ბს-210-205(კ-08) 5 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე( მომხსენებელი)
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ქეთევან მაღრაძე
კასატორები: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოპასუხე), ლ. ს-ი (მესამე პირი).
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს-ო” (მოსარჩელე)
მესამე პირები – ქ. თბილისის მერია (მესამე პირი), ტურიზმის დეპარტამენტი (მესამე პირი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.07წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი: მშენებარე სახლთან დაკავშირებით დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე მენაშენეთა ამხანაგობისათვის საკუთრების უფლების გადაცემა, ამ ნაწილში დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ ცნობა, საკუთარი ინვესტიციებით მშენებლობის დამთავრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამხანაგობა ,,ს-ოს დამფუძნებლებმა: ი. ც-ემ, ი. თ-ემ, მ. კ-მა, დ. ჭ-ემ, მ. ფ-ამ და სხვებმა სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, მშენებარე საუწყებო სახლთან დაკავშირებით უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის, სამართალმემკვიდრედ ცნობის და მშენებლობის დამთავრების უფლების გადაცემის თაობაზე.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ,,პროფესიულიკავშირების საქართველოს რესპუბლიკურ საბჭოსა და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოსათვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ” ქ. თბილისის აღმასკომის 21.08.81წ. ¹15.27382 გადაწყვეტილების თანახმად, საუწყებო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის გამოყოფილი იყო მიწის ნაკვეთი ......... ქ. ¹45-ში. საქართველოს რესპუბლიკის პროფსაბჭოს 24.03.84წ. ¹30-ხ დადგენილებით საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელება დაეკისრა ტურიზმისა და ექსკურსიების საქართველოს რესპუბლიკურ საბჭოს და მიენიჭა გენდამკვეთის ფუნქცია, რომლის სამართალმემკვიდრე გახდა შემდეგ საქართველოს მთავრობის 24.07.91წ. ¹584 დადგენილებით სპორტის დეპარტამენტის, საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს ბაზაზე შექმნილი რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო. შემდგომში სამინისტროს ბაზაზე 19.11.82წ. დადგენილებით შეიქმნა ტურიზმის კომიტეტი, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის 10.02.93წ. ¹76 დადგენილებით გამგებლობაში გადაეცა საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები. მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹340 დადგენილებით შეიქმნა ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად არის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება და წარმოადგენს მის წინამორბედ ორგანიზაციათა სამართალმემკვიდრეს, რომელსაც ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა მათი ქონება, მათ შორის ........ ქ. ¹45-ში მდებარე მშენებარე საუწყებო სახლი, რომელიც განაწილებული იყო უკვე ტურიზმისა და ექსკურსიების საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს მიერ 10.06.91წ. ¹7-1 კოლეგიის დადგენილებით სისტემის ორგანიზაციებზე.
მინისტრთა კაბინეტის 27.06.94წ. ¹410 დადგენილებით აღინიშნა, რომ ვერ ხერხდებოდა გასულ წლებში სახელმწიფო კაპიტალურ დაბანდებათა ხარჯზე დაწყებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, მოსახლეობისათვის განაწილებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრება და საექსპლოატაციოდ გადაცემა, რის გამოც ნება მიეცათ ქალაქის მერიებს, რაიონის გამგეობებს, სამინისტროებსა და უწყებებს ზოგიერთი დაუმთავრებელი სამუშაოების შესრულების გარეშე მიეღოთ და გადაეცათ საექსპლოატაციოდ საცხოვრებელი სახლები ბინათმფლობელებისათვის, მათი სურვილის მიხედვით. აღნიშნული დადგენილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მმართველობის ორგანოების მიერ მოსარჩელეებისათვის ბინების განაწილების კანონიერება. