ბს-20-20(2კ-08) 25 ივნისი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ნ.-მ” 28.06.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოპასუხის 29.05.06წ. ¹463 ბრძანების გაუქმება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹13-ში მდებარე შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომლებიც ირიცხებოდა ბათუმის ...-ის ინსტიტუტის ბალანსზე, გამოცხადდა აუქციონი მისი რეალიზაციის მიზნით. ზემოაღნიშნულ ინსტიტუტსა და შპს “ნ.-ს” შორის 1994 წლიდან გაფორმებული იყო შენობის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ დაიქირავა ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული შენობა 400 კვ.მ ოდენობით. აღნიშნული ობიექტი 1994 წლისთვის მიეკუთვნებოდა უსახურ შენობათა კატეგორიას და ფაქტობრივად გამოუსადეგარი იყო გამოყენებისთვის. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოსარჩელემ წარმოადგინა შემუშავებული მშენებლობის პროექტი და მასზე გაწეული ხარჯთაღრიცხვის მონაცემები, რომლის ჯამი აღემატება 40 000 ლარს. 1994 წლიდან აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებდა აჭარის რეგიონის მასშტაბით ერთადერთი საწარმო, რომელიც უწყვეტი მუშობის რეჟიმში ეწეოდა სტრატეგიული დანიშნულების სამოცამდე ორგანიზაციის და სამრეწველო დაწესებულების მომარაგებას. შპს “ნ.-სა” და ... ინსტიტუტს შორის ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო 1994 წელს და მას შემდეგ შესული ცვლილებებითა და დამატებებით ბოლო ხელშეკრულება 01.04.03წ. გაფორმდა, რომლის თანახმად ქირავნობის ვადა განისაზღვრა 2008 წლის 1 აპრილამდე. ამ ხელშეკრულების თანახმად, გამქირავებლის შეცვლის შემთხვევაში ობიექტის გამქირავებელი ვალდებული იყო, გაეგრძელებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთობანი მასში გათვალისწინებული პირობებითა და ვალდებულებებით. ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ გამქირავებლის მიერ ხელშეკრულების ვადამდე ადრე მოშლის შემთხვევაში გამქირავებელი ვალდებული იყო, სრული ოდენობით აენაზღაურებინა დამქირავებლისთვის შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ ...-ის ქუჩის ¹13-ში მდებარე შენობა-ნაგებობას, რომელიც აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, 1994 წლიდან კანონიერი საფუძვლით ფლობდა შპს “ნ.-ი”, რაც “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ამ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების გამოცხადების საფუძველი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 29.05.06წ. ¹463 ბრძანების გაუქმება, რომლითაც ბათუმის ...-ის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ყოფილი ექსპერიმენტულ-ტექნოლოგიური საწარმოს მოდულის ტიპის ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული 39700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აუქციონი გამოცხადდა.
შპს “ნ.-მა” 11.08.06წ. დამატებითი სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა, ...-ის ქუჩის ¹13-ში რეგისტრირებული 39700 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 400 კვ.მ ცალკე მიწის ნაკვეთად გამოყოფა და შპს “ნ.-ის” საკუთრებად აღრიცხვა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.08.06წ. განჩინებით შპს “ნ.-ის” წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ჯ. მ.-ე ჩართულ იქნა საქმეში მოპასუხედ.
ჯ. მ.-მ 13.12.06წ. შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს “ნ.-ის” მიმართ, რომლითაც შპს “ნ.-თვის” სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ბათუმში ...-ის ქუჩის ¹13-ში მდებარე უძრავი ქონებიდან – მშენებარე შენობა და მიწის ნაკვეთიდან შპს “ნ.-ის” გამოსახლება და ამ ტერიტორიის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხე შპს “ნ.-ს” დავალებოდა, ხელი არ შეეშალა ჯ. მ.-თვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მფლობელობასა და სარგებლობაში, მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის გადასახადი ქირის ყოველთვიურად 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით შპს “ნ.-თვის” დაკისრება 2006 წლის 10 ივლისიდან მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; 25.03.03წ. ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალებოდა, მიეღო ყველა კანონიერი ზომები, რათა დაცული ყოფილიყო ჯ. მ.-ის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენისა და მესაკუთრის უფლებები.
