საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-212-201(კ-07) 23 აპრილი, 2007წ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდმა” 2006 წლის 24 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის წინაღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 20 იანვრის ¹05/18 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მათ მიერ წარდგენილი დღგ-ის გადახდის დეკლარაციების მიღება და ზედმეტად გადახდილი დღგ-ის უკან დაბრუნება (ს.ფ. 2-5).
2006 წლის 7 თებერვალს არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდმა” დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოითხოვა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 20 იანვრის ¹05/18 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მათ მიერ წარდგენილი დღგ-ის, მოგების, საგზაო და სამეწარმეო გადასახადის გადახდის დეკლარაციების მიღება და ზედმეტად გადახდილი დღგ-ის უკან დაბრუნება (ს.ფ. 18).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 48-51).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდმა,” რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 54-56).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (ს.ფ. 107-115).
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდმა,” რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 126-132).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის 2 ასლისა და 14558,25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2007 წლის 12 აპრილს არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდმა” წარმოადგინა საკასაციო საჩივრის 2 ასლი და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. კასატორმა განმარტა, რომ დავის საგანი არაქონებრივ-სამართლებრივია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად მათ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად და მხარეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შემდეგ გარემოებათა გამო:
არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდს” ხარვეზის შევსების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 30 მარტს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხარვეზის შევსების ათდღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს _ 31 მარტს და დასრულდა 10 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი. კასატორმა კი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება წარმოადგინა მხოლოდ 12 აპრილს _ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, მას ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მოუმართავს. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორმა სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაშინ როდესაც მას საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის განჩინებით 14558,25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა და, ამდენად, კასატორს საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილი მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლებისა და 185-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე მუხლით და
Dდ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდის” საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო;
2. არასამეწარმეო ორგანიზაცია “ა-ის ხ. ფონდს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სახელმწიფო ხაზინის (კოდი: 220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით, მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.