¹ბს-200-189(კ-07) 16 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 ივნისს მ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიის დეპარტამენტის მიმართ პენსიის Dდანიშვნის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განხცადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის მარტში დაენიშნა პენსია, როგორც შს სამინისტროს ორგანოს თანამშრომელს, წელთა ნამსახურობით. 2004 წლის 15 ნოემბრიდან იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში და ამავდროულად დროებით მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ........ რაიონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. მისთვის პენსიის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ....... რაიონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების პერიოდი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს დავალებოდა მისთვის პენსიის დანიშვნა კადრების განკარგულების ყოფნის პერიოდის _ იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ......... რაიონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის დროს მიღებული ხელფასის გათვალისწინებით და აგრეთვე მიუღებეული პენსიის სხვაობის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს თუ მას აქვს ამ კანონით დადგენილი წელთა ნამსახურობა, უფლება აქვს მიიღოს პენსია წელთა ნამსახურობით. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის შესაბამისად, საპენსიო უზრუნველყოფის უფლება აქვთ, პენსია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, ხოლო მე-11 მუხლის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პენსია ენიშნებათ ამ კანონის პირველი მუხლის ,,ა” და ,,ზ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კადრების განკარგულებაში გადაყვანის პერიოდში ........ რაიონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობა ვერ ჩაითვლება შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის სტაჟში და მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის დროს მიღებული ხელფასი გათვალისწინებული ვერ იქნება სამხედრო მოსამსახურისათვის პენსიის დანიშვნისას, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ......... რაიონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობა ,,შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეთა წრეს არ განეკუთვნება.
მითითებული გადაწყვეტილებნა სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა.
Aაპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განხცადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ აპელანტ მ. ი-ს პენსია დანიშნული აქვს ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც დათხოვნის დღეს ჰქონდა წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი.
ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აპელანტის პენსიის ოდენობის განსაზღვრისას ვერ იქნებოდა გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობისას მის მიერ მიღებული ხელფასი.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ი-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 15 მარტის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მ. ი-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, მ. ი-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას მ. ი-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.