ბს-200-195(კ-08) 20 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ვ-ის წარმომადგენლის ე. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებაზე /შ. ვ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურების შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შ. ვ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-3/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 28 ივლისის ¹05/05-9416 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის 25%-იანი საპენსიო დანამატის გადაანგარიშებისა და ანაზღაურებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის გამო, 25%-იანი საპენსიო დანამატის (ანუ 50%-იანი დანამატის მეორე, გაუცემელი ნაწილის) გადაანგარიშება და ანაზღაურება 1998 წლის 1 თებერვლიდან 2004 წლის 1 მაისამდე დროის მონაკვეთის მიხედვით /იხ.ს.ფ. 54-56/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, იგი მიღებულია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას /იხ.ს.ფ. 65-66/.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შ. ვ-ის წარმომადგენელმა ე. გ-ამ მოსამართლის შეკითხვაზე განმარტა, რომ მათ საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება /იხ.ს.ფ. 87/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის 50%-იანი საპენსიო დანამატის დაკისრების ნაწილში შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაევალა, მოსარჩელის სასარგებლოდ 2003 წლის აგვისტოდან 2004 წლის მაისამდე დანიშნული პენსიის ყოველთვიური 25%-ის ოდენობით თანხის ანაზღაურება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე ითხოვდა დაურიცხავი პენსიის ოდენობის მოპასუხისათვის დაკისრებას, რამდენადაც 1998-2004 წლებში არ მომხდარა გორგასლის ორდენით დაჯილდოებულ პირთათვის განკუთვნილი საპენსიო დანამატის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სრულად დარიცხვა, შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და განმარტა, რომ მოსარჩელეს, ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიადგა მატერიალური ზიანი, რაც შეადგენდა 1998 _ 2004 წლებში მოსარჩელის პენსიის ოდენობის 25%.
სააპელაციო სასაართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი და განმარტა, რომ მოსარჩელეს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება წარმოეშვა 1998 წელს, რა დროსაც მას პენსია არ დაენიშნა დადგენილი დანამატის 25%-ის ოდენობით, ანუ მან შეიტყო რომ მიადგა ზიანი, რასაც ჰქონდა განგრძობადი ხასიათი 2004 წლის მაისამდე, ფონდის მიერ საპენსიო დანამატის სრულად დანიშვნამდე. ამდენად, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა მიყენებული ზიანი სამი წლის უკან დახევით სასამართლოსათვის მიმართვიდან /იხ.ს.ფ. 91-95/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ვ-ის წარმომადგენელმა ე. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას, კერძოდ, მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წაროეშვა 1998 წელს, დანამატის დანიშვნისთანავე. ამ პერიოდში საპენსიო ორგანოების მიერ არასწორად ხდებოდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის განმარტება. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ფონდის მიერ პენსიაზე დანამატი დაენიშნა კანონის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნორმის ახლებური განმარტების ჩამოყალიბებამდე. ამდენად, სარჩელი არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების ვალდებული პირის შესახებ შეიტყო 2004 წლის 1 მაისს /იხ.ს.ფ. 101-109/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შ. ვ-ის წარმომადგენლის ე. გ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 112-113/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოპასუხის _ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 120-121/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. ვ-ის წარმომადგენლის ე. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შ. ვ-ის წარმომადგენლის ე. გ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 112-113/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ შ. ვ-ის წარმომადგენლის ე. გ-ას მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ არ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს შ. ვ-ის წარმომადგენლის ე. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შ. ვ-ის წარმომადგენლის ე. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ვ-ის წარმომადგენლის ე. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.