Facebook Twitter

ბს-209-204(კ-08) 12 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ დ. მ.-ე

მესამე პირი _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ პენსიის დანიშვნა, მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 24 იანვარს დლ. მ.-მ სარჩელი აღძრა სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ა/რ ფილიალის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

მოსარჩელის განმარტებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 9 ივლისის სესიის დადგენილებით, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა დლ. მ.-ის აწ გარდაცვლილი მამა _ აფხაზეთის ა/რ ... სასამართლოს მოსამართლე დ. მ.-ე. ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მოსამართლეს პენსიაში გასვლის შემთხვევაში, ენიშნებოდა პენსია მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული ხელფასის სრული ოდენობით. აღნიშნული მუხლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ მოსამართლეთა მიმართ ამოქმედდა 2003 წლის 1 იანვარს. დ. მ.-მ, პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ სამუშაოდან გათავისუფლებამდე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რასაც ადასტურებდა სარჩელზე დართული შეთანხმების ფურცელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონკრეტული მოსამართლეებისათვის პენსიის დანიშვნის შესახებ. ხსენებული დოკუმენტი მოსარჩელის მიერ მოძიებულ იქნა დ. მ.-ის გარდაცვალების შემდეგ და იგი შედგენილი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რადგან მასზე დასმული იყო იმავე საბჭოს წევრთა ხელმოწერები. დასახელებული დოკუმენტი შედგენილ იქნა არა უგვიანეს 2004 წლის იანვრისა, რადგან მასში მოხსენიებული ერთ-ერთი მოსამართლე _ ა. ზ.-ა გარდაიცვალა 2004 წლის 2 თებერვალს.

მოსარჩელის მტკიცებით, 2004 წლის სექტემბერში დ. მ.-მ შესაბამისი განცხადებით ხელმეორედ მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პენსია მაინც არ დაენიშნა და არც რაიმე პასუხი მიუღია აღნიშნულ განცხადებაზე. კუთვნილი პენსიის მიუღებლობის გამო, დ. მ.-ე იყო მძიმე ეკონომიურ პირობებში და მწვავედ განიცდიდა მისი უფლებების დარღვევას. ყოველივე ხსენებულმა უარყოფითად იმოქმედა დ. მ.-ის ჯანმრთელობაზე და 2004 წლის 6 დეკემბერს იგი გარდაიცვალა. 2004 წლის 28 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს განცხადებით მიმართა დლ. მ.-მ, რომლითაც მოითხოვა პენსიის არდანიშვნის მიზეზების გარკვევა და სათანადო ზომების მიღება, რათა მას, როგორც მემკვიდრეს, მიეღო დ. მ.-ის პენსია 2004 წლის 9 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე. დლ. მ.-ს ხსენებულ განცხადებაზე პასუხი არ მიუღია. 2004 წლის 23 თებერვალს დლ. მ.-მ ხელმეორედ მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და მოითხოვა იმის გარკვევა, თუ რა რეაგირება მოხდა მის ადრინდელ მიმართვაზე. დლ. მ.-ს პასუხი არც აღნიშნულ განცხადებაზე მიუღია და შემდგომმა არაერთგზისმა ზეპირმა მიმართვებმაც ვერ გამოიღო რაიმე შედეგი.

მოსარჩელის განმარტებით, ,,სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მის შესაბამის მოთხოვნაზე ვალდებული პირი იყო მზღვეველის ტერიტორიული ორგანო, რადგან ხსენებული პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნა, გაანგარიშება და ადგილზე მიტანა ხორციელდებოდა მზღვეველის მიერ, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიღებაზე განაცხადის შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმავე კანონის მე-2 მუხლისა და ,,სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი იყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელსაც ამ კანონით ეკისრებოდა საქართველოში სავალდებულო სოციალური დაზღვევის ორგანიზება და მართვა, ხოლო 30-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულო სოციალურ დაზღვევას ახორციელებდა მზღვეველი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომლის საქმიანობა რეგულირდებოდა ამავე კანონით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებით”. დასახელებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” და ,,კ” ქვეპუნქტების მიხედვით, მოცემულ სარჩელზე მოპასუხე ტერიტორიული ორგანო იყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ა/რ ფილიალი, რადგან აწ გარდაცვლილი, ყოფილი მოსამართლე დ. მ.-ე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი _ დევნილი იყო.

ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, პენსიაზე გამსვლელი ან გასული მოსამართლე პენსიის დანიშვნის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებების შესასრულებლად მიმართავდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც სათანადო საბუთებს გადაუგზავნიდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღნიშნულს ადასტურებდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 მაისის ¹204 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების” მე-2 თავი, რომლითაც განმარტებული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის _ სასამართლო პერსონალის სექტორის _ უფლება-მოვალეობები. იმავე თავის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო პერსონალის სექტორი აფორმებდა სამუშაოზე მიღებასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს. მოსარჩელე დლ. მ.-ც იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი _ დევნილი, რის გამოც მოცემული საქმე სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დ. მ.-თვის 2004 წლის 10 ივლისიდან პენსიის დანიშვნის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ა/რ ფილიალისთვის დავალება, ასევე _ დლ. მ.-ის სასარგებლოდ მამამისის _ დ. მ.-ის კუთვნილი, 2004 წლის 10 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე, სულ _ 4 თვისა და 25 დღის საპენსიო თანხის _ 4654,5 ლარის გადახდის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ა/რ ფილიალისთვის დაკისრება.

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დლ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა დ. მ.-თვის პენსიის დანიშვნა 2004 წლის 10 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ა/რ ფილიალისათვის აწ გარდაცვლილ დ. მ.-ზე “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამისდღეშიო პენსიის დასანიშნად მიმართვისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ; მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ა/რ ფილიალს დაევალა მოსარჩელე დლ. მ.-თვის ოთხი თვისა და ოცდახუთი დღის გაუცემელი პენსიის გადახდა 4654,5 ლარის ოდენობით.

სოხუმის რაიონულმა და სოხუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მოსამართლეს პენსიაში გასვლის შემთხვევაში, ენიშნებოდა პენსია მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული ხელფასის ოდენობით. მითითებული მუხლი აფხაზეთის ა/რ საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის ამოქმედდა 2003 წლის 1 იანვრიდან. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 9 ივლისის სესიის დადგენილებაში, რომლითაც დ. მ.-ე, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, გათავისუფლდა აფხაზეთის ა/რ ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან, მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული იყო აფხაზეთის ა/რ იუსტიციის საბჭოს 2002 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 თებერვლის ¹516 განკარგულება “დ. მ.-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ". ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ დ. მ.-მ ჯერ კიდევ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მიმართა მესამე პირს _ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პენსიის დანიშვნის თაობაზე, იყო საფუძვლიანი. აღნიშნული იმითაც დასტურდებოდა, რომ ზემოთ მითითებულ შეთანხმების ფურცელში დ. მ.-თან ერთად, მოხსენიებული იყო აფხაზეთის ა/რ ... სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, 2004 წლის 2 თებერვალს გარდაცვლილი ა. ზ.-ა, ანუ ხსენებული შეთანხმების ფურცელი მომზადებული იყო 2004 წლის 2 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე ფურცელში აწ გარდაცვლილ ა. ზ.-ზე არ მიეთითებოდა.

სოხუმის რაიონულმა და სოხუმის საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ზემოთქმულის მიხედვით, მოსარჩელე ვერ ღებულობდა პასუხს მესამე პირისაგან მამამისის პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით, მანამდე კი თვითონ დ. მ.-მ ვერ გაარკვია, თუ რა მიზეზით არ დაენიშნა პენსია. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაკავშირებული იყო აფხაზეთის ა/რ იუსტიციის საბჭოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასთან. “საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით აფხაზეთის ა/რ და აჭარის ა/რ იუსტიციის საბჭოებმა 2004 წლის 30 ივნისიდან შეწყვიტეს ფუნქციონირება, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს სესიამ კი აღნიშნულიდან ცხრა დღის შემდეგ _ 2004 წლის 9 ივლისს გაათავისუფლა დ. მ.-ე დაკავებული თანამდებობიდან. აფხაზეთის ა/რ იუსტიციის საბჭოს გაუქმება და სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება, ასევე დ. მ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლება დროში ერთმანეთს დაემთხვა, რაც დამდგარი შედეგის მიხედვით, გახდა დ. მ.-თვის პენსიის დანიშვნის საკითხის ჯეროვნად გადაუწყვეტლობის მიზეზი.

