ბს-206-195(კ-07) 12 ივლისს, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ზ. ჟ-ა-ზ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
10.06.05წ. ზ. ჟ--ზ-მ ქ. ზუგდიდის გამგეობის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1991 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, ... ქ. ¹52-ში მდებარე ბინაში. 2003წ. გ. ჟ-მ სასამართლოს მიმართა და ბინიდან მისი გამოსახლება მოითხოვა. გ. ჟ-ა თავს სადავო ბინის მესაკუთრედ მიიჩნევდა, რის საფუძვლადაც უთითებდა ბინის ორდერის ასლს. მისი დედნის მოძიება პროკურატურის დახმარებითაც ვერ მოხერხდა. საარქივო ჩანაწერებში აღმოჩნდა ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საბჭოს ყველა დადგენილება, გარდა 28.03.1990წ. ¹102 გადაწყვეტილებისა და ¹904-1000 ორდერისა. გადაწყვეტილების ასლის მიხედვით მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ორდერი გაყალბებული იყო, თუმცა, ამასთანავე აღნიშნავდა, რომ მისი სიყალბის დაუდგენლობის შემთხვევაშიც დოკუმენტი გ. ჟ-ს საკუთრების უფლებას სადავო ბინაზე ვერ დაადასტურებდა. ბინის ორდერი სარგებლობის უფლებას აძლევდა მის მფლობელს. გ. ჟ-ს სადავო ბინა სარგებლობაში არასდროს ჰქონია. მოსარჩელის აზრით, აღმასკომის გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ აქტად მიჩნეული და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად კანონშეუსაბამობის გამო ბათილად ცნობილი.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 28.03.1990წ. ¹102 გადაწყვეტილების ასლის მიხედვით აღმასკომის თავმჯდომარე და მდივანი იყო ერთიდაიგივე პიროვნება, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. სადავო ორდერი არ იყო ხელმოწერილი მიმღები პირის მიერ. მოსარჩელის განმარტებით, ორდერი უნდა მიჩნეულიყო ადმინისტრაციულ გარიგებად, ვინაიდან მისი ერთი მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო იყო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ გარიგების ბათილად ცნობა ხორციელდებოდა სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს. მოსარჩელის აზრით, ბინის მიმღები პირის ხელმოწერის არარსებობა უნდა მიჩნეულიყო ბინის ორდერის ბათილად ცნობის საფუძვლად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გ. ჟ-ს მფლობელობის უფლება დაკარგული ჰქონდა სადავო ბინაზე, ვინაიდან მასში არასდროს უცხოვრია. მოსარჩელემ ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 28.03.1990წ. ¹103 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.11.05წ. განჩინებით არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ქ. ზუგდიდის რაიონის გამგეობით და საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ჟ-ა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 30.11.05წ. განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბინიდან გამოსახლების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 17.02.05წ. ¹2/13 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება შეჩერდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე(ს.ფ. 41).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.05.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლომ დაადგინა, რომ ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 28.03.90წ. ¹103 გადაწყვეტილებით გარდაცვლილი ზ. შ-ს ოჯახის წევრის, გ. ჟ-ს 5 წევრისაგან შემდგარ ოჯახს ქ. ზუგდიდში, ... ქ. ¹1-ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში გამოეყო ¹52 ოთხოთახიანი ბინა და გაცემული იქნა ბინის ორდერი. ბინა პრივატიზებული იქნა გ. ჟ-ს მიერ. მოსარჩელე აღნიშნულ ბინაში თვითნებურად შესახლდა. სასამართლომ დაადასტურა, რომ სადავო გადაწყვეტილებაზე აღმასკომის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერების ადგილას ხელი ერთიდაიმავე პიროვნებას ჰქონდა მოწერილი, რაც ტექნიკური ხასიათის შეცდომად მიიჩნია. სასამართლომ მიუთითა ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 17.02.05წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გ. ჟ-ა სადავო ბინის მესაკუთრედ იყო მიჩნეული.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.05.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ჟ-ს მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.06წ. განჩინებით სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 30.05.1985წ. ¹111 გადაწყვეტილებით მშენებარე “...” დირექტორის დაკვეთით 72 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ... და ... ქუჩაზე აღებული იქნა ექვსი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. მასში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის ზ. შ-ს ოჯახსაც, უნდა გადასცემოდა მშენებარე სახლის მეორე სადარბაზოს საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ერთი ოთხოთახიანი ბინა. ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 28.03.1990წ. ¹103 გადაწყვეტილების საფუძველზე ზ. შ-ს ოჯახს შეეცვალა სართული და გადაეცა ბინა ¹52 მე-5 სართულზე. ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 29.11.91წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გარდაცვლილი ზ. შ-ს მემკვიდრეებს, პ.(გ.) ჟ-ს და მისი ოჯახის წევრებს გადაეცათ ბინის ორდერი. 29.08.95 წ. ბინა პრივატიზებული იქნა გ. ჟ-ს მიერ, აღირიცხა ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში და გაიცა ბინის ტექნიკური პასპორტი. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 17.02.05წ. ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ჟ-ს სარჩელი და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო ბინა, მოპასუხეები: ზ. ჟ-ა-ზ-ა, ს. ზ-ა, გ. ზ-ა გამოსახლებული იქნენ ქ. ზუგდიდში .... ¹1/52 მდებარე საცხოვრებელი ბინიდან.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, აპელანტ ზ. ჟ-ა-ზ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სადავო დოკუმენტების სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო აქტები გაცემული იყო უფლებამოსილი ორგანოს _ ზუგდიდის ყოფილ სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ და იგი არ ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.12.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჟ-მ. კასატორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე მის დაუსწრებლად განიხილა. პროცესის თაობაზე უწყება არ ჩაჰბარებია.