შპს “ნ.-მა” დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ჯ. მ.-ის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის ...-ის ინსტიტუტის მიმართ, რომლითაც მოპასუხეებზე შენობის მოწყობაზე გაწეული ხარჯების _ 90 000 ლარისა და ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეულის ზიანის _ 40000 ლარის (სულ 130000 ლარის) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.02.07წ. განჩინებით შპს “ნ.-ის” დაზუსტებული სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.04.07წ. გადაწყვეტილებით შპს “ნ.-ის” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; ჯ. მ.-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.04.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. მ.-მ და შპს “ნ.-მა”, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ. გადაწყვეტილებით შპს “ნ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჯ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.04.07წ. გადაწყვეტილება ჯ. მ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. მ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს “ნ.-ს” დაეკისრა ჯ. მ.-ის სასარგებლოდ 15 თვის იჯარის ქირა (2006 წლის 10 ივლისიდან 2007 წლის 10 ოქტომბრამდე) 6 500 ლარი; დანარჩენ ნაწილში ჯ. მ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს “ნ.-ის” სარჩელის უარყოფის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.04.07წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ნ.-ი” 1994 წლიდან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹13-ში მდებარე შენობა-ნაგებობას, რომელიც განლაგებულია 400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მიწა და შენობა იჯარის ხელშეკრულების დადების დროისათვის ირიცხებოდა ბათუმის ...-ის ინსტიტუტის ბალანსზე. 01.12.94წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ...-ის ინსტიტუტსა და შპს ,,ნ.-ს” შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ნ.-ს” მიეცა უფლება განეხორციელებინა იჯარით აღებულ ტერიტორიაზე ჟანგბადის მისაღებად წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიების აღჭურვილობის დამონტაჟება. მხარეთა შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში შევიდა არაერთი ცვლილება, 25.03.03წ. დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით ქირავნობის ვადა განისაზღვრა 2003 წლის 1 აპრილიდან 2008 წლის 1 აპრილამდე. აღნიშნული ხელშეკრულებით გამქირავებლის მიერ ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო სრული ოდენობით აენაზღაურებინა დამქირავებლისთვის შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 29.05.06წ. ¹463 ბრძანებით დადგინდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ...-ის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ყოფილი ექსპერიმენტულ-ტექნოლოგიური საწარმოს მოდელის ტიპის ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული 39700 კვ.მ მიწის ნაკვეთის პივატიზაცია აუქციონის ფორმით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთში შედიოდა შპს ,,ნ.-ის” მიერ დაკავებული შენობაც და 400 კვ.მ მიწის ნაკვეთიც. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ჯ. მ.-ე, რომელიც 2006 წლის აგვისტოში გახდა შეძენილი ქონების მესაკუთრე. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 572-ე მუხლის შესაბამისად, ახალმა მესაკუთრემ _ ჯ. მ.-მ დაიკავა გამქირავებლის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ...-ის ინსტიტუტის ადგილი და მასზე გადავიდა 25.03.03წ. ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბათუმის ...-ის ინსტიტუტის უფლებები და მოვალეობები. შპს ,,ნ.-ს” ჯ. მ.-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის მფლობელობის განხორციელებაში ხელი არ შეშლია, შესაბამისად, არ დასტურდებოდა ჯ. მ.-ის ან აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. იგი ქონებას ფლობს და სარგებლობს იმ სამართლებრივ რეჟიმში, იმავე უფლებებითა და მოვალეობებით, რაც განისაზღვრა 25.03.03წ. ხელშეკრულებით. ამდენად, მისი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, იგი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები ქირის ოდენობაზე შეთანხმდნენ 25.03.03წ. ხელშეკრულებით და განსაზღვრეს იგი თვეში 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე შპს ,,ნ.-ის” დირექტორმა აღიარა, რომ მას გააჩნია 15 თვის ქირის დავალიანება, რაც შეადგენს 6500 ლარს. შეგებებული სარჩელის ავტორის _ ჯ. მ.-ის წარმომადგენელმა რ. ფუტკარაძემ დაადასტურა, რომ შპს ,,ნ.-ს” გადაუხდელი ჰქონდა 15 თვის ქირა, ოღონდ თვეში არა 500 ლარის, არამედ 1000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მას უნდა დაკისრებოდა. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ასეთ მოსაზრებას არ დაეთანხმა, რამდენადაც ქირავნობის ხელეშკრულებით ქირის ოდენობა 500 ლარით იყო განსაზღვრული, სხვა რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას ქირის განსხვავებულ ოდენობაზე (1000 აშშ დოლარი თვეში), საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, შპს ,,ნ.-ს” ჯ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 თვის ქირა – თანხის 6500 ლარი. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმ არგუმენტით, რაც შეგებებულ სარჩელშია მითითებული, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. ჯ. მ.