სოხუმის რაიონულმა და სოხუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხესთან მიმართებით იმის შესახებ, რომ “სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მის შესაბამის მოთხოვნაზე ვალდებული პირი იყო მზღვეველის ტერიტორიული ორგანო, კერძოდ, ამ კანონის შესაბამისად, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნა, გაანგარიშება და ადგილზე მიტანა ხორციელდებოდა მზღვეველის მიერ, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიღებაზე განაცხადის შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იყო საფუძვლიანი. იმავე კანონის და “სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, 30-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების მე-3 და მე-4 მუხლების პირველი პუნქტების ,,ე” ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” და ,,კ” ქვეპუნქტების თანახმად, დ. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნაზე ვალდებული პირი იყო მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ა/რ ფილიალი.

სოხუმის რაიონულმა და სოხუმის საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დანაწესებით, აწ გარდაცვლილ დ. მ.-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2004 წლის 10 ივლისიდან გარდაცვალებამდე _ 2004 წლის 6 დეკემბრამდე უნდა დანიშვნოდა და მიეღო 4 თვის და 25 დღის კუთვნილი სამისდღეშიო პენსია, რაც დროულად არ მიუღია უსაფუძვლოდ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოსარჩელის მამის კუთვნილი და გაუცემელი პენსიის მიღებაზე მესამე პირსა და მოპასუხეს უნდა უზრუნველეყოთ სათანადო, კანონისმიერი მოქმედებით ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო აქტს ჰქონდა პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებული (გამოცემული) იყო თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით საკანონმდებლო აქტით ეს არ იყო დადგენილი.'“მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონი არ შეიცავდა არანაირ ისეთ დათქმას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნებოდა, აწ გარდაცვლილ დ. მ.-ს დროულად არ დანიშვნოდა სამისდღეშიო პენსია. არავითარი სამართლებრივი წანამძღვარი არ არსებობდა ასევე იმ მიმართებით, რომ მოსარჩელის კანონიერი და საფუძვლიანი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულიყო. აფხაზეთის ა/რ ... სასამართლოს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის თანახმად, დ. მ.-ის შრომის ანაზღაურება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებამდე შეადგენდა 963 ლარს, რაც შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსაგან _ 535 ლარისაგან, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დადგენილი 40%-იანი დანამატისაგან _ 214 ლარისაგან და მოსამართლედ ნამსახურობის 40%-იანი დანამატისაგან _ 214 ლარისაგან. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ოთხი თვისა და ოცდახუთი დღის პენსიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ, რაც 4654,5 ლარს შეადგენდა, “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7, მე-16 და მე-20 მუხლების შესაბამისად, სრულიად კანონიერი და საფუძვლიანი იყო.

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი კანონდარღვევებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა გაუქმებული და აუმოქმედებელი კანონი და არასწორად განმარტა იგი. როგორც ხსენებული გადაწყვეტილებიდან ირკვეოდა, მოსარჩელის მამა _ დ. მ.-ე, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს სესიის 2004 წლის 9 ივლისის დადგენილებით. დ. მ.-მ პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართა საქმეში მესამე პირად ჩართულ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რაც დასტურდებოდა იმავე საბჭოს წევრთა მიერ შედგენილი შეთანხმების ფურცლით. 2004 წლის სექტემბერში მანვე განმეორებით მიმართა განცხადებით საქართველოს იუსტიციის საბჭოს, რაზედაც ამ უკანასკნელს რეაგირება არ მოუხდენია და არც შესაბამისი დოკუმენტაცია გადაუგზავნია იმავე ფონდისათვის, რაც საშუალებას მისცემდა დასახელებულ ფონდს, მოეხდინა დ. მ.-თვის სიცოცხლეშივე შესაბამისი პენსიის დანიშვნა.