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ შეძლო მშენებარე ობიექტის მშენებლობის გაგრძელება დაუფინანსებლობის გამო. მიუხედავად ამისა მშენებარე სახლი სისტემის ტურისტულმა ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა გაანაწილეს აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებზე, აღნიშნული გაფორმდა შესაბამისი რაიონების აღმასკომების გადაწყვეტილებით. 64 ბინიდან გასანაწილებელი დარჩა მხოლოდ 6 ბინა. ფინანსური სიძნელეების გარდა, ქვეყანაში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო, დეპარტამენტმა მშენებლობა ვეღარ დაასრულა, აშენდა მხოლოდ ოთხი სართულის კარკასი. მშენებლობის გაგრძელების შეუძლებლობის გამო დეპარტამენტის ადმინიტსრაციამ შეთავაზა შეექმნათ ამხანაგობა, რომელიც დამფუძნებელთა სახსრებით დაასრულებდა მშენებლობას. სახლის ბინათმფლობელებმა, სკ-ის 930-ე მუხლის შესაბამისად, დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს-ო”, რომელთანაც დეპარტამენტმა 26.04.04წ. გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად აიღო ვალდებულება, რომ ამხანაგობას გადასცემდა მის ბალანსზე რიცხულ ....... ქ. ¹45-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლს. დეპარტამენტმა გამოსცა აგრეთვე 27.04.04წ. ¹04-2 ბრძანება, რომლითაც გადასცა ამხანაგობას სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით უფლებები. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მოსარჩელეებმა მიმართეს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს, რათა ნება მიეცა ამხანაგობისათვის საკუთარი ინვესტიციებით დაემთავრებინა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული მშენებარე საუწყებო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. სამინისტრომ 09.06.04წ. წერილით მიმართა ქ. თბილისის მერიას რათა 25.05.99წ ¹334 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესის” შესაბამისად გადაეცა მერიის დაქვემდებარებაში მშენებარე ობიექტი, რომლის პასუხად მერიამ 14.06.04წ. წერილით სამინისტროს აცნობა, რომ მშენებარე ობიექტის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია, რადგან ხსენებული საცხოვრებელი სახლი არის უწყებრივი და ასეთ შემთხვევაში უწყების ვალდებულება გადავიდოდა მერიაზე. ამასთანავე, მერიის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც გამოყოფილი აქვთ არსებულ საცხოვრებელ სახლში ბინები და შექმნილი აქვთ ამხანაგობა, გაეგრძელებიათ საკუთარი სახსრებით მშენებლობა, მიეცათ მათთვის დეპარტამენტის სამართალმემკვიდრის უფლება. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ 10.08.04წ. წერილით უარი თქვა მოსარჩელეთა თხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ფულადი სახსრები მშენებლობის დასაფინანსებლად, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 58 ბინა განაწილებულია, შესაბამისი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს მოპოვებული აქვთ ბინათმშენებლობის უფლება, ქ. თბილისის მერია უარს აცხადებს მშენებარე ობიექტის მის დაქვემდებარებაში მიღებაზე, რადგან გაურბის მშენებლობის გაგრძელების ვალდებულებას, ამასთანავე მოსარჩელეები თანახმანი არიან საკუთარი სახსრებით დაამთავრონ მშენებლობა და იკისრონ ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს მათ მიმართ ეკისრებოდა მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს თავიანთი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 04.10.04წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს-ოს” გადაეცა ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების უფლება მშენებარე სახლთან დაკავშირებით, ამ ნაწილში მოსარჩელე ცნობილი იქნა დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ და მიეცა უფლება საკუთარი ინვესტიციებით დაამთავროს მშენებლობა ........ ქ. ¹45-ში მდებარე მშენებარე სახლზე.
სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 20.05.04წ. მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, მათ ბალანსზე რიცხული ....... ქუჩა ¹45-ში მშენებარე უწყებრივი რვასართულიანი საცხოვრებელი სახლის ოთხი სართულის, ოთხსართულიანი ნაგებობის ამხანაგობა “ს-ოს” ბალანსზე გადაცემის თაობაზე. საბინაო ფონდი განაწილდა სისტემის თანამშრომელთა ოჯახებზე და ბინები ქ. თბილისის მერიის მიერ დამაგრებული იქნა მათზე. შესაბამისად სამინისტრომ მიმართა ქ. თბილისის მერიას აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის, თუმცა მათ მიერ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სახლი იყო უწყებრივი და მისი გადაცემის შემთხვევაში ვალდებულების აღება მათ მოუწევდათ, თუმცა მიუთითეს, რომ მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ამხანაგობა “ს-ოს” სრული უფლება ქონდა საკუთარი სახსრებით მშენებლობის გაგრძელებისა და მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნიეს ამხანაგობას ხსენებულ კორპუსთან დაკავშირებით ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სამართალმემკვიდრის უფლების მიცემა. აღნიშნული გარემოება სასამართლო პროცესზე დაადასტურეს თვით მოპასუხემ და მესამე პირმა, რაც სასამართლომ სარჩელის ცნობად მიიჩნია.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 27.06.1994წ. დადგენილების თანახმად, რესპუბლიკის ქალაქების მერიებს, რაიონების გამგეობებს, სამინისტროებსა და უწყებებს ნება დაერთოთ, ზოგიერთი დაუმთავრებელი სამუშაოების შესრულების გარეშე, მიიღონ და გადასცენ საექსპლოატაციოდ საცხოვრებელი სახლები ბინათმფლობელებს მათი სურვილის მიხედვით. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლების მოთხოვნებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე თავისი უფლებების მოსარჩელეებისათვის დათმობა, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 03.02.05წ. გადაწყვეტილებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 04.10.04წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს-ოს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, სამინისტრო არ ეთანხმება დეპარტამენტსა და ამხანაგობა “ს-ოს” შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.11.05წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.06წ. საოქმო განჩინებით სსკ-ის 84-ე მუხლის შესაბამისად, ამხანაგობა “ს-ოს” დამფუძნებლები (სულ 18 ფიზიკური პირი) შეიცვალა სათანადო მოსარჩელით, ამხანაგობა “ს-ოს” თავმჯდომარით და ამასთან ერთად სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღნიშნულ საქმეში მე-3 პირებად ჩაბმული იქნენ ქ. თბილისში, .......... ქ. ¹45-ში, პირველიდან მე-4 სართულის ჩათვლით უკვე აშენებულ ბინებში შესახლებული პირები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.06წ. განჩინებითა და 07.12.07წ. საოქმო განჩინებით ქ. თბილისის ....... ქ. ¹45-ის მაცხოვრებლები: ი. თ-ე, კ. ჭ-ე, რ. ჭ-ე, დ. ნ-ე, ნ. ე-ი, ლ. ს-ი და სხვები საქმეში ჩაბმული იქნენ მესამე პირებად სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.07წ. გადაწყვეტილებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 04.10.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს-ოს” გადაეცა ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების უფლება მშენებარე სახლთან დაკავშირებით, ცნობილი იქნა ამ ნაწილში დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ და მიეცა უფლება საკუთარი ინვესტიციებით დაამთავროს მშენებლობა ........ ქ. ¹45-ში (ამჟამად, ....... ქ. ¹45) მდებარე მშენებარე სახლზე.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იქნა, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ....... ქ. ¹45-ში მდებარე საუწყებო სახლთან დაკავშირებული ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს-ოს” მიერ საკუთრების უფლების შეძენა, სამართალმემკვიდრედ ცნობა და მშენებლობის უფლებების გადაცემა მეოთხედან მერვე სართულის ჩათვლით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “რესპუბლიკაში მშენებარე საცხოვრებელი სახლების საექსპლოატაციოდ გადაცემის დროებითი წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 27.06.1994წ. ¹410 დადგენიელბის თანახმად, რესპუბლიკის ქალაქების მერიებს, რაიონების გამგეობებს, სამინისტროებსა და უწყებებს ნება დაერთოთ, ზოგიერთი დაუმთავრებელი სამუშაოების შესრულების გარეშე, მიიღონ და გადასცენ საექსპლოატაციოდ საცხოვრებელი სახლები ბინათმფლობელებს მათი სურვილის მიხედვით.
