი წარმოადგენდეს "იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის სუბიექტს, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს ამ კანონის მოთხოვნას _ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. კ-ე 1993 წლის 5 იანვრიდან მსახურობდა ...-ე მექანიზებული ბრიგადის მე-.... ბატალიონში _ მომარაგების უფროს ბუღალტრად. 1993 წლის 11 ნოემბრიდან მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაშია გ. კ-ან, რომლის დაბადების ადგილად ქორწინების მოწმობაში მითითებულია ქ. სოხუმი. 1999 წლის 19 ივლისს გაცემულ მ. კ-ის პირადობის მოწმობაში მოსარჩელის მისამართად მითითებულია _ ქ. სოხუმი, ... ქ. ¹34. სოხუმში მცხოვრებ მ. კოპალიანის, თ. ნ-ას და სხვათა წერილობითი ჩვენებებით, მოსარჩელე 1992 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. კ-ან და ცხოვრობდა მის ბინაში _ .... ქ. ¹24, ბინა ¹9-ში. სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, "საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით". წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ იძულებით გადაადგილების მომენტისათვის ქ. სოხუმი წარმოადგენდა მ. კ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რამდენადაც 1996 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაწერის ინსტიტუტის თანახმად, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა ის ადგილი, სადაც პირი ჩაწერილი იყო, ხოლო 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეს პირად საკუთრებად შეიძლებოდა ჰქონოდა ერთი საცხოვრებელი სახლი ან ერთი სახლის ნაწილი. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ იგი სოხუმის დატოვებამდე ჩაწერილი იყო ქ. თბილისში. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება მ. კ-ის ქ. სოხუმში ჩაწერის შესახებ.
სასამართლომ, მართალია, დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოებები, რომ მ. კ-ე 1992 წლიდან ფაქტობრივ თანაცხოვრებას ეწეოდა სოხუმში მცხოვრებ გ. კ-ან, მაგრამ ამავე დროს განმარტა, რომ სამართლებრივი შედეგი დგება მხოლოდ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე რეგისტრირებული ქორწინების შედეგად, რაც მოცემულ მომენტში განხორციელდა მხოლოდ იძულებით გადაადგილების შემდეგ პერიოდში. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2006 წლის 4 მაისის ¹06/01-17/2655 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და დევნილთა შემწეობის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით განმარტა, რომ "იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლი, პირის დევნილად ცნობის ერთ-ერთ სავალდებულო პირობად მიიჩნევს ამ პირის მიერ იძულებით მუდმივი საცხოვრებლის დატოვებას. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული მისამართის _ ქ. სოხუმი, .... ქ. ¹24, ბინა9 მუდმივ საცხოვრებელ ადგილად არჩევის ფაქტი. უდავოდ დადგენილია, რომ მ. კ-ე არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე. თვით აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას ჰქონდა სოხუმში დროებითი რეგისტრაცია, სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ სწორად იქნა უარყოფილი მ. კ-ის მოთხოვნა სტატუსის მინიჭების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ქ. სოხუმის მის მიერ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად არჩევის ფაქტი. "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 2.4-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება, იურიდიული პირი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის დადგენა უნდა მოხდეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე. რაც შეეხება, წარმოდგენილ მართვის მოწმობას, იგი გაცემულია 1994 წელს და ვინაიდან, აპელანტის განმარტებით, განადგურებულია ის დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდა მისი გაცემა, აღნიშნული დოკუმენტი, ცალკე აღებული, სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სოხუმში მცხოვრებ მოწმეთა მ. კ-ის, თ. ნ-ას, ვ. ს-ის ჩვენებებით დადასტურებულ იქნა მოსარჩელე გ. კ-ან ფაქტობრივი თანაცხოვრებისა და სოხუმში ცხოვრების ფაქტი, რასაც პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს წინამდებარე დავის განხილვისას. საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით არსებითად არ იქნა მოწესრიგებული სადავო საკითხი. ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ხელახალი წარმოების ჩატარება, რომლის გამოც სასამართლომ არასრულფასოვნად მიიჩნია მ. კ-ის დევნილის სტატუსის შეჩერების შესახებ აქტის გამოცემისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება და მიუთითა გამოსაკვლევ გარემოებებზე. შესაბამისად, დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ არსებობდა მოწმეთა მითითებული ჩვენებები და დადასტურებულად არ იქნა მიჩნეული მათ საფუძველზე მ. კ-ის სოხუმში საომარი მდგომარეობის დროს მუდმივად ცხოვრებისა და საცხოვრებლის იძულებით დატოვების ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების სრულად დადგენისას სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331.2-ე მუხლის საფუძველზე თვითონვე მიიღებდა გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.'
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ის ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს. საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებითა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ იგი 1992 წლის 25 სექტემბრიდან ფაქტობრივ, ცოლქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა გ. კ-ან და მასთან ერთად ცხოვრობდა ქ. სოხუმში, .... ქ. ¹34, მის კუთვნილ, ბინა ¹9-ში. რეგისტრაციაში გატარდა მოგვიანებით, იმის გამო, რომ გ. კ-ე აწ გარდაცვლილ პირველ მეუღლესთან 1986 წლიდან აღარ იმყოფებოდა ფაქტობრივ ცოლქმრულ ურთიერთობაში, მაგრამ ფორმალურად იყვნენ რეგისტრირებულნი და ვერ ახდენდნენ განქორწინებას გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო.
კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიენიჭა დევნილის სტატუსი სამინისტროს მიერ, რომელიც 2004 წლის მაისში შეუჩერდა და შემდეგ 2 თვით აღუდგინეს, მაგრამ ისევ შეუჩერეს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
"იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რომლითაც მოწესრიგებულია დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის საფუძვლები, პირს დევნილის სტატუსი შეუჩერდება, თუ:
ა) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში არ გაიარა რეგისტრაცია;
ბ) დასადგენია დევნილად ცნობისათვის წარსადგენი საბუთების სისწორე;
გ) დევნილად რეგისტრირებულია რეგიონში.
Kკასატორის მოსაზრებით, არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი მის მიმართ არ არსებობდა და შესაბამისად, სამინისტრომ უსაფუძვლოდ შეუჩერა სტატუსი, რაზედაც უნდა ემსჯელა სასამართლოს, მაგრამ არ იმსჯელა. სააპელაციო პალატამ მის მიერ წარდგენილი მართვის მოწმობა აღებულია 1994 წელს არ მიიჩნია მტკიცებულებად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მარინე კაკაბიაძის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 29 თებერვლის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, მ. კ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას მ. კ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.