აპალანტის მტკიცებით, სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხზე, რითაც ცალსახად დაარღვია აღნიშნული კოდექსის 22-24-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ ხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნაზე, რაც გულისხმობდა აღიარებით სარჩელს. როგორც ირკვეოდა, დ. მ.-მ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისთვის პენსიის დასანიშნად შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი მიუთითებდა, რომ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლებოდა აღძრულიყო, თუ მოსარჩელეს შეეძლო აღეძრა სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ასევე არ ჩანდა, თუ რის საფუძველზე, რომელ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობით მოახდინა სასამართლომ თანხის გადაანგარიშება, მაშინ, როდესაც დ. მ.-ს პენსია საერთოდ არ დანიშვნია, ვინაიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის არც მას, არც მის კანონიერ წარმომადგენელს და არც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით არ მიუმართავს. გარდა ამისა, ვინაიდან დ. მ.-მ ვერ მოასწრო სიცოცხლეშივე მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზება და მასზე კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ გავრცელდა მისი გარდაცვალების გამო, სასამართლომ კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამისდღეშიო პენსიის დასანიშნად მიმართვისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აწ გარდაცვლილ დ. მ.-ს დანიშვნოდა პენსია 2004 წლის 10 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე, რაც ასევე კანონის უხეში დარღვევა იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის საოქმო განჩინებით აპელანტი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი საქმეში ჩაბმულ იქნა მოპასუხედ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ.-თვის პენსიის დანიშვნა და მასზე გაუცემელი პენსიის დ. მ.-თვის გადახდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ა/რ ფილიალის ნაცვლად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისრა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ დ. მ.-ე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... სასამართლოს მოსამართლედ; დ. მ.-ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა: თანამდებობრივი სარგო _ 535 ლარი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი 40 პროცენტიანი დანამატი _ 214 ლარი, მოსამართლედ ნამსახურობის 40 პროცენტიანი დანამატი _ 214 ლარი, სულ _ 963 ლარი. “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-14-16 მუხლების შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი იყო პენსიის დანიშვნის თაობაზე შეთანხმების ფურცელი საქართველოს იუსტიციის საბჭოს 7 წევრის ხელმოწერით. იმავე შეთანხმების ფურცელში მითითებულ პირთა შორის აღნიშნული იყო დ. მ.-ე, ასევე _ ა. ზ.-ა, რომელიც 2004 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა. ხსენებული გარემოება კი ადასტურებდა იმას, რომ დ. მ.-მ პენსიის დანიშვნის შესახებ მოთხოვნა ჯერ კიდევ 2004 წლის 2 თებერვლამდე წარადგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის 2004 წლის 9 ივლისის დადგენილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს 2002 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების და “დ. მ.-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 თებერვლის ¹516 განკარგულების საფუძველზე, დ. მ.-ე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით ისე, რომ პენსია არ დანიშვნია. დ. მ.-ე 2004 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. დასტურდებოდა, რომ დ. მ.-ე იყო დევნილი, მოსარჩელე დლ. მ.-ე კი _ დ. მ.-ის შვილი და შესაბამისი მემკვიდრეობის მოწმობის თანახმად _ მისი მემკვიდრე, ასევე _ დევნილი.