26.04.04წ. ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამხანაგობა “ს-ოს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე: დეპარტამენტი გადასცემს ამხანაგობას მის ბალანსზე რიცხულ ........ ქ. ¹45-ში მშენებარე საცხოვრებელ სახლს, შესაბამისი მიწის ნაკვეთით. ამხანაგობა ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს უკვე აშენებული ოთხი სართულის ზემოთ დაპროექტებული კიდევ ოთხი სართულის მშენებლობა. გამოძებნოს სამშენებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს მშენებარე ობიექტების ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებას, შემდეგ კი მშენებლობას საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების სრული დაცვით, საორიენტაციოდ ერთი თვის ვადაში. იმავე დროს მიიღებს ისეთ განსაკუთრებულ ზომებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკვე არსებულ ნაგებობაში კანონდარღვევით შესახლებული მოსახლეობის უსაფრთხოება.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 27.04.04წ. ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოიცა ¹04-ს ბრძანება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ....... ქ. ¹45-ში მდებარე მშენებარე 8 სართულიანი, 64 ბინიანი საცხოვრებელი სახლი, თავისი ნაკვეთით, ჩამოწერილი იქნა დეპარტამენტის ბალანსიდან და გადაეცა ამხანაგობას.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მმართველობის სფეროში გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და შესაბამისად ეს უკანასკნელი გახდა ტურიქმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად _ მთავრობას დაევალა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ამ კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების პარლამენტში წარდგენა. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე აღნიშნული დაწესებულებები განაგრძობდნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, ხოლო “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება და ბრძანება, რომლის საფუძველზეც ამხანაგობა გახდა ........ ქ. ¹45-ში მდებარე მშენებარე სახლის მესაკუთრე და მიიღო უფლება თავისი ინვესტიციებით დაასრულოს მშენებარე სახლის ოთხ სართულზე ზემოთ აუშენებელი ოთხი სართული, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დღემდე სადავოდ არ გაუხდია, ძალაშია და შესაბამისად შესასრულებლად სავალდებულო იურიდიული ძალის მქონეა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი სარჩელის დაკმაყოფილების უდავო საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “რესპუბლიკაში მშენებარე საცხოვრებელი სახლების საექპლოატაციოდ გადაცემის დროებითი წესის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 27.06.94წ. ¹410 დადგენილებაზე. დადგენილებით, როგორც გამონაკლისი, დროებით, 1994 წელს ნება დაერთო რესპუბლიკის ქალაქის მერიებს, რაიონების გამგეობებს, სამინისტროებსა და უწყებებს ზოგიერთი დაუმთავრებელი სამუშაოების შესრულების გარეშე მიიღონ და გადასცენ საექსპლოატაციოდ საცხოვრებელი სახლები ბინათმფლობელებს მათი სურვილის მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული დადგენილება მოქმედებდა დროებით და მისი გამოყენება 2004 წელს შექმნილი ამხანაგობის მიმართ დაუშვებელი იყო. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას და არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს სარჩელის ცნობის უფლება არ ჰქონდა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან სარჩელის ცნობაზე მითითება უკანონო იყო.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამხანაგობა “ს-ოს” შორის დადებულ ხელშეკრულებას და დეპარტამენტის მიერ გაცემულ ¹04 ბრძანებას, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...... ქ. ¹45-ში მდებარე მშენებარე 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი თავისი ნაკვეთით ჩამოწერილი იქნა დეპარტამენტის ბალანსიდან და გადაეცა ამხანაგობას. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მმართველობის სფეროში გადაცემული იყო ეკონომიკის სამინისტროს და დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება მსგავსი ხელშეკრულება დაედო. