ბს-211-206(კ-08) 24 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 6 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიურომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ლ. ა-ის მიმართ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 22 სექტემბრის ¹01/21 განკარგულების (შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) გაუქმებისა და ქონების ღირებულების 3%-ის ოდენობით თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2006 წლის 22 სექტემბრის ¹01/21 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე ლ. ა-ის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ; მოპასუხე ლ. ა-ეს დაეკისრა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასარგებლოდ 808,5 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც ლ. ა-ეს დაეკისრა სააღსრულებო ბიუროს სასარგებლოდ ქონების ღირებულების 3%-ის - 808,5 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გაუქმება და ლ. ა-ის ქონების საწყისი ღირებულების 3%-ის ოდენობის გადასახადის დაკისრება, ნაცვლად გადაწყვეტილებით დაკისრებული 808,5 ლარისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 იანვრის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ლ. ა-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინებით ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, ლ. ა-ეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2008 წლის 10 მარტს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ ლ. ა-ის შვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 14 მარტს (ს.ფ. 105), მაგრამ ზემოაღნიშნული განჩინებით მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ლ. ა-ეს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 24 მარტის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განჩინების (გადაწყვეტილების) გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების (განჩინების) მხარეთათვის გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. Uუწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში დაცულია გზავნილი, რომელსაც ხელს აწერს კასატორის – ლ. ა-ის შვილი – ნ-ი, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2008 წლის 14 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.