სააპელაციო სასამართლომ დლ. მ.-ის სარჩელი აღიარებით სარჩელად არ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის (2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, მოსამართლეს პენსიაში გასვლის შემთხვევაში ენიშნებოდა სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, პენსიაში გასულ იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან “საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 852-ე მუხლის საფუძველზე გაუგრძელდა უფლებამოსილება, ენიშნებოდა სამისდღეშიო პენსია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. ხსენებული ნორმის (მე-20 მუხლი) ამოქმედება, იმავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, განისაზღვრა 2003 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 მაისის ¹204 ბრძანებულებით დამტკიცებული, 2004 წლის 20 აგვისტომდე მოქმედი “საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების" მე-2 პუნქტის “დ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო პერსონალის სექტორი აფორმებდა საპენსიო საბუთებს. საქმის მასალების თანახმად, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ დ. მ.-ს 2004 წლის 9 ივლისიდან (პენსიაზე გასვლის გამო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან) ეკუთვნოდა პენსია, მაგრამ სიცოცხლეში მისი მიღება, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოახერხა. 2004 წლის 28 დეკემბერს დლ. მ.-მ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიმართა განცხადებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ მამამისმა _ 2004 წლის სექტემბერში მიმართა საქართველოს იუსტიციის საბჭოს, მაგრამ პენსია დანიშნული არ ჰქონდა, 2004 წლის 6 დეკემბერს კი დ. მ.-ე ისე გარდაიცვალა, რომ პენსია არ მიუღია და მოსარჩელემ მოითხოვა მამამისის გარდაცვალებამდე პერიოდის კუთვნილი საპენსიო თანხა. აღნიშნული საკითხი ვერ იქნა გადაწყვეტილი, რის გამოც მოსარჩელემ სასამართლოში აღძრა სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროში არ შედიოდა ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც იყო პირადი ხასიათის და მხოლოდ მამკვიდრებლის კუთვნილი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე _ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებდა მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდებოდა მათი სიკვდილით. დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ იყო იმ ქონებრივი უფლების მიღება, რომელიც იყო პირადი ხასიათის, რაც მხოლოდ მამკვიდრებელს ეკუთვნოდა, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა მამამისის მიერ 4 თვისა და 25 დღის იმ მიუღებელი პენსიის თანხას, რაც მამამისს უნდა მიეღო და რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით გათვალისწინებულ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, დლ. მ.-ის სარჩელი სწორად დააკმაყოფილა და ამ მიმართებით გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხეების წარმომადგენელთა განმარტებების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციების დანიშვნა-გაცემის საკითხი შედიოდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და არა იმავე ფონდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის კომპეტენციაში. “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, პენსიის (კომპენსაცია) დანიშვნა-გაცემის საკითხი შედიოდა კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებში, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის “თ" ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანო იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/ნ ბრძანების ¹1 დანართის მე-2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო პენსიის, ხოლო ¹2 დანართის მე-2 მუხლის თანახმად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეცვლილიყო იმ მიმართებით, რომ დ. მ.-თვის პენსიის დანიშვნა და გაუცემელი პენსიის დლ. მ.-თვის გადახდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის ნაცვლად, დაკისრებოდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტომ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და რომლითაც ამჟამად რეგულირდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის (მათ შორის, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად პენსიის მიმღები მოსამართლეების) სოციალური უზრუნველყოფის სამართალურთიერთობა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ “სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონი (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2005 წელს ისე, რომ არ ამოქმედებულა), ასევე არასწორად განმარტა “საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს ცნებების ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია “საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოს ხაზით სახელმწიფო პენსიის დანიშვნა ხდება “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, მოსარჩელის მამა _ დ. მ.