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება 35-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომელშიც საუბარია საკანონმდებლო აქტზე, სასამართლომ არ მიუთითა, რის თაობაზე შეიძლება ყოფილიყო ეს საკანონმდებლო აქტი, საქართველოს ეკონომიკური განთივარების ბრძანება წარმოადგენს კანონქვემდებარე და არა საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა აგრეთვე მესამე პირმა ლ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა იყო ...... ქ. ¹45-ში მდებარე საუწყებო სახლთან დაკავშირებით ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს-ოს” მიერ საკუთრების უფლების შეძენა, სამართალმემკვიდრედ ცნობა და მშენებლობის უფლების გადაცემა მეოთხედან მერვე სართულის ჩათვლით, სასამართლომ კი გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ამხანაგობა “ს-ოს” გადაეცა ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების უფლება მშენებარე სახლთან დაკავშირებით, ცნობილი იქნა ამ ნაწილში დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ და მიეცა უფლება საკუთარი ინვესტიციებით დაამთავროს მშენებლობა ....... ქ. ¹45-ში მდებარე მშენებარე სახლზე. ამდენად, გადაწყვეტილება ეხება მთლიანად სახლს მაშინ, როდესაც ამ სახლის ოთხი სართული უკვე აშენებულია და ყველა ბინას თავისი მესაკუთრე ჰყავს, შესაბამისად სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მესაკუთრეების უფლებები გადაეცა ამხანაგობა “ს-თვის”, მითუმეტეს, რომ მოსარჩელეს ეს არ მოუთხოვია. ......... ქუჩა ¹45-ში მდებარე მშენებარე საუწყებო სახლი პროექტით არის 68 ბინიანი და დაუშვებელია დანარჩენი უფლებამოსილი პირის უფლება-მოვალეობების გადაცემა ამხანაგობისათვის. სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ 1-4 სართულების მობინადრეების ბინები გატარებულია საჯარო რეესტრში და ბინებს ყავთ მისაკუთრეები. გარდა აღნიშნულისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სახლის ყველა სახის კომუნიკაცია შესრულებულია მათი ხარჯებით სასამართლომ მათი საკუთრება უკანონოდ გადასცა მოსარჩელეს.
კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს რესპიბლიკის მინისტრთა კაბინეტის 27.06.1994წ. დადგენილება “რესპუბლიკაში მშენებარე საცხოვრებელი სახლების საექსპლოატაციოდ გადაცემის დროებითი წესის შესახებ” დადგენილებაში მითითებულია აქტის მოქმედების ვადა _ 1994 წელი, შესაბამისად, სასამართლოს იგი არ უნდა გამოეყენებინა 2004 წელს წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით უნდა მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,რესპუბლიკაში მშენებარე საცხოვრებელი სახლების საექსპლუატაციოდ გადაცემის დროებითი წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 27.06.94წ. ¹410 დადგენილებით გამონაკლისის სახით, დროებით, 1994 წელს ნება დართო ქალაქების მერიებს, რაიონების გამგეობებს, სამინისტროებსა და უწყებებს ზოგიერთი დაუმთავრებელი სამუშაოების შესრულების გარეშე მიიღონ და გადასცენ საექსპლუატაციოდ საცხოვრებელი სახლები ბინათმფლობელებს მათი სურვილის მიხედვით. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ხსენებული ნორმატიული აქტის მოხსენიება არ ქმნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, მინისტრთა კაბინეტის აღნიშნული დადგენილების მიხედვით განხორციელდა დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის გადახურვა, თუმცა საცხოვრებელი სახლი არ პასუხობდა არათუ საექსპლოატაციოდ გადაცემისათვის დადგენილ ნორმებს, არამედ მინისტრთა კაბინეტის 27.06.94წ. ¹410 დადგენილებით დამტკიცებულ სახლის საექსპლუატაციოდ გადაცემის დროებითი წესის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად შესრულებული უნდა ყოფილიყო სახლის მშენებლობის სამუშაოთა 70-80 პროცენტი. სააპელაციო სასამართლო ხსენებულ ნორმატიულ აქტზე უთითებს, როგორც დამთავრებულ სახლში შესახლების, ნაგებობის საბინაო ფონდში ჩარიცხვის შესაძლო პირობაზე, მინისტრთა კაბინეტის 27.06.94წ. ¹410 დადგენილება არ დადებია ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად.
დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს ...... ქ. ¹45-ში მდებარე საუწყებო სახლზე ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს-ოს” მიერ საკუთრების უფლების შეძენა, სამართალმემკვიდრედ ცნობა და საკუთარი ინვესტიციებით მშენებლობის დამთავრების უფლების მინიჭება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თანახმა იყო კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები გადაეცა ბინათმშენებლობის ამხანაგობისათვის, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით (ტ.1, ს.ფ. 60-62, 333). ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამხანაგობა ,,ს-ოს” შორის 26.04.04წ. დაიდო ხელშეკრულება, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დეპარტამენტი გადასცემდა ამხანაგობას მის ბალანსზე რიცხულ ....... ქ. ¹45-ში მშენებარე საცხოვრებელ სახლს, შესაბამისი მიწის ნაკვეთით; ამხანაგობას ნება მიეცა საკუთარი სახსრებით უკვე აშენებული ოთხი სართულის ზემოთ განეხორციელებია კიდევ ოთხი სართულის დაშენება. ხელშეკრულების თანახმად ამხანაგობა ვალდებულია გამოძებნოს სამშენებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფდა მშენებარე ობიექტების ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებას, შემდეგ კი მშენებლობას საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების სრული დაცვით. ხელშეკრულების თანახმად ამხანაგობას დაეკისრა ისეთი განსაკუთრებული ზომების მიღება, რომლებიც ურუნველყოფდნენ უკვე არსებულ ნაგებობაში შესახლებული მოსახლეობის უსაფრთხოებას. ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 27.04.04წ. გამოიცა ¹04-ს ბრძანება, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ....... ქ. ¹45-ში მდებარე მშენებარე რვასართულიანი, 64 ბინიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოწერილი იქნა დეპარტამენტის ბალანსიდან და გადაეცა ამხანაგობას. სკ-ის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. ამდენად, არა მხოლოდ ნივთი, არამედ მოთხოვნაც და უფლებაც შეიძლება იყოს გასხვისების ობიექტი და მასზე საკუთრება შესაძლოა გადაეცეს სხვა პირს. სკ-ის 199-ე მუხლის თანახმად მოთხოვნის მფლობელს შეუძლია მესამე პირს დაუთმოს მოთხოვნა, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს. მოცემულ შემთხვევაში დეპარტამენტს გააჩნდა ვალდებულება დეპარტამენტის სისტემის იმ მუშაკების წინაშე, რომლებსაც იმჟამინდელი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ჰქონდათ შესახლების უფლება კორპუსის აუშენებელ ნაწილში. დეპარტამენტს, როგორც დამკვეთს, აქვს სამუშაოს დასრულების საკითხის დასმის უფლება, მოთხოვნის ეს უფლება შეიძლება გადაეცეს მენაშენეთა ამხანაგობას. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ფულადი სახსრები მშენებლობის დასაფინანსებლად, საცხოვრებელ სახლში, რამოდენიმე ბინის გარდა, ბინები განაწილებულია, შესაბამისად ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრებს მოპოვებული აქვთ ბინათმფლობელობის უფლება, ქ. თბილისის მერია უარს აცხადებს მშენებარე ობიექტის მიერ დაქვმდებარებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ მასზე გადავა მშენებლობის გაგრძელების ვალდებულება და მიზანშეწონილად თვლის მენაშენეთა ამხანაგობისათვის კორპუსთან დაკავშირებით დეპარტამენტის სამართალმემკვიდრის უფლების მიცემას (ქ. თბილისის მერიის 14.06.04წ. ¹4-14/2510 წერილი), ამასთანავე მენაშენეთა ამხანაგობის წევრები თანახმანი არიან საკუთარი სახსრებით დაამთავრონ მშენებლობა და იკისრონ ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს თავისდროზე მათ მიმართ ეკისრებოდა მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრთა ობიექტის რეკონსტრუქციის ინტერესი არის პატივსადები და სამართლებრივად ანგარიშგასაწევი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. საქმეში დაცულია დეპარტამენტსა და მენაშენეთა ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა მიერ დღემდე სადავოდ არ გამხდარა. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” 10.02.04წ. კანონის 35-ე მუხლის თანახმად, მთავრობა ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოფდა სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაციას. 