ბს-206-196(კ-06) 19 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ სამტრედიის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ა.-ი
დავის საგანი _ 1992-93 წლების საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულთა დახმარების სიაში შეყვანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 13 მაისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ა.-მ მოპასუხე სამტრედიის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა 1992-1993 წლების საომარი მოქმედების დროს დაზარალებულთა დახმარების სიაში შეყვანა.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
თ. ა.-ი იყო 1992-1993 წლების საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული, რომელზეც მაშინდელმა მთავრობამ გამოყო თანხა დასახმარებლად. თანხა პერიოდულად ირიცხებოდა სამტრედიის რაიონულ ბანკში, რაც დღემდე გრძელდება. ჩარიცხულ თანხას იღებდნენ დაზარალებულები, რომელთაც იგივე დოკუმენტაცია ჰქონდათ, რაც მოსარჩელეს, მაგრამ სამტრედიის რაიონის გამგეობას იგი სიაში არ შეჰყავდა. მოპასუხე ჰპირდებოდა დაზარალებულთა სიაში შეყვანას, მაგრამ დღემდე არ განუხორციელებია. მას გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტი, კერძოდ, შპს ,,ა.-ის” მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომლის შესაბამისად, ომის შედეგად მიყენებული აქვს 1569 ლარის ზარალი, ასევე სამტრედიის რაიონის გამგეობის ¹54 განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნა, რომელშიც ის ცნობილია 1992-1993 წლების საომარი მოქმედების დროს დაზარალებულად და რომელსაც ხელს აწერს კომისიის 17 წევრი (ს.ფ. 2-3).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სამტრედიის რაიონის გამგეობას შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველზე დაევალა დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხების გამანაწილებელი კომისიის სიაში თ. ა.-ის დაზარალებულის სახით შეყვანა (ს.ფ. 21-22).
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონის გამგეობამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
აპელანტის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, სამტრედიის რაიონში ამ დროისათვის აღარ არსებობდა სამოქალაქო ომით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, ფუნქციონირებდა მხოლოდ დაზარალებულთა თანხების გამანაწილებელი კომისია, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა წინა კომისიებისგან გადმოცემული სიის შესაბამისად თანხების განაწილება და დარიგება (ს.ფ. 26-27).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 იანვრის განჩინებით სამტრედიის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ა.-ი იყო 1993 წლის საომარი მოვლენების შედეგად დაზარალებული და მისი სახლის შეკეთებას სჭირდებოდა 1569 ლარი. სამტრედიის რაიონის გამგეობის განკარგულებით შექმნილი კომისიის 2002 წლის 21 აგვისტოს ¹1 ოქმის მიხედვით დაზარალებულთა სიაში შეყვანილი უნდა ყოფილიყვნენ ის პირები, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. მოსარჩელე ამ მოთხოვნას პასუხობდა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო ისეთი მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვები იყო, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ვინაიდან თ. ა.-ი განეკუთვნებოდა დაზარალებულთა კატეგორიას, მას უფლება გააჩნდა ყოფილიყო დაზარალებულთა სიაში, ე.ი. სარჩელი დასაშვები იყო, რადგან მას შეეხებოდა. ამავე მუხლის მიხედვით, ასეთ დავაზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდებოდა (ს.ფ. 51-53).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კასატორის მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. ამჟამად სამტრედიის რაიონში აღარ არსებობს სამოქალაქო ომით დაზარალებულთა მდგომარეობის შემსწავლელი კომისია. დღეისათვის რაიონში ფუნქციონირებს სამტრედიის რაიონის გამგეობის ¹78 განკარგულების საფუძველზე შექმნილი 1993 წელს დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის შედეგად სამტრედიის რაიონის დაზარალებულ მოსახლეობაზე გამოყოფილი თანხების გამანაწილებელი კომისია, რომელიც უფლებამოსილია მხოლოდ წინა კომისიისაგან გადმოცემული სიის მიხედვით გაანაწილოს და დაარიგოს თანხები დაზარალებულ მოსახლეობაზე, ხოლო რომელიმე დაზარალებულის დახმარების ოდენობის გაზრდა ან შემცირება მის უფლებამოსილებას აღემატება. საქმეში არსებულ ხარჯთაღრიცხვაზე კი არ არის მითითებული მისი შედგენის თარიღი.
კასატორის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის 3 წელი. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელის განცხადებით, იგი დაზარალდა 1993 წელს გამხორციელებული საომარი მოქმედებების დროს. მოქალაქეები, რომლებმაც დროულად წარადგინეს საჭირო დოკუმენტები, შეყვანილ იქნენ დაზარალებულთა დახმარების სიებში, ხოლო რადგან თ. ა.-ს დროულად არ ჰქონდა წარდგენილი საბუთები, ამიტომაც ვერ მოხვდა ხსენებულ სიაში. საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვა არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, ვინაიდან არ არის შედგენილი სათანადო წესით, არ არის დათარიღებული. ზარალის აქტს აკლია კომისიის ორი წევრის ხელმოწერა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელემ მისი დარღვეული უფლებების შესახებ გაიგო არა 2005 წელს, როდესაც სარჩელით მიმართა სასამართლოს, არამედ უფრო ადრე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენაც სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, გასულია საერთო ხანდაზმულობის ვადა (ს.ფ. 62-63).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ა.-ი წარმოადგენდა 1992-93 წლების საომარი მოქმედების დროს დაზარალებულ პირს, მის საცხოვრებელ სახლს მიადგა სხვადასხვა სახის დაზიანებები. სააპელაციო სასამართლომ თ. ა.-ი ისე მიიჩნია 1992-93 წლების საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებულად, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოსარჩელე თ. ა.-ის სახელზე არ არის შედგენილი საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტი, რომელსაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. საქმეში არებული ყველა დოკუმენტი შედგენილია გ. ა.-ის სახელზე. ის გარემოება, რომ თ. ა.-ი გ. ა.-ის მემკვიდრე და დაზიანებული სახლის მესაკუთრეა, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია.