-ე, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს სესიის 2004 წლის 9 ივლისის დადგენილების საფუძველზე. დ. მ.-მ პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მანვე იმავე საბჭოს მიმართა განმეორებით, რასაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და შესაბამისად, ხსენებულ საბჭოს დ. მ.-თვის პენსიის დასანიშნად სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში დოკუმენტაცია არ გადაუგზავნია, რაც იქნებოდა აწ გარდაცვლილი დ. მ.-თვის პენსიის დანიშვნის საკითხზე მსჯელობის საფუძველი.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნა. მოცემული სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს აღიარებით სარჩელს, ხოლო, ვინაიდან დ. მ.-მ ბოლოს 2004 წლის სექტემბერში მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პენსიის დანიშვნის თაობაზე და იმავე საბჭოს მხრიდან არ მოჰყოლია მის განცხადებას რეაგირება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ნიშნავს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რომელიც მხარეს უნდა გაესაჩივრებინა კანონით დადგენილ ვადებში.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა პენსიის გადაანგარიშებისას თანამდებობრივ სარგოსა და ხელფასს შორის არსებულ კანონით გათვალისწინებულ განსხვავებაზე, მაშინ, როდესაც პენსიის გაანგარიშება ხდება თანამდებობრივი სარგოდან და არა ხელფასის სრული მოცულობიდან, რასთან დაკავშირებითაც, არასწორია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაანგარიშებული თანხების ოდენობა. ამდენად, ხსენებული გადაწყვეტილება უკანონოა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 6 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 24 აპრილამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 12 ივნისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დ. მ.-ე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... სასამართლოს მოსამართლედ (ტ. 2, ს.ფ. 5). დ. მ.-ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა: თანამდებობრივი სარგო _ 535 ლარი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი 40 პროცენტიანი დანამატი _ 214 ლარი, მოსამართლედ ნამსახურობის 40 პროცენტიანი დანამატი _ 214 ლარი, სულ _ 963 ლარი (ტ. 2, ს.ფ. 17). პენსიის დანიშვნის თაობაზე საქართველოს იუსტიციის საბჭოს 7 წევრის ხელმოწერით შედგენილ შეთანხმების ფურცელში მითითებულ პირთა შორის აღნიშნულია დ. მ.-ე, ასევე _ ა. ზ.-ა, რომელიც 2004 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა (ტ. 2, ს.ფ. 14, 18). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის 2004 წლის 9 ივლისის დადგენილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს 2002 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების და “დ. მ.-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 თებერვლის ¹516 განკარგულების საფუძველზე, დ. მ.-ე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით (ტ. 2, ს.ფ. 11). დ. მ.-ე 2004 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა (ტ. 2, ს.ფ. 8). დ. მ.-ე იყო დევნილი (ტ. 2, ს.ფ. 6). მოსარჩელე დლ. მ.-ე არის აწ გარდაცვლილი დ. მ.-ის შვილი და მისი მემკვიდრე (ტ. 2, ს.ფ. 12-13). დლ. მ.-მ 2004 წლის 28 დეკემბერსა და 2005 წლის 23 თებერვალს განცხადებებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და მოითხოვა აწ გარდაცვლილი დ. მ.-ის 2004 წლის განცხადებისთვის მსვლელობის მიცემის საკითხისა და დ. მ.-თვის პენსიის არდანიშვნის მიზეზების გარკვევა და მისთვის, როგორც მემკვიდრისათვის, დ. მ.-ის 2004 წლის 9 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე პენსიის თანხის ანაზღაურება (ტ. 2, ს.ფ. 15-16).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ დ. მ.-ე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით ისე, რომ პენსია არ დანიშვნია. დ. მ.-ე 2004 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა, ხოლო პენსიის დანიშვნის თაობაზე საქართველოს იუსტიციის საბჭოს 7 წევრის ხელმოწერით შედგენილ შეთანხმების ფურცელში მითითებულ პირთა შორის დ. მ.-თან ერთად ა. ზ.-ზე მითითება, რომელიც 2004 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა, ამტკიცებს იმას, რომ დ. მ.-მ პენსიის დანიშვნის შესახებ მოთხოვნა ჯერ კიდევ 2004 წლის 2 თებერვლამდე წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ანუ მოახდინა თავისი საპენსიო უფლების რეალიზება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სათანადო საბუთები არ გადაუგზავნა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს (უფლებამონაცვლე _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა მიუთითა, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას გადაუგზავნიდა დ. მ.-ის საპენსიო მასალას, მოცემული საკითხი მის მიერ გადაწყდებოდა კანონით დადგენილ ვადაში და წესით, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ იგი არ იყო წინააღმდეგი, რომ ამ შემთხვევაში პენსიის დანიშვნა და გაუცემელი საპენსიო თანხის გადახდა მომხდარიყო კანონით დადგენილი წესით, რის გამოც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო წერილით გადააგზავნიდა მასალებს დ. მ.