35-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მთავრობას დაევალა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ამ კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების პარლამენტში წარდგენა, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე აღნიშნული დაწესებულებები განაგრძობდნენ თავიანთი მოვალეობების შესულებას. კანონის 35.3 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი მმართველობის სფეროში გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და შესაბამისად ეს უკანასკნელი გახდა ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრე. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დეპარტამენტად დასახელებულია საქართველოს მთავრობის 10.09.04წ. ¹77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებით. ეკონომიკური განთივარების სამინისტროს, მობინადრეთა ამხანაგობას სადავოდ არ გაუხდია ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, სამინისტროს არ გამოუცხადებია დეპარტამენტის 27.04.04წ. ¹04-ს ბრძანება არარად, არ უცნია იგი ბათილად ან ძალადაკარგულად. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო, იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები შესახლებულ იქნა მშენებლობის დამთავრებამდე, კორპუსის ბინების ნაწილი არის პრივატიზებული, ხოლო შემდეგ გაყიდული, თვლის, რომ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე პრივატიზებული ბინები იმყოფება არა უწყების, არამედ ინდივიდუალურ საკუთრებაში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით მენაშენეთა ამხანაგობას გადაეცა დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების უფლება მშენებარე სახლთან დაკავშირებით, რაც ცხადია არ გულისხმობს ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი ბინების მესაკუთრეებისაგან ჩამორთმევას და მენაშენეთა ამხანაგობისათვის გადაცემას, მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების თანახმად ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული ბინის ნებაყოფლობითი, შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლო გადაცემას. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ლ. ს-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბინების მესაკუთრეთა უფლებები გადაეცა მენაშენეთა ამხანაგობას, მოსარჩელეებს აღნიშნული არ უთხოვია, სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა არ დარღვეულა, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში და იმ ოდენობით, რა მდგომარეობაშიც და რა ოდენობით ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონის თანახმად, არის მშენებლობადასრულებულ სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის მესაკუთრეთა ამხანაგობა. ახლად აშენებულ შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი იურიდიული ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტს, როგორიცაა მშენებლობისათვის ნაკვეთის გამოყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობის დამთავრება და მისი ექსპლოატაციაში შეყვანა. იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ არის დასრულებული და შესაბამისად მობინადრეთა წილი საერთო საკუთრებაში არ არის საბოლოოდ გარკვეული, დეპარტამენტს იმ ფართის გარკვეულ წილზე, რომელიც არ შეადგენს მობინადრეთა ინდივიდუალურ საკუთრებას, ანუ საერთო ქონებაზე შენარჩუნებული ჰქონდა უფლება. კანონმდებლობა არ გამორიცხავს სამომავლო მოთხოვნის დათმობის, აგრეთვე გარკვეულ პირობაზე დამოკიდებულ, არასაკმარისად განსაზღვრული უფლების გადაცემის შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მითითება იმის შესახებ, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობას გადაეცა დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების უფლება მშენებარე სახლთან დაკავშირებით, ამხანაგობა ცნობილ იქნა ამ ნაწილში დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს-ოს” გადაეცა უფლება საცხოვრებელი სახლის დაუმთავრებელ ნაწილზეც, დეპარტამენტის ყველა უფლება, რომელსაც შემხებლობა აქვს საცხოვრებელი სახლის დასრულებასა და საბოლოო განაწილებასთან, გადადის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობაზე და ამხანაგობა ამ საკითხებში ხდება დეპარტამენტის სამართალემემკვიდრე.
