¹ბს-211-200(კ-07) 10 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 თებერვალს ვ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის განყოფილების მიმართ და სახელფასო დავალიანების _ 1710,63 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის განყოფილებაში ხელშეკრულებით და გარკვეული პერიოდი არ მიეღო კუთვნილი ხელფასი. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული დადასტურებული და აღიარებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის განყოფილების მიერ, თუმცა დავალიანების გადაუხდელობას მიზეზად მოსარჩელე ასახელებდა მის მიმართ სს ,,კ-ის’’ დავალიანების არსებობას.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის განყოფილებას მოსარჩელე ვ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 1710,63 ლარის ოდენობით.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ. პ-ი 1996 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის განყოფილებაში და მიმაგრებული იყო ........-ის წისქვილკომბინატის ობიექტზე, 2003 წლის 1 ოქტომბრიდან კი გათავისუფლდა შს ორგანოებიდან პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით.
რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ თუ ობიექტი, რომელსაც მოსარჩელე იცავდა, მომსახურების თანხას არ გადაიხდიდა, მოსარჩელე მის კუთვნილ ხელფასს ვერ მიიღებდა, არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითA საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 2003 წლის 1 ოქტომბრიდან და მოპასუხე მხარეს მისთვის უნდა აენაზღაურებინა სახელფასო დავალიანება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის დაცვის პოლიციის განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარჯაანის დაცვის პოლიციის განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის დაცვის პოლიციის განყოფილებაში ........-ად და 2003 წლის 1 ოქტომბრის ¹103 ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლდა პენსიაზე გასვლის გამო, მოპასუხეს კი მოსარჩელის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება 1710,63 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გადასახდელად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ ის გარემოება, რომ ობიექტს, რომელსაც მოსარჩელე იცავდა, მოპასუხისთვის დავალიანება არ ჰქონდა გადახდილი, ხოლო მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის თანახმად, როცა დაცული ობიექტის ადმინისტრაცია ვერ ურიცხავდა დაცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს, ამ ობიექტზე დასაქმებულ პოლიციის მუშაკს ხელფასი არ მიეცემოდა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნია, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში .........-ად და სამსახურიდან დათხოვნილ იქნა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად კი, მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს, ხოლო თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გაცემული უნდა ყოფილიყო არა უგვიანეს შემდეგი დღისა, დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე უპირობოდ იყო ვალდებული, მოსარჩელისთვის აენაზღაურებინა სახელფასო დავალიანება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლი, რომლის თანახმად, უნდა შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა, თუ რატომ არ მოხდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც არ გაუკეთებია.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე უნდა ჩაება სს ,,ფ-ი” (ყოფილი სს ,,კ-ი”), რომელიც დაადასტურებდა დებიტორული დავალიანების არსებობასა და მის მიერ აღნიშნული დავალიანების გადახდის პირობებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 15 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 მაისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების შემდეგ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების მიღება. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.