კასატორის განცხადებით, სადავო ბინა მისი ოჯახის შესახლების დროს არ იყო განპიროვნებული ვინმეზე, პრეტენზიას მასზე არავინ აცხადებდა. ამასთანავე, მან მიმართა ზუგდიდის საბინაო კომუნალურ მომსახურებას ბინის პრივატიზების თხოვნით. 1996წ. გახდა მისთვის ცნობილი, რომ გ. ჟ-ა თავს სადავო ბინის მესაკუთრედ მიიჩნევდა. კასატორის განცხადებით, ეჭვი ჰქონდა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ბინა პრივატიზებული იქნა არაკანონიერი გარიგების გზით, რადგან სადავო ბინაში 4 წლის მანძილზე ის ცხოვრობდა და ბინის პრივატიზების უპირატესი უფლებაც მას ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისთვის, რომ ბინის მიღების საფუძველი ზუგდიდის საქალაქო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის ¹103 გადაწყვეტილება გახდა, პროკურატურას აღნიშნული დოკუმენტის დედნის მოძიების თხოვნით მიმართა, თუმცა დედანი მოძიებული ვერ იქნა. კასატორის აზრით, ასეთ შემთხვევაში გ. ჟ-ა ტექნიკური პასპორტის მიღების დროსაც ვერ წარადგენდა სადავო გადაწყვეტილების დედანს. გ. ჟ-ს არ გააჩნდა ასევე ზუგდიდის საბინაო-კომუნალური მომსახურეობიდან გაცემული საგარანტიო წერილი იმის თაობაზე, რომ მათი სახლის აღების შემთხვევაში სანაცვლო ბინას გადასცემდნენ. მას არც ანდერძი წარმოუდგენია. ამასათნავე, 1996წ. გ. ჟ-ა აღრიცხული იყო ქ. ზუგდიდში, ... ქუჩაზე, ვინაიდან ამ პერიოდში სადავო ბინაზე დოკუმენტაცია არ გააჩნდა და ბინა სახელმწიფოს გარდა არავის ეკუთვნოდა.
კასატორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტისთვის სავალდებულო რეკვიზიტების არქონის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.03.07წ. განჩინებით ზ. ჟ--ზ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის.
გ. ჟ-მ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ კასატორს პირადად გადასცა ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 30.05.1985წ. ¹111 გადაწყვეტილების ასლი, რომლის თანახმად, მშენებარე ხუდონჰესის დირექტრის დაკვეთით 72 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ... და ... ქუჩაზე აღებულ იქნა ექვსი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს უნდა გამოჰყოფოდათ ბინა, მათ შორის ზ. შ-ს-მეორე სადარბაზოს მესამე სართულზე ოთხოთახიანი ბინა. გ. ჟ-მ მიუთითა, რომ ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 28.03.90წ. ¹103 გადაწყვეტილების საფუძველზე გარდაცვლილი ზ. შ-ს ოჯახის წევრებს შეეცვალათ სართული და გამოეყოთ ბინა ¹52 მე-5 სართულზე. დოკუმენტის დედანი ვერ მოიძია, თუმცა ადმინისტრაციული აქტის ნამდვილობას ადასტურებდა ექსპერტიზა და ის პირები, რომელთა მიერაც აღნიშნული დოკუმენტები იქნა შედგენილი. სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ის 1984წ. ჩაწერილი იყო ქ. ზუგდიდში, ... ქ. ¹16, ადასტურებდა, რომ იგი დედის ბინაში იყო ჩაწერილი. მითითებულ მისამართზე სწორედ ის ბინა მდებარეობდა, რომელიც აღებული იქნა მეზობლად მდებარე 5 ბინასთან ერთად. გ. ჟ-მ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მის ბინაში თვითნებურად შესახლებამდე ასევე თვითნებურად შესახლდა კასატორი იმავე კორპუსში მდებარე ზ. ყ-ის, ხოლო შემდეგ ა. გ-ს ბინაში, საიდანაც იძულების წესით გამოასახლეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ჟ-ა-ზ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე საკასაციო საჩივარში მითითებულ პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ჟ-ა-ზ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
კასატორი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მ1 მუხლის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ჟ-ა-ზ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.