-თვის პენსიის დასანიშნად და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა მოსარჩელის მოთხოვნას დ. მ.-თვის პენსიის დანიშვნისა და მის მემკვიდრე დლ. მ.-ზე გაუცემელი საპენსიო თანხის გაცემის თაობაზე (ტ. 2, ს.ფ. 57-61).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნა, რადგან მოცემული სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს აღიარებით სარჩელს, ხოლო, ვინაიდან დ. მ.-მ ბოლოს 2004 წლის სექტემბერში მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პენსიის დანიშვნის თაობაზე და იმავე საბჭოს მხრიდან არ მოჰყოლია მის განცხადებას რეაგირება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ნიშნავს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რომელიც მხარეს უნდა გაესაჩივრებინა კანონით დადგენილ ვადებში.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ დლ. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა და მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება, რის გამოც დლ. მ.-ის სარჩელი არ წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, ხოლო ამ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დ. მ.-ისა და დლ. მ.-ის ზემოთ მითითებულ განცხადებებს რაიმე რეაგირება მოჰყვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან, ანუ მათ არავითარი პასუხი არ მიუღიათ, რაზეც თვითონ კასატორიც მიუთითებს და რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ჩაითვლებოდა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმად, მით უმეტეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტში შესაბამისი დამატება შეტანილ იქნა 2005 წლის 24 ივნისს, რის შედეგადაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვალა, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ხოლო ხსენებული დამატებით ჩამოყალიბებული ამავე ქვეპუნქტის ახალი რედაქცია ამოქმედდა 2005 წლის 15 ივლისიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის მითითება სასამართლოს მხრიდან სარჩელის დასაშვებობის პირობების დარღვევაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლითაც ამჟამად რეგულირდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის (მათ შორის, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პენსიის მიმღები მოსამართლეების) სოციალური უზრუნველყოფის სამართალურთიერთობა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს ახალი კანონი, რომლითაც, მართალია, ამჟამად რეგულირდება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პენსიის მიმღები მოსამართლეებისათვის პენსიის დანიშვნის საკითხი, მაგრამ აღნიშნული კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ანუ იმ პერიოდში, როდესაც დ. მ.-მ მოითხოვა პენსიის დანიშვნა და მას უნდა დანიშვნოდა პენსია, ხსენებული კანონი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული, რის გამოც “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება მოცემულ სამართალურთიერთობაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. მ.-ის პენსიის გადაანგარიშებისას არ იმსჯელა თანამდებობრივ სარგოსა და ხელფასს შორის არსებულ კანონით გათვალისწინებულ განსხვავებაზე. საკასაციო სასამართლო, ამასთან, მიუთითებს, რომ არასწორია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში თანამდებობრივი სარგოს გარდა მოსარჩელისათვის დანამატების ანაზღაურება და ამდენად, ხსენებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი ადგენს მოსამართლის, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის წესს, თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატის სახეებს, მათი ოდენობის და გაცემის წესს, აგრეთვე, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების სხვა გარანტიებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგებოდა თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და დახმარებისაგან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი, ვინაიდან დ. მ.-ის მიუღებელი პენსიის თანხის გამოანგარიშება მოახდინა ხელფასის სრული ოდენობის _ 963 ლარის მიხედვით, რასაც იღებდა დ. მ.-ე აფხაზეთის ა/რ ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, გათავისუფლებამდე და არა იმ თანამდებობრივი სარგოს _ 535 ლარის შესაბამისად, რაც დანიშნული ჰქონდა დ. მ.-ს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის სხდომაზე დლ. მ.-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გარდაცვლილისათვის შესაძლებელი იყო პენსიის დანიშვნა, რადგან ასეთ აკრძალვას არც ერთი კანონი არ ითვალისწინებდა, მით უმეტეს, რომ დ. მ.-მ სიცოცხლეშივე მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ამ თხოვნით, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოხდა ამ უფლების განხორციელება (ტ. 2, ს.