სააპელაციო სასამართლოს ასევე არ დაუდგენია, თუ რა წესით და რა პირობების დაცვით ხდებოდა დახმარების სიაში დაზარალებულთა შეყვანა, არ გამოუთხოვია აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად გამგეობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები და არ გამოურკვევია, აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელე აღნიშნულ პირობებს.
საქმეში წარმოდგენილია სამტრედიის რაიონის გამგეობის ¹54 განკარგულებით შექმნილი კომისიის მიერ გ. ა.-ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების 2001 წლის 14 აგვისტოს აქტი, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქე გ. ა.-ის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია 1993 წლის საომარი მოქმედებების შედეგად (ს.ფ. 9). სააპელაციო სასამართლომ არ გამოითხოვა გამგეობის ზემომითითებული ¹54 განკარგულება, არ გამოარკვია, თუ რა მიზანს ისახავდა კომისიის წევრთა მიერ აღნიშნული სახლის დათვალიერება, თუ აღნიშნული დათვალიერება განხორციელდა შემდგომი კომპენსაციის გაცემის მიზნით, რატომ ვერ იქნა უზრუნველყოფილი დაზარალებულთა სიაში მოსარჩელის შეყვანა. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს “ა.-ის” მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. მართალია, მასზე არ არის აღნიშნული შედგენის თარიღი, მაგრამ საქმეში ასევე წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის თანახმად, გ. ა.-მ შპს “ა.-ს” 2001 წლის აგვისტოში გადაუხადა ხარჯთაღრიცხვის შედგენის ღირებულება 75 ლარი (ს.ფ. 5).
სამტრედიის რაიონის გამგეობის ¹54 განკარგულებით შექმნილი კომისიის 2002 წლის 21 აგვისტოს ¹1 ოქმით ირკვევა, რომ დახმარების ოთხი ეტაპი მიიღეს იმ ოჯახებმა, რომლებსაც შედგენილი ჰქონდათ ზარალის აქტი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, კონკრეტულად, როდის შედგა საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 6-8), თუკი ხარჯთაღრიცხვის შედგენის თარიღია 2001 წლის აგვისტო, წარდგენილი იქნა თუ არა იგი მოსარჩელის მიერ კომისიაში და მოთხოვნილ იქნა თუ არა დაზარალებულთა დახმარების სიაში შეყვანა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლი განხილვისას ასევე უნდა გამოარკვიოს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვით შეტანილად მიიჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, იმ მოსაზრებით, რომ აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების სარჩელი, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სარჩელის შეტანის საპროცესო ხანდაზმულობის ვადის საკითხზე, რასაც აწესრიგებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის აღნიშნული 24-ე მუხლი. რაც შეეხება სარჩელის მატერიალური ხანდაზმულობის ვადას, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. მოსარჩელე დაზარალებულთა დახმარების სიაში შეტანას ითხოვს საომარი მოქმედებების დროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ზიანის ანაზღაურებისათვის დადგენილი მატერიალური ხანდაზმულობის ვადა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ზიანის ანაზღაურების ზოგადი ხანდაზმულობის ვადა, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, არის 3 წელი იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ამ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. თ. ა.-ს სარჩელი აღძრული აქვს 2005 წლის მაისში. საქმეში არსებული სამტრედიის რაიონის გამგეობის 2001 წლის 14 აგვისტოს აქტის თანახმად, სამტრედიის რაიონის ¹54 განკარგულებით შექმნილმა კომისიამ დაათვალიერა 1993 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული გ. ა.-ის საცხოვრებელი სახლი (ს.ფ. 9), საქმეში არსებული სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, გ. ა.-მ შპს “ა.-ს” 2001 წლის აგვისტოში გადაუხადა ხარჯთაღრიცხვის შედგენის ღირებულება 75 ლარი (ს.ფ. 5). სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, გ. ა.-ს საკომპენსაციო თანხების გაცემის შესახებ უნდა სცოდნოდა თუ არა 2001 წლის აგვისტოში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხის სრულყოფილად გამოსარკვევად, სააპელაციო სასამართლომ დამატებით ასევე უნდა გამოარკვიოს, თუ როდის მიმართა გ. ა.-მ გამგეობას ან გამგეობის მიერ შექმნილ კომისიას დაზარალებულთა დახმარების სიაში შეყვანის განცხადებით. ამასთან, სარჩელში თ. ა.-ი მიუთითებს, რომ იგი არაერთგზის მიმართავდა მოპასუხეს სიაში შეყვანის მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, თუ არსებობს ასეთი მიმართვები და ხომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, როდის უნდა შედგენილიყო სიები, უნდა ყოფილიყო თუ არა აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი და ყველა ამ გარემოების ერთობლიობაში შეფასების შედეგად უნდა გამოიტანოს დასკვნა, აღძრულია თუ არა სარჩელი ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაში.
საქმის ხელახლი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.