-ის მოსაზრებით ქირავნობის ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო, რადგან იგი არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, რაც პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ ხელშეკრულების ვადამდე მოშლის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 557-ე მუხლში, რომლის მიხედვით დამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას. 558-ე მუხლით, ხელშეკრულების ვადამდე მოშლა დასაშვებია, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განამვლობაში. 575-ე მუხლით დამქირავებელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისგანაც. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. შპს ,,ნ.-თვის” შეგებებული სარჩელის აღძვრამდე ჯ. მ.-ს არ მიუმართავს ქირის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით და არ მიუცია ვადა ვალდებულების შესასრულებლად. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს ,,ნ.-ის” წარმომადგენელმა აღიარა გადაუხდელი თანხის ოდენობა და თანხმობა განაცხადა მის ანაზღაურებაზე. სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. მოცემულ შემთხვევაში ჯ. მ.-ს არ შეუტყობინებია შპს ,,ნ.-თვის” ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 356-ე მუხლით, ხელშეკრულებიდან გამსვლელ პირს მეორე მხარისაგან შეიძლება განესაზღვროს გასვლის ვადა. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ,,ნ.-ი” სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება არაერთ საწარმოსთან, უზრუნველყოფს მათთვის ბალონებში ჩატუმბული სამედიცინო ჟანგბადის მიწოდებას, სადავო ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა შეაფერხებს საწარმოს ფუნქციონირებას, რაც, ბუნებრივია, მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე გავლენას იქონიებს, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. მ.-ს 25.03.03წ. ქირავნობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახეშ შპს ,,ნ.-თვის” წინასწარ უნდა ეცნობებინა, რითაც ამ უკანასკნელს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებების რეალიზაციის საშუალება მიეცემოდა. ამდეანდ, პალატა არ დაეთანხმა შეგებებული სარჩელის ავტორის პრეტენზიას ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ამასთან საგულისხმოა, რომ მხარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებდა ქირავნობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობაზე, რაც დაუშვებელია. ხელშეკრულების რეგისტრაციის, ანუ გარკვეული ფორმის დაუცველობა შეიძლება იყოს ხელშეკრულების ბათილად ცნობის და არა მისი ვადამდე შეწყვეტის საფუძველი, რაც სრულიად მართებულად განმარტა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის უარყოფა სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს 28.12.07წ. ჯ. მ.-მ და 03.01.08წ. შპს “ნ.-მა”, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.01.08წ. განჩინებით კასატორებს – ჯ. მ.-ს და შპს “ნ.-ს” განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცათ ვადა და განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივრები განსახილველად არ დაიშვებოდა.
ჯ. მ.-მ 11.02.08წ. ხარვეზის შევსებისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება მისი შეგებებული სარჩელის ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა შეამცირა შეგებებული სასარჩელო განცხადების მოთხოვნა შპს “ნ.-თვის” უძრავი ქონებით სარგებლობისათვის, თვეში 1000 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა 500 ლარი 2007 წლის 10 ოქტომბრიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელე – შპს “ნ.-მა” სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეცვალა სარჩელის საგანი და საფუძვლები ისე, რომ ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო მოპასუხე. კასატორის მოსაზრებით, 23.03.03წ. ხელშეკრულების გაგრძელებაზე ფაქტობრივად უარი თქვა თვით შპს “ნ.-მა”, რადგანაც მან სასამართლოში აღძრა სარჩელი იმ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე, რომლითაც ჯ. მ.-ე აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა. შპს “ნ.-მა” პირველი სარჩელი 29.06.06წ. წარადგინა. ჯ. მ.-თან 10.07.06წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. მთელი ამ ხნის განმავლობაში შპს “ნ.-ს” არ გამოუთქვამს სურვილი გაეგრძელებია ჯ. მ.-თან ქირავნობითი ურთიერთობები, მას საერთოდ არ გადაუხდია რაიმე ქირა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 405-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვადებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ ჯ. მ.-ე არის ძველი ურთიერთობების უფლებამონაცვლე, მაშინ ის გარემოებაც უნდა შეეფასებინა, რომ მოსარჩელემ არ ცნო ახალი მესაკუთრე ჯ. მ.-ე და მის მიმართ აწარმოვა უსაფუძვლო სასამართლო დავები. იგი სადავოდ ხდიდა მისი საკუთრების უფლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.02.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. მ.-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.02.08წ. განჩინებით, შპს “ნ.-ის” დირექტორის _ რ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად და დაუბრუნდა 08.02.08წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს-წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. მ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ჯ. მ.-ს დაუბრუნდეს 04.02.08წ. მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, 210 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.