ფ. 127). იმავე სხდომაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსამართლეებს პენსია ენიშნებოდათ მათი თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით (ტ. 2, ს.ფ. 129).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედება განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ამავე კანონის მე-20 მუხლისა _ 2003 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის (2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ გამოცხადების, პენსიაში გასვლის ან შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში, მოსამართლეს ენიშნებოდა სამისდღეშიო პენსია მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული ხელფასის სრული ოდენობით, რომელიც იცვლებოდა მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შეცვლასთან ერთად. ხსენებული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, პენსიაში გასულ იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 852-ე მუხლის საფუძველზე გაუგრძელდა უფლებამოსილება, უნდა დანიშვნოდა სამისდღეშიო პენსია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის მე-20 მუხლი შეეხებოდა მხოლოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, პენსიაში გასულ იმ მოსამართლეებს, რომელთაც 1999 წლის 15 მაისიდან “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 852-ე მუხლის საფუძველზე გაუგრძელდათ უფლებამოსილება, ანუ აღნიშნული მუხლის ნორმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, პენსიაში გასული მოსამართლეებისათვის, პენსიის დანიშვნის თვალსაზრისით, წარმოადგენდა სპეციალურ ნორმას, სპეციალური პირობით _ სამისდღეშიო პენსიის დანიშვნით თანამდებობრივი სარგოს (და არა ხელფასის) სრული ოდენობით. ამ მუხლის ბლანკეტური ხასიათის ნორმა მიუთითებდა მხოლოდ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე და არა ამავე მუხლის პირობაზე _ ხელფასის სრული ოდენობით სამისდღეშიო პენსიის დანიშვნაზე. გარდა ამისა, მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-20 მუხლი ამოქმედდა 2003 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლი _ 2006 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, ხსენებული კანონის მე-16 მუხლი დ. მ.-ის მიერ მისი საპენსიო უფლების რეალიზებისას ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული, რის გამოც ვერ ამოქმედდებოდა ამ კანონის მე-16 მუხლის ნორმის ელემენტი _ “ხელფასის სრული ოდენობით” _ და რაც მთავარია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსამართლეებზე უშუალოდ ვრცელდებოდა სწორედ აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის ნორმა და შესაბამისად, სამისდღეშიო პენსიის ოდენობის განმსაზღვრელი მისი ელემენტიც _ “თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით”.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დლ. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნა პენსიის დანიშვნისა და მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობის შესაბამისად პენსიის დანიშვნისა და მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების ნაწილში, რის გამოც მას ეკუთვნის მამამისის _ აწ გარდაცვლილი დ. მ.-ის მიერ მიუღებელი საპენსიო თანხა აფხაზეთის ა/რ ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, დ. მ.-ის გათავისუფლებამდე, მისი თანამდებობრივი სარგოს _ 535 ლარის მიხედვით, 2004 წლის 10 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდისათვის _ 2585 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილზე, რომელთა მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველია. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დლ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) დაევალება დ. მ.-თვის პენსიის დანიშვნა 2004 წლის 10 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისთვის აწ გარდაცვლილ დ. მ.-ზე “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამისდღეშიო პენსიის დასანიშნად მიმართვისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ასევე მოპასუხე სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) დაევალება მოსარჩელე დ. მ.-ის სასარგებლოდ 2004 წლის 10 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე დ. მ.-ზე გაუცემელი პენსიის თანხის გადახდა 2585 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დლ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) დაევალოს დ. მ.-თვის პენსიის დანიშვნა 2004 წლის 10 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისთვის აწ გარდაცვლილ დ. მ.-ზე “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამისდღეშიო პენსიის დასანიშნად მიმართვისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ; მოპასუხე სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) დაევალოს მოსარჩელე დლ. მ.-ის სასარგებლოდ 2004 წლის 10 ივლისიდან 2004 წლის 6 დეკემბრამდე დ. მ.-ზე გაუცემელი პენსიის თანხის გადახდა 2585 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.