ბს-207-202(კ-08) 23 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 21 სექტემბერს ნ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1975 წლიდან მუშაობდა საფინანსო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ბრძანებით გათვისუფლდა პროგნოზირებისა და ანალიზის განყოფილების მთავარი ეკონომისტის თანამდებობიდან, რის გამოც მან სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. ჭ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე; მოპასუხე – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისათვის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დრომდე პერიოდის განაცდური 2 თვისა და 10 დღის ხელფასის – 1108 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, სასამართლო დავის ინსტანციური წესით გაგრძელების გამო, ის სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენილ იქნა 2006 წლის 11 სექტემბერს და ამ პერიოდისათვის მოპასუხის ბრალით გაცდენილი დროის ხელფასი მხოლოდ ნაწილობრივ იქნა მისთვის ანაზღაურებული.
მოსარჩელის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებულია, მას აუნაზღაუროს იძულებით განაცდური დროის ხელფასი, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 475 ლარს, ამასთან, მას ყველთვიურად უნდა მიეღო წელთა ნამსახურობის გამო თანამდებობრივი სარგოს დანამატი ხელფასის 30%-ის ოდენობით და პრემია არანაკლებ ხელფასის 100%-ისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკისრებოდა იძულებით განაცდური ხელფასის, 2004 წლის ნოემბრიდან 2006 წლის 10 სექტემბრამდე, 10030 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2006 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და იმის გამო, რომ 2005-2006 წლებში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუშა-მოსამსახურეებს გაეზარდათ ხელფასი, მოითხოვა მოპასუხისათვის 16091,22 ლარისა და ასევე, სასამართლო და იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, ნ. ჭ-ეს გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე ეთქვა უარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ნ. ჭ-ის სარჩელის გამო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება, იმ მოტივით, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავაზე, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისათვის მიუღებელი ხელფასის, 2004 წლის ნოემბრიდან 2006 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდისათვის, 1340 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში ნ. ჭ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი აღდგენილ იქნა სამუშაოზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური პოლიციისა და ლიცენზირების სამმართველოს შემოსავლების, პროგნოზირებისა და აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამასთან, მოპასუხეს ნ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდური დროისათვის მიუღებელი ხელფასი 1108 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე ნ. ჭ-ეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მოპასუხე მხარის მიერ. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მოსარჩელემ ისევ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა 12 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება 9 თვის დანამატით, სულ 2940 ლარი, მაგრამ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ საკასაციო წესით. მოსარჩელე ნ. ჭ-ის საჩივარი შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის დაზუსტებულ სარჩელზე და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ნაწილობრივ შეცვლა და მისი სარჩელის სრული დაკმაყოფილება, განაცდური დროის ხელფასის მთლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული. განჩინებში აღნიშნული იყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ნ. ჭ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ხოლო მოსარჩელეს ამ გადაწყვეტილებაზე არ შეუტანია არც სააპელაციო და არც შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რითაც ნ. ჭ-ე დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა იძულებით განაცდური მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურებაზე.
ნ. ჭ-ე მოპასუხე მხარის მიერ 2006 წლის 11 სეტემბრის ¹3-48 ბრძანებით იქნა ფაქტობრივად აღდგენილი სამუშაოზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად განაცდური მიუღებელი ხელფასის 1108 ლარის ანაზღაურებით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება ნ. ჭ-ის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან ნ. ჭ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ იძულებით გაცდენილი მთელი დროისათვის სასამართლოს მიერ არ ყოფილა განხილული, ხოლო მოპასუხის მიერ მისი სამუშაოზე აღდგენის შემდეგ ნ. ჭ-ეს ასეთ მოთხოვნაზე უარი ეთქვა, რის შემდეგაც წარმოეშვა მას დავის საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას მისი ხელფასის ოდენობისა და ნაცდური ხელფასის გამოთვლის წესი შესახებ, მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუშაკთა ხელფასის უწყისით ნ. ჭ-ის სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის, ანუ 2004 წლის ივლისის თვისათვის მოსარჩელის ძირითადი სახელფასო განაკვეთი დაკავებული თანამდებობისათვის შეადგენდა არა 475 ლარს, რასაც მოსარჩელე ამტკიცებს, არამედ - 60 ლარს, ხოლო იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა სამუშაოდან მისი დათხოვნის დროისათვის.
