Facebook Twitter

¹ბს-21-21(კ-08) 12 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა კომერციული ფირმა ,,...-ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 21 სექტემბერს კომერციულმა ფირმა ,,...-მ” სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მთავრობის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹244 დადგენილების, ქ. ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და 26 მაისის ქუჩებს შორის, ზღვისპირა პარკში არსებული 8700 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მის მოპირდაპირედ, ზღვის საპლაჟო ზოლში, ¹29 სექტორზე 100 გრძ.მ-დან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობაში 49-წლიანი იჯარით განკარგვაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ და ამავე დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის პირობების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით კომერციული ფირმა ,,...-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კომერციულმა ფირმა ,,...-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კომერციული ფირმა ,,...-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა კომერციულმა ფირმა ,,...-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კომერციული ფირმა ,,...-ს” საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით კომერციული ფირმა ,,...-ს” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთოდა საკასაციო საჩივარზე ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, კომერციულ ფირმა ,,...-ს” დაევალა წარმოედგინა სათანადო წესით გაცემული რწმუნებულება, სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება კასატორს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ 2008 წლის 22 იანვარს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ კომერციულ ფირმა ,,...-ს” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 31 იანვარს, ხოლო კომერციული ფირმა ,,...-ს” წარმომადგენელ რ. ფ.-ს – 2008 წლის 1 თებერვალს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კომერციულ ფირმა ,,...-ს” ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 11 თებერვლის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო წარმომადგენელს – 12 თებერვლის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ მათ მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კომერციული ფირმა ,,...-ს” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კომერციული ფირმა ,,...-ს” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.