საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-205-194(კ-07) 14 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “ც.-ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს “ც.-მ” 2006 წლის 9 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ბათუმის შემოსასვლელში, თბილისის გზატკეცილის მარცხენა მხარეს მდინარე ...-მდე, მარჯვენა მხარეს _ ...-ის მიერ განთავსებულ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შპს “ც.-ს” საკუთრებაში დარეგისტრირების დავალება და მიწის ნაკვეთის გადასახადის განვადებით გადახდაზე უფლებამოსილების მინიჭება (ს.ფ. 2-5)
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ც.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა შპს “ც.-სათვის” ქალაქის შემოსასვლელში, თბილისის გზატკეცილის მარცხენა მხარეს მდინარე ...-მდე, მარჯვენა მხარეს ...-ის მიერ განთავსებულ ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11750 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით დარეგისტრირება და მიწის საფასურის განვადებით გადახდაზე უფლების მიცემა არაუმეტეს ორი წლით (ს.ფ. 73-74)
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს “ც.-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 77-78).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა, შპს “ც.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 104-107).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ც.-მ,” რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 118-122).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის ორი ეგზემპლარის, სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულების შეფასების დოკუმენტისა და ამ ღირებულების 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შპს “ც.-ს” 2007 წლის 22 მარტს ჩაბარდა, შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო არაუგვიანეს 2007 წლის 2 აპრილისა, მიუხედავად ამისა, შპს “ც.-ს” დღემდე არ წარმოუდგენია სადავო ქონების ღირებულების შეფასების დოკუმენტი, ამ ღირებულების 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და არც შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ც.-ს” საკასაციო საჩივარი, მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ც.-ს” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.