არამართებულია მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ განაცდური დროის ხელფასში შედის მუშაკის პრემიალური ან სხვა დანამატები, რამდენადაც საჯარო მოხელეს პრემია ეძლევა ადმინისტრაციის მიერ მისი დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად და პრემიის გაცემა დაკავშირებულია მუშაკის წახალისებასთან შესრულებული სამუშაოს ოდენობისა და ხარისხის შესაბამისად. ამასთან, მოსარჩელე ნ. ჭ-ეს, გათავისუფლების პერიოდისათვის სახელფასო უწყისის შესაბამისად, თანამდებობრივ სარგოზე რაიმე დანამატი არ ეძლეოდა.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მოსარჩელე ნ. ჭ-ემ მოპასუხის ბრალით ვერ მიიღო იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდისათვის კუთვნილი ხელფასი, ხოლო მოპასუხის ბრალი იმაში გამოიხატა, რომ ნ. ჭ-ე უკანონოდ იყო გათავისუფლებული სამუშაოდან, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ნ. ჭ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 10 დღეს, განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გააჩივრეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ნ. ჭ-ემ.
აპელანტი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში განსაზღვრული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი იყო ემსჯელა მხოლოდ მოთხოვნის ირგვლივ. მოსარჩელეს მოთხოვნის საფუძვლად არ ჰქონდა მითითებული გათავისუფლების დროისათვის არსებული ხელფასი და მის მიერ მოთხოვნილ თანხას საფუძვლად არ ჰქონდა დადებული გათავისუფლების პერიოდის ხელფასი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იძულებით განაცდურის გაანგარიშებას საფუძვლად დაუდო 2004 წლის აგვისტოს (გათავისუფლების დროის) ხელფასი, მაშინ როცა, მოსარჩელე აღნიშნულს არ ითხოვდა. ვინაიდან, სასამართლომ (სავსებით^მართებულად) მიიჩნია, რომ იძულებითი ნაცდურის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო გათავისუფლების დროისათვის არსებული ხელფასის მიხედვით, მას სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა უსაფუძვლობის გამო.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე უფლებამოსილი არ იყო, სასამართლოში შეეტანა სარჩელი იძულებითი ნაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან 2004 წლის 7 სექტემბერს ნ. ჭ-ის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა სარჩელი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით. 2004 წლის 5 ოქტომბერს დმატებითი სარჩელით მოითხოვა სამუშაოზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება. 2004 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის თანამდებობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით 1108 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა იყო სამუშაოზე არ ყოფნის მთელი პერიოდის განაცდური ხელფასი, ხოლო სასამართლომ ასეთად განსაზღვრა 1108 ლარი, სასამართლომ უკვე იმსჯელა და დაადგინა იძულებითი განაცდური სამუშაოზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის. ნ. ჭ-ეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით, ანუ, ფაქტობრივად, დაეთანხმა მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ სასამართლოში განაცხადონ იგივე სასარჩელო მოთხოვნაზე იმავე საფუძვლით.
ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.
ნ. ჭ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2004 წლის აგვისტოში. სარჩელი მის მიერ სასამართლოში შეტანილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. ნ. ჭ-ის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 8 მაისს, რომლითაც მას, ფაქტობრივად, უარი ეთქვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის შესაბამისად, 2006 წლის 8 მაისისდან ხელახლა დაიწყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის ათვლა და სარჩელი ნ. ჭ-ის მიერ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოში შეტანილი იქნა 2006 წლის სექტემბერში, ანუ ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის გადაცილებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მეორე აპელანტი _ ნ. ჭ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სარულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბთუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას ნ. ჭ-ის მხრიდან სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის გაშვების თაობაზე, რომ ვინაიდან ნ. ჭ-ემ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც არ იქნა განხილული იმ საფუძვლით, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, მას წარმოეშვა დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის უფლება.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია იძულებითი განაცდურის ხელფასის გაანგარიშების თაობაზე და მიუთითა, რომ, როგორც საქმის მასალებით დადგენილია, 2004 წელს, ნ. ჭ-ის გათავისუფლებისას, მისი ხელფასის ოდენობა შეადგენდა 60 ლარს. იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ოდენობის გაანგარიშება უნდა მოხდეს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2004 წლის 23 აგვისტოს ¹პ-27 ბრძანების გამოცემამდე არსებული ხელფასის ოდენობის მიხედვით, რის გამოც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ნ. ჭ-ეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, თვეში 60 ლარის ოდენობით გადაანგარიშებით.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხელეზე ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დააწესოს სხვა დანამატი.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 27 აპრილის ¹01-17/1466 მიმართვით დასტურდება, რომ სამინისტროს მიერ დანამატი გაიცემოდა 2005 წლის აპრილიდან 2005 წლის დეკემბრამდე, ხოლო პრემია გაიცემოდა ცენტრალური აპარატის თანამშრომლებზე ინდივიდუალურად დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ნ. ჭ-ე გათავისუფლებული იყო რა სამსახურიდან, იგი არ ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რის გამოც არ არსებობს მისთვის პრემიისა და დანამატის ანაზღაურების საფუძველი.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-ემ.
Kკასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების მთლიანად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 22 აპრილს ნ. ჭ-ემ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ნ. ჭ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.