იმის გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტი ასრულებდა მენაშენის (დამკვეთის) ფუნქციას, შენობის მშენებლობა არ არის დამთავრებული, კორპუსში მობინადრეთა შესახლება განხორციელდა მშენებლობის დასრულებამდე, სახლის ექსპლოატაციაში მიუღებლად, საცხოვრებელი სახლის გადახურვა მოხდა მშენებლობის გაგრძელების შესაძლებლობის გათვალისწინებით (ტ.1, ს.ფ. 332), მენაშენეთა ამხანაგობის წევრები იყვნენ დეპარტამენტის სისტემის მუშაკები, ხოლო დეპარტამენტს გააჩნდა ვალდებულება დეპარტამენტის სისტემის იმ მუშაკების წინაშე, რომლებსაც იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ჰქონდათ შესახლების უფლება კორპუსის აუშენებლ ნაწილში, ამასთანავე ამ პირებს, საბიუჯეტო სახსრებით მშენებლობის გაგრძელების შეუძლებლობის გამო, აქვთ საკუთარი ინვესტიციებით ობიექტის სამშენებლოდ განვითარების პატივსადები ინტერესი, საკასაციო პალატა თვლის, რომ მენაშენეთა ამხანაგობის მოთხოვნა _ ცნობილი იქნეს დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ........ ქ. ¹45-ში (ამჟამად ....... ქ. ¹45-ში) საცხოვრებელ კორპუსთან დაკავშირებით საფუძვლიანია. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ დებულებასაც, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობას უნდა მიეცეს უფლება საკუთარი ინვესტიციებით დაამთავროს მშენებლობა. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ წარმოადგენს “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილებით განსაზღვრული ნებართვის გაცემას, რადგან საკუთარი სახსრებით მშენებლობის დამთავრების უფლების რეალიზაცია მენაშენეთა ამხანაგობის მიერ შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის (მოქმედი კანონმდებლობით მშენებლობა, რომლის მიზანია არსებული შენობა-ნაგებობის არსობრივი შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი ან/და თვისობრივი განახლების მიზნით, კერძოდ შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულების დაშენება, წარმოადგენს რეკონსტრუქციას) სამართლებრივ საფუძვლად ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის სათანადო წესით მიღებას, კერძოდ მშენებლობის დაწყების შესაძლებლობას “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილებით და სხვა სამშენებლო ნორმატივებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. საკასაციო პალატის სხდომაზე მენაშენეთა ამხანაგობის წარმომადგენელმა და ამხანაგობის თავმჯდომარემაც დაადასტურეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა საკუთარი ინვესტიციებით მშენებლობის დასრულების შესახებ არ გულისხმობდა საკუთრივ მშენებლობის ნებართვის გაცემის დადგენილი წესის გაუვლელად მშენებლობის ნებართვის მინიჭებას სასამართლოს მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკუთარი ინვესტიციებით მშენებლობის დამთავრების უფლების განხორციელება დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული საჯარო-სამართლებრივი პროცედურების შედეგად მშენებლობის ნებართვის მოპოვების შემთხვევაში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა აღიარებულ იქნეს მენაშენეთა ამხანაგობის, როგორც დეპარტამენტის სამართალმემკვიდრის, უფლება დეპარტამენტის ნაცვლად დასვას ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი, რათა ამხანაგობამ საკუთარი სახსრებით დაამთავროს მშენებლობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების ფარგლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო სხვა საკითხებთან ერთად, საექსპერტო დასკვნებით უნდა გაირკვეს არსებულ საცხოვრებელ კორპუსზე ოთხი სართულის დაშენების, სამშენებლო საქმიანობის მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების დაცვით კორპუსის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა, კონსტრუქციული სიმტკიცის, შენობის საძირკვლის, გრუნტის დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლების ამტანობა, კორპუსში ამჟამად მცხოვრებ პირთა საცხოვრებელი პირობების უსაფრთხოების საკითხები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრების ნაწილობრივი დაკმაყოფილებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საკასაციო ინსტანცია არ არის უფლებამოსილი ახალი მტკიცებულებების შეფასებით დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს-ოს” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
3. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს-ოს” გადაეცეს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების უფლება მშენებარე სახლთან დაკავშირებით, ცნობილ იქნეს ამ ნაწილში დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ და აღიარებულ იქნეს უფლება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი ინვესტიციებით დაამთავროს მშენებლობა ....... ქ. ¹45-ში (ამჟამად, ....... ქ. ¹45) მდებარე სახლზე;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.