Facebook Twitter

¹ბს-201-190(კ-07) 30 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 6 მაისს ლ. ხ-ემ, დ. გ-ამ, თ. ჭ-ამ, ლ. კ-ამ, ბ. ჩ-მა, ე. ს-ამ, ი. ს-ამ, ქ. ფ-ამ, გ. წ-მა, ე. ს-ამ, ვ. ყ-მა, ვ. წ-ამ, ლ. ჯ-ამ, კ. კ-მა, მ. ს-ამ, ზ. ბ-ემ და თ. უ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის ¹01 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეს მოსარჩელეების: ლ. ხ-ის, დ. გ-ას, თ. წ-ას, ლ. კ-ას, ბ. ჩ-ის, ე. ს-ას, ი. ს-ას, ქ. ფ-ას, გ. წ-ის, ე. ს-ას, ვ. ყ-ის, ვ. წ-ას, ლ. ჯ-ას, კ. კ-ის, მ. ს-ას, ზ. ბ-ის, თ. უ-ას სასარჩელო განცხადების გამო მოპასუხე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ ცალკე წარმოებად გამოეყო ქ. ფ-ას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. იმავე განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ლ. ხ-ის, დ. გ-ას, თ. წ-ას, ლ. კ-ას, ბ. ჩ-ის, ე. ს-ას, ი. ს-ას, გ. წ-ის, ე. ს-ას, ვ. ყ-ის, ვ. წ-ას, ლ. ჯ-ას, კ. კ-ის, მ. ს-ას, ზ. ბ-ის, თ. უ-ას სასარჩელო განცხადების გამო მოპასუხე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეზე სასამართლოს ინიციატივით შეჩერდა სამართალწარმოება იმ დრომდე, სანამ მხარეები არ მოითხოვდნენ საქმის წარმოების განახლებას.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქმის წარმოება განახლდა.

2005 წლის 24 ნოემბერს თ. უ-ამ, ლ. ხ-ემ, ლ. ჯ-ამ, ე. ს-ამ, თ. წ-ამ და ზ. ბ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს სოხუმის საქალაქო და რაიონულ სასამართლოს, რომლითაც შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის ¹01 ბრძანების §297-ის, §300-ის, §303-ის, §306-ის, §310-ის, §312-ის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და 2005 წლის იანვრიდან იმავე წლის აპრილამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის, კერძოდ: თ. უ-თვის _ 345 ლარის, ლ. ხ-თვის _ 145 ლარის, ლ. ჯ-თვის – 145 ლარის, თ. წ-თვის – 180 ლარის, ე. ს-თვის – 345 ლარის, ხოლო ზ. ბ-თვის – 120 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მუშაობდნენ აფხაზეთის ა/რ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის ა/რ კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, განხორციელდა აფხაზეთის ა/რ კულტურისა და განათლების სამინისტროს, აფხაზეთის ენის სახელმწიფო პალატის, აფხაზეთის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტების რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო. აღნიშნულ სამინისტროს სისტემაში კი ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი რეორგანიზაციის შედეგად შევიდა ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს სახით. ხსენებული დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის ¹01 ბრძანებით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

მოსარჩელეთა განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო იმავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშნულიყო. მოცემულ შემთხვევაში კი აჭარის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მოსარჩელეებს სხვა თანამდებობა არ შესთავაზა. დარღვეული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებდა მოხელის ერთი თვით ადრე შეტყობინებას დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რასაც მოცემულ შეთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მოსარჩელეებს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები არ ჩაჰბარებიათ, რაც ასევე დარღვევას წარმოადგენდა.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. უ-ას, ე. ს-ას, ლ. ხ-ის, ლ. ჯ-ას, თ. წ-ასა და ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ს-ამ, ზ. ბ-ემ, თ. წ-ამ, თ. უ-ამ, ლ. ჯ-ამ და ლ. ხ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ას, ზ. ბ-ის, თ. წ-ას, თ. უ-ას, ლ. ჯ-ასა და ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ს-ას, ზ. ბ-ის, თ. წ-ას, თ. უ-ას, ლ. ჯ-ასა და ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის ¹01 ბრძანების §297, §300, §303, §306, §310, §312 ე. ს-ას, ზ. ბ-ის, თ. წ-ას, თ. უ-ას, ლ. ჯ-ასა და ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების ნაწილში და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაევალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოსარჩელეებს: ე. ს-ას, ზ. ბ-ეს, თ. წ-ას, თ. უ-ას, ლ. ჯ-ას და ლ. ხ-ეს აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური ხელფასი ახალი ინივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2005 წლის 11 იანვრის ¹01 ბრძანების §297, §300, §303, §306, 310, §312 ე. ს-ას, ზ. ბ-ის, თ. წ-ას, თ. უ-ას, ლ. ჯ-ას და ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, იმავე სამინისტროში შესული განცხადებების ჟურნალის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეებს სადავო ადმინისტრაციული აქტი ჩაჰბარდათ 2005 წლის 7 აპრილს, ხოლო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს 2005 წლის 6 მაისს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა სარჩელი სასამართლოში წარადგინეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. იმავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იქნებოდა დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. ხსენებული კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კი მოხელისთვის ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინათ დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ერთი თვით ადრე გაფრთხილებულნი იყვნენ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელეებს მოპასუხემ შესთავაზა რაიმე სხვა თანამდებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დარღვეულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 108-ე მუხლის პირველი პუნქტი, 111-ე მუხლის მე-2 პუნქტი და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კი ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების უფლება არ ჰქონდა, მათ შორის _ გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის ¹01 ბრძანების §297, §300, §303, §306, 310, §312 გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც წარმოადგენდა აქტის სადავო ნაწილის ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდებოდა სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის ¹01 ბრძანების §297, §300, §303, §306, §310, §312 ე. ს-ას, ზ. ბ-ის, თ. წ-ას, თ. უ-ას, ლ. ჯ-ას და ლ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს უნდა დავალებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელეთა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებისათვის სამსახურიდან მათი გათავისუფლების ბრძანების გაცნობა მხოლოდ 2005 წლის 8 აპრილს მოხდა. კასატორი აღნიშნავს, რომ 2005 წლის 11 იანვარს მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, რის თაობაზეც მოხდა მათი ინფორმირება, ანუ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების გაცნობა, ხოლო 2005 წლის 18 იანვარს ხსენებულ სამინისტროში მოხდა ახალი თანამშრომლების დანიშვნა. ამასთან, მოსარჩელეებისათვის სამსახურიდან მათი გათავისუფლების ბრძანებების 2005 წლის იანვარში გაცნობის ფაქტს ადასტურებდა 2005 წლის 25 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარისადმი მათ მიერ გაგზავნილი წერილიც, რომელშიც მოსარჩელეები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას აფხაზეთის ა/რ ახალგაზრდობის დეპარტამენტში მომხდარ ცვლილებებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 2 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 30 მაისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.